მიმდინარე წლის 1 ივნისს „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: „საქსტატმა გამოაქვეყნა უმუშევრობის მაჩვენებლები და 20-დან 24 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა 30%-ია, ეს ის ხალხია, რომლებიც პირველად ეძებენ სამსახურს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მეთოდოლოგიის მიხედვით (რომელსაც იყენებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური), დასაქმებულად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე, ერთი საათი მაინც) შემოსავლის მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს, ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. უმუშევარი კი არის 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირა და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 235 100 უმუშევარი იყო, რაც სამუშაო ძალის (მუშაობის უნარის და სურვილის მქონე 15 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა) 11.8%-ს შეადგენდა.

საქსტატი უმუშევართა რაოდენობას ასაკობრივ ჭრილშიც აქვეყნებს. გრაფიკი 1-დან ჩანს, რომ უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე 15-19 წლის მოსახლეობაშია (31.9%), შემდეგ 20-24 (30%) და 25-29 (21.6%) ასაკის მოსახლეობა მოდის. უმუშევრობის დონე ასაკის მატების პარალელურად იკლებს და ყველაზე ნაკლები - 1.5%, 65 წლიდან ზემოთ მოსახლეობაშია. საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წლიდან, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წლიდან იწყება. შესაბამისად, ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საპენსიო ასაკის მქონე მოსახლეობაშია.

გრაფიკი 1: 

უმუშევრობის დონე ასაკობრივ ჭრილში 2016 წელს (%)

image001 წყარო: საქსტატი

რაოდენობრივად, ყველაზე მეტი უმუშევარი, ჯამში 37 000 ადამიანი, 20-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია.

20-

დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დონეც საკმაოდ მაღალია. საქსტატის მიხედვით, 57.6%-ია ის ნაწილი, რომელსაც შრომის უნარი და სურვილი აქვს.

საქართველოში ახალგაზრდა 17-18 წლის ასაკში ამთავრებს სკოლას და უმეტესობა აგრძელებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას, ხოლო საბაკალავრო სწავლება 4 წელიწადს გრძელდება. საქსტატის მიხედვით, 2016-2017 წლებში სტუდენტთა რიცხოვნობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 20-21 წლის ასაკობრივ ჯგუფშია (ჯამში 48 286 ადამიანი). სავარაუდოა, რომ უნივერსიტეტის დამამთვრებელი კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები აქტიურად იწყებენ სამუშაოს ძებნას, რის გამოც ისინი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნაწილი ხდებიან, რომელთაგან დაახლოებით ყოველი მე-3 სამსახურს ვერ იწყებს.

20-

დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი 2009 წელს იყო - 39.9%, რაც ეკონომიკური კრიზისით იყო განპირობებული. 2010 წლიდან აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის კლების ტენდენციაა და მიუხედავად პრობლემის არსებობისა, 2016 წელს ბოლო ათი წლის მინიმუმს მიაღწია.

  გრაფიკი 2:

უმუშევრობის დონე 20-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, %

image003 წყარო: საქსტატი

რაც შეეხება უმუშევრობის და დასაქმების ზოგად მაჩვენებლებს (არა ასაკობრივ ჭრილში), 2016 წელს უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 7 000 კაცით, ასევე შემცირდა დასაქმებულების რაოდენობა 13 000 კაცით. უმუშევრობის პროცენტული დონე შემცირდა 0.2% პუნქტით. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა (სამუშაო ძალა) 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, 24 000 კაცით შემცირდა.

  ცხრილი 1: 

დასაქმება და უმუშევრობა (ათასი კაცი)

2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016
სამუშაო ძალა 1918 1992 1945 1959 2029 2004 1991 2022 1998
დასაქმებული 1602 1656 1628 1664 1724 1712 1745 1780 1763
უმუშევარი 316 336 317 295 305 292 246 242 235
უმუშევრობის დონე, % 16.5 16.9 16.3 15.1 15 14.6 12.4 12 11.8
წყარო: საქსტატი  

დასკვნა

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში უმუშევარი იყო 235 100 ადამიანი, აქედან 20-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევართა ყველაზე დიდი რაოდენობა - ჯამში 37 000 ადამიანი იყო. 20-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი 30%-ია. თუმცა, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენციაა და ბოლო 10 წლის მინიმუმზეა.

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ უმუშევრობა არასაპენსიო ასაკის მოსახლეობაში უფრო დიდი პრობლემაა, რადგან ახალგაზრდები მეტი შრომისუნარიანობით და დასაქმების სურვილით გამოირჩევიან.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი