ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკოლოზ გაგუას განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე:

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები და კვლევითი ინსტიტუტები მთავრობის ზომის შეფასებისას ორ ძირითად ინდიკატორს იყენებენ - მშპ-ში მთავრობის მთლიანი ხარჯების წილი და საჯარო სექტორის დასაქმების მაჩვენებელი. მთავრობის ზომის შეფასებისას აღნიშნული ინდიკატორები, როგორც წესი, ერთობლივად გამოიყენება, რაც მიუთითებს, რომ მთავრობის ზომა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ურთიერთკავშირშია. ამდენად, მთავრობის ზომის შესამცირებლად, მხოლოდ შრომის ანაზღაურების შემცირება საკმარისი არ არის.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურების მშპ-სთან მიმართებაში 3.9%-იანი ზღვრის დაწესებას - ეს არ იწვევს ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების აბსოლუტური მაჩვენებლების შემცირების საჭიროებას, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჯარო სექტორში ხელფასების შემცირებას, რადგან ამ დროისთვის არსებული შრომის ანაზღაურების მოცულობა (1 710 მლნ ლარი) 2019 წლის მშპ-ს საპროგნოზო მოცულობის ზუსტად 3.9%-ია. მეტიც, თუ საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გაიზრდება (რაც წინასწარი მონაცემებით სრულიად შესაძლებელია), ხელისუფლებას შრომის ანაზღაურების მოცულობის ზრდის შესაძლებლობაც კი ექნება ისე, რომ მშპ-ს 3.9%-ს არ გადააჭარბოს.

ანალიზი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ, „მცირე ზომის მთავრობის კონცეფციაზე“ ისაუბრა.

 მისი თქმით, მთავრობის ზომის სწორი საზომი შრომის ანაზღაურების მშპ-სთან შეფარდებაა. „როცა ვსაუბრობთ მცირე მთავრობის კონცეფციაზე, ამის სწორი გამზომველი ინდიკატორი არის ხელფასების ფარდობა მშპ-სთან. ეს მაჩვენებელი გასულ წელს გვქონდა 4.5%-ზე მეტი და წელს გვაქვს დაახლოებით 4.3%, ხოლო 2019 წელს დაგეგმილია მისი შემცირება - 3.9%-მდე. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 160 მილიონი ლარით შემცირებასთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა გაგუამ.

მთავრობის ზომის შეფასების რამდენიმე ინდიკატორი არსებობს, რომელიც ეფუძნება ნაერთი ბიუჯეტის კონსოლიდირებული მაჩვენებლების მშპ-სთან შეფარდებას. საერთაშორისო ორგანიზაციები მთავრობის ზომის შესაფასებლად რამდენიმე ინდიკატორს ერთდროულად იყენებენ (International Monetary Fund, Fraser Institute, OECD).

მათ შორის, ძირითად ინდიკატორად მიჩნეულია მთლიანი ხარჯების წილი მშპ-ში, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება. მთავრობის მთლიანი ხარჯები ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელებია, რომლიც მოიცავს სახელმწიფოს (ცენტრალური), ავტონომიური რესპუბლიკის და თვითმმართველი ერთეულის გადასახდელებს და წარმოადგენს ყველა დონის მთავრობის მიერ საჯარო საქონლისა და მომსახურების წარმოების დანახარჯებს. მეორე ინდიკატორი კი საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას უკავშირდება და არა მათი შრომის ანაზღაურების მოცულობას, რადგან მსგავს ხარჯებს გადასახდელები ისედაც მოიცავს. როგორც  აღვნიშნეთ, მთავრობის ზომის შესაფასებლად რამდენიმე ინდიკატორი ერთდროულად გამოიყენება და ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებული ხელფასების ფარდობა მთავრობის ზომისა და მასშტაბის შესაფასებლად არარელევანტურია.

2017

წლის წინასწარი მონაცემებით, მთავრობის ზომა (მთლიანი გადასახდელები) მშპ-ს 34.6%-ია, რაც უტოლდება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბოლო წლების მანძილზე, მთავრობის ზომა ყველაზე დაბალი 2013 წელს იყო და 29.3%-ს შეადგენდა. 2014-2018 წლებში კი, მეტ-ნაკლებად სტაბილურია და საშუალოდ 34.4%-ის ნიშნულზე ნარჩუნდება.

  გრაფიკი 1:

ნაერთი ბიუჯეტის მაჩვენებლების წილი მშპ-სთან (%)

image001 წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ფინანსთა სამინისტრო

ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ცვლილების ტენდენციას გრაფიკი 2 ასახავს. 2018 წლის ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ხარჯების გეგმა 1 710 მლნ ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის მშპ-ს საპროგნოზო მოცულობის 4.2%-ია. თუ 2019 წელს არ განხორციელდა შრომის ანაზღაურების მოცულობის ზრდა და ის, მსგავსად მიმდინარე წლისა, 1 710 მლნ ლარით დაიგეგმა, მშპ-ს საპროგნოზო მოცულობის ზუსტად 3.9% ისედაც იქნება, ხოლო 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი 3.6%-მდე შემცირდება. შესაბამისად, ხელისუფლება საკუთარ თავს უწესებს მიზანს, რომელიც პრაქტიკულად უკვე მიღწეულია და მის შესასრულებლად დამატებითი ქმედების განხორციელების აუცილებლობა არ არსებობს. ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის არსებულ მაჩვენებელს, ნომინალური მშპ-ს მოცულობა გაცილებით მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს პროგნოზირებული იყო ბიუჯეტის მომზადებისას. შესაბამისად, ხელისუფლებას არათუ მოუწევს ზრუნვა შრომის ანაზღაურების შემცირების მისაღწევად, არამედ ექნება შესაძლებლობა შრომის ანაზღაურების აბსოლუტური მოცულობა გაზარდოს, მშპ-ს 3.9%-იანი ნიშნულის გადაჭარბების გარეშე.

გრაფიკი 2: მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელი და ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ოდენობა (დაშვება[1]) image002 წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ფინანსთა სამინისტრო

თავის მხრივ, ორივე ინდიკატორი - გადასახდელების მშპ-სთან ფარდობა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ერთმანეთთან დაკავშირებულია. ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობა საბიუჯეტო პროგრამების მასშტაბებსა და დაფინანსებაზეა დამოკიდებული, ხოლო გადასახდელების მოცულობის შემცირება სამთავრობო პროგრამის შემცირებას მოიცავს. ამდენად, საჯარო საქონელი და მომსახურების მიწოდება მცირდება, რომლის წარმოებისთვის კერძო სექტორს მეტი სივრცე დარჩება. ამრიგად, სხვა თანაბარ პირობებში, ნაკლები საჯარო სერვისის მიწოდება, საჯარო დაწესებულებების მიერ, რომლებიც აღნიშნულ სერვისებს მოსახლეობას აწვდის, შედარებით ნაკლებ ადამიანურ რესურსს საჭიროებს. საბოლოოდ, როგორც წესი, ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების შემცირებამ საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება უნდა გამოიწვიოს.

როგორც სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მთავრობის ზომისა და მასშტაბის შეფასებისას, ერთ-ერთ ინდიკატორად საჯარო სექტორში დასაქმების მაჩვენებლებს იყენებს. აღნიშნული ინდიკატორი სამ ფარდობით მონაცემს გულისხმობს. ესენია: საჯარო სექტორში დასაქმებულთა შეფარდება მთლიან დასაქმებასთან, კერძო სექტორში დასაქმებულთა მაჩვენებელთან და ქვეყნის მთლიან მოსახლეობასთან. სამივე საზომის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ფარდობითი მაჩვენებლები, 2017 წლის მდგომარეობით, გაზრდილია და საერთო ჯამში, 2013 წელს დაფიქსირებული გამოკვეთილი კლების შემდგომ,  ამ მხრივ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. გარდა ამისა, გაზრდილია (2013 წლის შემდეგ) საჯარო სექტორში დასაქმებულთა აბსოლუტური რაოდენობაც და 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.9 დასაქმებულით მეტია.

  გრაფიკი 3: 2007-2017

წლებში დასაქმების მაჩვენებლები

image003 წყარო:

სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დამატებითი ინფორმაცია ნაერთი ბიუჯეტის მაჩვენებლებისა და დასაქმების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

[1] 2018 წლის ბიუჯეტში ნომინალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 8.2%-ია, ხოლო 2019-2020 წლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი - 8.2-8.7%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წელს, I კვარტალში არსებული ზრდის მაჩვენებლის გათვალისწინებით, ნომინალური მშპ-ს მოცულობა უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე დაგეგმილია.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი