იტვირთება

21 სექტემბერს „ევროპელი დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ხარატიშვილმა, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის აზერბაიჯანელ მოსახლეობათან შეხვედრა გამართა და ადგილობრივებს საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო. მან განაცხადა, რომ ნახიდურში სოფლის მეურნეობის ვაუჩერები 600–ზე მეტ ოჯახს არ შეხვდა და აღნიშნა, რომ მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტეტი, სოფლის მეურნეობა იქნება.

ფაქტ–მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად „მცირე მიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროექტი 2013 წლის 15 თებერვალს დაიწყო ქვემო ქართლის რაიონიდან და ეტაპობრივად გაგრძელდა საქართველოს დანარჩენ რეგიონებზე. პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობის მესაკუთრე ფერმერები. პროექტის თანახმად, სულ 710,385 ათასი ფერმერის კატეგორიზაცია მოხდა მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობისა და დანიშნულების მიხედვით. პირველ ჯგუფში შევიდნენ ფერმერები, რომლებიც 0.25 ჰექტარზე მცირე ფართობის მქონე მიწას ფლობდნენ და რომელთა ნაკვეთებშიც ვერ ხერხდება ტექნიკის შესვლა. მათ 100 ლარის ღირებულების ნომინალური ბარათი მიიღეს შესაბამისი ინვენტარისა და ტექნიკის შესაძენად. მეორე, ყველაზე დიდ სამიზნე ჯგუფში მოხვდნენ ფერმერები, რომლებიც 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-მდე სიდიდის სახნავ-სათეს მიწის ნაკვეთს ფლობდნენ. მათ კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათი მიიღეს, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგებოდა: ნიადაგის ხვნა, ხნულის დადისკვა/გაფხვიერება და 300 ლარის ღირებულების ნომინალური ბარათი სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის შესაძენად (1 ჰა-ზე გადაანგარიშებით). ამავე ფართობის მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერებმა 1 ჰა-ზე 510 ლარის ღირებულების ნომინალური ვაუჩერი მიიღეს. 1.25 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მფლობელებმა 640 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათი მიიღეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ, პროგრამა 24 ივნისს, სოფელ ვარიანში შეაჯამა. მისი განცხადებით, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ბარათები გაიცა 710 ათასამდე ბენეფიციარზე, დამუშავდა 192,568 ჰა და მცირემიწიანმა ფერმერებმა უსასყიდლოდ მიიღეს სხვადასხვა სახის ქიმიკატები. მთლიანობაში, პროექტის ფარგლებში დაიხარჯა 195 მილიონ ლარზე მეტი.

ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ამ პროექტის მიმართ განსაკუთრებული უკმაყოფილება ბოლნისის აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ გამოთქვა, ვინაიდან, 600 ოჯახზე მეტი დარჩა სასოფლო სამეურნეო ბარათის გარეშე. ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართეთ და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერების დარიგების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.

სოფლის მეურნეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად გაირკვა, რომ „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, ბოლნისის რაიონში, 14,889 ბენეფიციარზე იგეგმებოდა სასოფლო-სამეურნეო ბარათის გაცემა, თუმცა, სიების შედგენის პროცესში ვერ მოხერხდა 247 ბენეფიციარზე ინფორმაციის მოძიება. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათი სულ 14,642–მა ბენეფიციარმა მიიღო. „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროექტი დასრულდა და, შესაბამისად, ისინი ვინც სიაში ვერ მოხვდნენ, ბარათებს ვეღარ მიიღებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, ირკვევა, რომ 2012 წლის ნოემბერში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის და გამგებლის სახელზე გადაიგზავნა ოფიციალური წერილები შესაბამისი ფორმებით, რათა მათ 2012 წლის 10 დეკემბრამდე მიეწოდებინათ ხელნაწერის სახით ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში არსებული მიწის ნაკვეთებისა და მოსარგებლეების შესახებ. 2013 წლის იანვარში დასრულდა მონაცემთა დამუშავება, შეიქმნა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელმაც დამატებითი კორექტირება და მონაცემთა დაზუსტება მოითხოვა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მონაცემთა დაზუსტების მიზნით, მუნიციპალიტეტებს ერთიანი ბაზების ელექტრონული ვერსიები გადაუგზავნა, რათა მათ კიდევ ერთხელ დაეზუსტებინათ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა პირადი მონაცემები. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული დაზუსტებული, ძირითადი სიები, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, შემდგომი დაზუსტების მიზნით (მიწის მესაკუთრეთა პირადი მონაცემების სიზუსტის ოფიციალურად დასადასტურებლად), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაუგზავნა. მუნიციპალიტეტებმა პარალელურად იმ ბენეფიციართა დამეტებითი სია შეადგინეს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო (არასწორი პირადი ნომერი, არასწორი სახელი და გვარი, პატიმარი, გარდაცვლილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, უკვე მიღებული აქვს ბარათი, 5 ჰა–ზე მეტი მიწის მესაკუთრე და მოსარგებლე და ა.შ) ძირითად სიებში მოხვედრა ვერ მოახერხეს. სახელმწიფო სერვისების სააგენტომ კიდევ რამდენჯერმე გადაამოწმა ძირითადი და დამატებითი სიების მონაცემთა სიზუსტე, თუმცა ვადის ამოწურვის გამო, პრობლემატური ბენეფიციარებისათვის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერების დაბეჭვდა ვერ მოხერხდა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ხარატიშვილს. მისი ინფორმაციით, ბოლნისის რაიონ სოფელ ნახიდურში, დაახლოებით 1200 კომლი ცხოვრობს. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, 600 ოჯახზე მეტს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ბარათი არ მიუღია, ხოლო ნაწილმა, მართალია მიიღო, თუმცა ვერ გაანაღდა. ზურაბ ხარატიშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ ვერ მოახერხეს მათ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერების მიღება.

ფაქტ-მეტრი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ალექსანდრა ობოლაძეს, დაუკავშირდა. მისი განცხადებით, სოფელ ნახიდურში 2781 კომლი ცხოვრობს. „მცირე მიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერი სოფელ ნახიდურში სულ 1954–მა ოჯახმა მიიღო. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მიმდინარეობს გამოიძიებაც, თუმცა, როგორც მისთვის არის ცნობილი, ნახიდურში რეგისტრირებული ოჯახების გარკვეულმა რაოდენობამ შეიცვალა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, რაც ასევე შეიძლება იყოს აღნიშნული ცდომილების ერთ-ერთი მიზეზი.

დასკვნა

„ევროპელი დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადება, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში 600 ოჯახზე მეტს არ შეხვდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერი, არსებულ რეალობას ასახავს. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ადასტურებენ „მცირე მიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროექტით გათვალისწინებულ და რეალურად დარიგებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერებს შორის ცდომილებას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცდომილება 247 ბენეფიციარს შეადგენს. თუმცა, ბოლნისის გამგებელთან საუბრიდან ირკვევა, რომ სოფელ ნახიდურში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერი არ გაიცა დაახლოებით 827 ბენეფიციარზე. გამგებლის განცხადებით, ამ ფაქტზე ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ ხარატიშვილის განცხადება, რომ სოფელ ნახიდურში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერი არ შეხვდა 600–ზე მეტ ოჯახს, არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი