2013 წლის 5 სექტემბერს, პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: “ესპანეთში, მხოლოდ ერთი თვითმკვლელობის ფაქტის გამო, როდესაც ესპანელმა ქალბატონმა გამოსახლების დროს თავი მოიკლა, ბანკებმა საგანგებოდ იმსჯელეს და ბანკების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ესპანეთის ყველა ბანკმა გამოსახლებების პროცესი 2 წლით გააჩერა და მევალეებს დავალიანების გადახდა ამავე ვადით გადაუვადა”.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პრეზიდენტობის კანდიდატის ამ განცხადებით და ის გადაამოწმა.
ესპანური ინტერნეტ-გამოცემა El Pais-ის ცნობით, 2012 წლის 9 ნოემბერს, ესპანეთში, ბასკურ ქალაქ ბარაკალდოში [მდებარეობს ბილბაოს ჩრდილო-დასავლეთით], 53 წლის ქალბატონმა, ამაია ეგანამ, თვითმკვლელობა ჩაიდინა. იგი მეოთხე სართულის აივნიდან მას შემდეგ გადმოხტა, რაც მის ბინას სასამართლოს მანდატურები მიადგნენ მის გამოსასახლებლად, იპოთეკური სესხის ვერ გადახდის გამო. ეგანა ცოცხალი იპოვეს, თუმცა ექიმებს მისი გადარჩენის აღარანაირი შანსი არ ჰქონდათ.
ეგანასა და მისი ქმრის საწყისი იპოთეკური სესხის ოდენობა თავდაპირველად 164 000 ევრო იყო (208 476 $), მაგრამ ამ თანხამ მალევე შეადგინა 213 000 ევრო (270 765 $), საპროცენტო განაკვეთისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამო. საბოლოოდ, ეგანასა და მისი მეუღლის სახლი 190 000 ევროდ აუქციონზე გაიყიდა (241 528 $).
თუმცა, ეგანას შემთხვევა არ ყოფილა ერთადერთი თვითმკვლელობა იპოთეკური სესხის გადახდის უუნარობის გამო. 2 კვირით ადრე, 25 ოქტომბერს, 53 წლის ჟოზე მიგელ დომინგომ თავი ჩამოიხრჩო გრანადაში, სანამ მას სასამართლოს წარმომადგენლები გამოასახლებდნენ. მან ვერ შეძლო 240 000 ევროს ოდენობის იპოთეკური სესხის პროცენტების დაფარვა.
ასევე, ერთი დღის შემდგომ, ვალენსიაში, მამაკაცი, რომლის სახელიც პრესაში არ გახმაურებულა, საკუთარი ბინის ფანჯრიდან მას შემდეგ გადმოხტა, როცა მის გამოსასახლებლად სასამართლოს მანდატურები მივიდნენ. თუმცა, მისი გადარჩენა მედიცინის მუშაკებმა შეძლეს.
ამაია ეგანას თვითმკვლელობა დასავლური პრესის შეფასებით სწორედ ის ჩალის ღერი აღმოჩნდა, რომელმაც აქლემს ზურგი გაუტეხა (A straw that broke the camel’s back – (გადატ. მოვლენა რომელიც უკანასკნელია უსიამოვნო მოვლენათა შორის და რომლის შემდეგაც საზოგადოება ხვდება, რომ მეტის შეგუება უსიამოვნო მოვლენებთან აღარ შეუძლია). ასობით ადამიანი გამოვიდა მადრიდის, ბარაკალდოსა და ესპანეთის სხვა ქალაქების ქუჩებში, რათა ბანკების მიერ უმუშევარი ხალხისა და ევროზონის კრიზისის შედეგად დაზარალებულთა სახლებიდან გამოსახლება გაეპროტესტებინა.
ეკონომიკური ვითარება ესპანეთში
ესპანურ ბანკებს, რომლებიც უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდნენ რეცესიის დროს, რეცესიამდე პერიოდში სესხების უპასუხისმგებლოდ გაცემა დაბრალდათ. თუმცა, ესპანური ბანკების კონფედერაციამ (CECA) უარყო ბრალდება, რომ ბანკებმა 2008 წლამდე უპასუხისმგებლოდ გასცეს სესხები. კონფედერაციის განცხადებით, სესხები გაიცა იმ დროს, როდესაც ესპანეთი ეკონომიკური აღმავლობის [ბუმის] პერიოდში იყო; როდესაც კრედიტის აღება ადვილი იყო და უმუშევრობის დონე კი - მართლაც დაბალი. ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში ასობით ათასი ახალი სახლი იქნა აგებული და ჩანდა, თითქოს ყველას შეეძლო გამხდარიყო სახლის მეპატრონე. თუმცა, ესპანეთის ეკონომიკური აღმავლობა [ბუმი] დასრულდა 2008 წელს და იგი რეცესიამ ჩაანაცვლა. ბანკებს შერჩათ უზარმაზარი ვალები ცუდი [აქტივების] იპოთეკური სესხების ქონის გამო. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შენელდა და უმუშევრობა გაიზარდა.
ესპანეთის ეკონომიკა, რომელიც სიდიდით მეოთხეა ევროზონის ქვეყნებს შორის, დიდ კრიზისში აღმოჩნდა, რომელმაც ქვეყანაში რამდენიმე მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია. 26 ოქტომბერს, ესპანეთის ეროვნული სტატისტიკური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყნის უმუშევრობის დონემ 25.02% შეადგინა 2012 წლის მესამე კვარტალში, მაშინ, როდესაც 2008 წლის დასაწყისში, ესპანეთში უმუშევრობის დონე, ერთერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზე [8.6%] იმყოფებოდა ესპანეთის ისტორიის განმავლობაში (ესპანეთის სამუშაო ძალა იმ დროისთვის დაახლოებით 23 მილიონ ადამიანს შეადგენდა). ესპანეთის ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მეტად შეეხო ახალგაზრდა ესპანურ ოჯახებსა და იმიგრანტებს. 25 წელს ქვემოთ მყოფი ადამიანების უმუშევრობის დონემ კი 50%-ზე მეტი შეადგინა.
ესპანეთის ცენტრალური სასამართლო ხელისუფლების ცნობით, 2008 წლიდან მოყოლებული, ბანკებმა, დღემდე 150 000-ზე მეტი ქონება დაიბრუნეს. თუმცა, ესპანური გამოცემა EL PAIS-ის მიხედვით კი, გამოსახლებულთა რაოდენობა დაახლოებით 400 000 შეიძლება იყოს. ამასთანავე, CECA-ს განცხადებით [უკვე 2012 წლის მდგომარეობით, როდესაც თვითმკვლელობა მოხდა], იპოთეკური სესხის მქონე მოსახლეობის 97.5% იხდის პროცენტს იპოთეკაზე, რაც იმას ნიშნავს რომ კრიზისის ფონზე გადამხდელთა რაოდენობა მაინც მაღალია. თუმცა, ესპანურ ბანკთა კონფედერაციის ეს განცხადება სულაც არ მიუთითებს სესხის გადამხდელთა კარგ ფინანსური მდგომარეობაზე. სესხის მძიმე ტვირთმა და ორმა თვითმკვლელობამ მოსახლეობა აიძულა საპროტესტო აქციები წამოეწყოთ.
ესპანეთის მთავრობამ ესპანური ბანკების ფინანსური დახმარებისთვის ევროზონის ქვეყნებს მიმართა. ესპანეთს, ევრო ზონის ქვეყნებმა საბანკო სექტორის გადასარჩენად 100 მლრდ. ევროს დახმარება შეთავაზეს [ეს დახმარება გამოყოფილია მთავრობისთვის და არა უშუალოდ ბანკებისთვის]. ამ დროისთვის, ესპანეთის ბანკებს ჯერ მხოლოდ 41 მლრდ. ევრო აქვთ მიღებული შეთავაზებული 100 მლრდ. ევროდან.
მორატორიუმი
ესპანეთის საბანკო ასოციაციის (AEB) განცხადებით, ის ესპანელები რომლებიც ეკონომიკური კრიზისის გამო უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე არიან და იპოთეკური სესხის დაფარვა არ შეუძლიათ, სახლებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში არ იქნებიან გამოსახლებულნი. ეს განცხადება ამაია ეგანას თვითმკვლელობიდან 3 დღის შემდეგ გაკეთდა.
თუმცა, როგორც Wall Street Journal წერს, ყველა ოჯახს ეს მორატორიუმი არ შეეხება. მორატორიუმი მხოლოდ იმ ოჯახებს შეეხებათ, რომლის წევრებმაც უმუშევრობის დახმარება დაკარგეს, ან უნარშეზღუდულნი, ან ძალიან ავად, ან ძალიან მოხუცებულნი არიან. იმისთვის, რომ ოჯახს მორატორიუმი შეეხოს, უმუშევრობა განმსაზღვრელი ფაქტორი არ იქნება. Wall Street Journal განცხადებით, იმისათვის რომ ოჯახს მორატორიუმი შეეხოს, მას უნდა ჰქონდეს 19,200 ევროზე [24,450 $-ზე] ნაკლები წლიური შემოსავალი. ამასთანავე, არის სხვა კრიტერიუმებიც. მაგალითად, მარტოხელა მშობელს, ორი შვილით, მორატორიუმი ეხება, ხოლო თუ წყვილს ჰყავს ორი შვილი, არა.
დასკვნა
ფაქტის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნინო ბურჯანაძის განცხადება ნამდვილად ემყარება რეალურ ფაქტებს. ესპანეთში მომხდარი 2 თვითმკვლელობა საპროტესტო მუხტის ბიძგის მიმცემი გახდა, რომელმაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყანა მოიცვა და შედეგად ბანკებიც გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ.
ესპანეთში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა სიტუაციამ და ევროზონის კრიზისმა უდავოდ დიდი როლი ითამაშა ბანკების მიერ მორატორიუმზე გადაწყვეტილების მიღებაში. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ესპანეთის მთავრობამ ევროზონიდან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება მიიღო, რამაც ესპანურ ბანკებს სიტუაცია მნიშვნელოვნად შეურბილა და გარკვეულ კომპრომისზე წასვლის საშუალებაც მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება რეალურ ფაქტებს ემყარება, მასში გამორჩენილია რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, კერძოდ, ეკონომიკური კრიზისისა და მთავრობის მიერ საბანკო სექტორისთვის დახმარების მომენტი. ასევე, გამოტოვებულია ის ფაქტიც, რომ მორატორიუმი არ ყოფილა საყოველთაო და ეხებოდა მხოლოდ გარკვეული კრიტერიუმების მქონე ოჯახებს.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ნინო ბურჯანაძის განცხადება: „ესპანეთში, მხოლოდ ერთი თვითმკვლელობის ფაქტის გამო, როდესაც ესპანელმა ქალბატონმა გამოსახლების დროს თავი მოიკლა, ბანკებმა საგანგებოდ იმსჯელეს და ბანკების ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ესპანეთის ყველა ბანკმა გამოსახლებების პროცესი 2 წლით გააჩერა და მევალეებს დავალიანების გადახდა ამავე ვადით გადაუვადა”, არის მეტწილად სიმართლე.