2013 წლის 18 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ვახტანგ ხმალაძემ, 2010 წლის 15 ოქტომბერს მიღებულ კონსტიტუციური კანონის  811

მუხლის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით საუბრისას, განაცხადა: „ისეთი შესაძლებლობაც კი ჩნდება, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი იქცეს კანონად, პარლამენტის მიერ კენჭისყრის გარეშეც კი“.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით, 811

მუხლის აღნიშნული რედაქცია, რომელიც ძალაში 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შესულიყო, პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტიდან უკვე ამოიღო. თუმცა, ფაქტ-მეტრმა საკითხის სამართლებრივი მნიშვნელობიდან და რეზონანსულობიდან გამომდინარე, გადაწყვიტა შეემოწმებინა, რამდენად შეესაბამება ვახტანგ ხმალაძის განცხადება სიმართლეს და რამდენად რეალური და კომპლექსური იყო ის საფრთხეები, რაზეც ვახტანგ ხმალაძე საუბრობდა.

საქართველოს კონსტიტუციის 48-

ე მუხლით, საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციურად აქვს გარანტირებული საკანონმდებლო ხელისუფლება. კონსტიტუციის 66-ე მუხლი კი კონკრეტულად განსაზღვრავს პარლამენტის მიერ კანონპროექტის, ან დადგენილების მიღებისა თუ დამტკიცების წესს. იგულისხმება კონკრეტული ნორმატიული აქტის პარლამენტში კენჭისყრის გზით განხილვა.

კონსტიტუციის 67-ე მუხლის ახალი რედაქციის მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 30000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის პროექტიდან უკვე ამოღებული, 811 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პრემიერ მინისტრი უფლებამოსილი იყო მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის წინაშე დაესვა მთავრობის ნდობის საკითხი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი კენჭს უყრიდა 14 დღის ვადაში. გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენდა მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ კანონპროექტი მიღებული არ იქნებოდა, ეს ითვლებოდა პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებად. 811

მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ პარლამენტი კონსტიტუციის 81-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადებში უნდობლობას არ გამოუცხადებდა მთავრობას, კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლებოდა. სწორედ ამ შესაძლებლობაზე საუბრობს ვახტანგ ხმალაძე. თუ პარლამენტი ვერ შეძლებდა კონსტიტუციის 81-ე მუხლის ახალი რედაქციის მიხედვით გათვალისწინებული უნდობლობის საკმაოდ რთული პროცედურის განხორციელებას, მაშინ აღნიშნული კანონპროექტი, კენჭისყრის გარეშე, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის ვერგამოცხადების, ან არგამოცხადების შედეგად შევიდოდა ძალაში.

კონსტიტუციის 81-ე მუხლში მოცემულია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ორ მეხუთედს უფლება აქვს წარადგინოს უნდობლობის გამოცხადების საკითხი. საკითხის წარდგენიდან, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 25 დღისა, პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს პრეზიდენტის წინაშე პრემიერ-მინისტრობის ერთი (ან ორი) ახალი კანდიდატის წარდგენას, ხოლო წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში, პრეზიდენტი ღებულობს გადაწყვეტილებას ოფიციალურად დაასახელოს კანდიდატი, ან უარი განაცხადოს კანდიდატ(ებ)ზე. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი უარს განაცხადებს კანდიდატის დანიშვნაზე, პარლამენტი უფლებამოსილია კანდიდატურის წარდგენიდან არაუადრეს 15 და არაუგვიანეს 20 დღისა, სულ მცირე სამი მეხუთედით კენჭი უყაროს იმავე კანდიდატ(ებ)ის წარდგენას, რა შემთხვევაშიც, პრეზიდენტი ვალდებულია დანიშნოს მისი (ან ორი კანდიდატის შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანის) კანდიდატურა.

ამავე 81-ე მუხლის ახალი რედაქციის მე-6 პუნქტის მიხედვით, „მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტი უფლებამოსილია 3 დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

საინტერესოა, როგორ აფასებს ევროპის კომისია დემოკრატიისთვის კანონის გზით (ვენეციის კომისია) საქართველოს კონსტიტუციაში პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას. ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში, საკონსტიტუციო კანონპროექტის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების და ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით (

CDL(2010)028), აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ხანგრძლივი და რთული პროცედურაა. დასკვნაში ვკითხულობთ: „უნდობლობის საკითხის აღძვრასთან დაკავშირებული წესები თავიდან უნდა იყოს განხილული და გადახედილი. იქ, როგორც ჩანს, არ არის არანაირი საჭიროება ინიციატივის კენჭისყრისა, რომ დაწყებული იყოს უნდობლობის გამოცხადების პროცედურა; უნდა იყოს მხოლოდ ერთი კენჭისყრა. მოთხოვნა, რომელსაც აწესებს 81-ე მუხლის მე-4 პუნქტი (მეორე შეთავაზება პარლამენტის მიერ იმავე კანდიდატისა ხმათა სამი მეხუთედით) არ ჯდება უფლებამოსილებათა განაწილების ზოგად გეგმაში. არ არის ლოგიკური მოითხოვო პარლამენტის წევრთა ხმათა სამი მეხუთედი იმისთვის, რომ დაძლიო პრეზიდენტის ვეტო, რომელიც არის დადებული უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე. ეს აძლევს ძალიან დიდ ძალაუფლებას პრეზიდენტს და აკნინებს არა მხოლოდ პარლამენტის ძალაუფლებას, არამედ პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც, რაც უნდა იყოს ახალი სისტემის ქვაკუთხედი“.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დამოკიდებულებას კონსტიტუციიდან ამოღებულ 811

მუხლთან მიმართებაში, საბოლოო დასკვნაში ვკითხულობთ: „პარლამენტის უარი მთავრობისთვის ნდობის განცხადებასთან დაკავშირებით ხელს უწყობს 81-ე მუხლში გათვალისწინებული კონსტრუქციული ნდობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას. წინამდებარე კონტექსტში, პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლები, ეჩეხება რა დაშლის საფრთხეს, შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“.

როგორც ვხედავთ, ვენეციის კომისია უნდობლობის პროცედურას აფასებს, როგორც „რთულს“ და „ხანგრძლივს“. 811 მუხლთან მიმართებაში კი, მკაფიოდ აფიქსირებს, რომ აღნიშნული ნორმა აკნინებს და საფრთხეს უქმნის პარლამენტის ძალაუფლებას. საბოლოო ჯამში, 811 მუხლთან მიმართებაში, უნდობლობის პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, ან პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, იკვეთებოდა ორი ძირითადი მომენტი: ა) პარლამენტის მიერ კენჭისყრის გარეშე კანონპროექტის ძალაში შესვლის შესაძლებლობა და ბ) პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა. სწორედ აღნიშნულ მომენტებზე საუბრობდა ვახტანგ ხმალაძე, როდესაც 811

მუხლის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით განაცხადა: 1) „მთავრობას შესაძლებლობა ექნება ფაქტობრივად ჩამოართვას პარლამენტს საკანონმდებლო უფლებამოსილება“ და 2) „მთავრობას შესაძლებლობა ექნება აიძულოს პარლამენტი მიიღოს ის კანონები, რომელთა მიღებაც პარლამენტს არ სურს, პარლამენტის დათხოვნის მუქარით“.

დასკვნა 2010 წლის 15 ოქტომბერს მიღებულ კონსტიტუციური კანონში ჩამოყალიბებული კონსტიტუციის 81მუხლის მიხედვით, ჩნდებოდა თეორიული შესაძლებლობა, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პარლამენტის მიერ არ მიღება ჩათვლილიყო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებად, ხოლო, თუ პარლამენტი დადგენილი წესით არ დაამტკიცებდა მთავრობის ახალ შემადგენლობას, კანონპროექტი ავტომატურად შევიდოდა ძალაში. აღნიშნული ნორმა შეიძლება შეფასდეს როგორც პარლამენტის საკანონმდებლო უფლებამოსილების შეზღუდვის, ასევე  მთავრობის მიერ პარლამენტის ერთგვარი იძულების მექანიზმი. შესაბამისად, ვახტანგ ხმალაძის განცხადება, რომ „ისეთი შესაძლებლობაც კი ჩნდება, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი იქცეს კანონად, პარლამენტის მიერ კენჭისყრის გარეშეც კი“, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5673 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია