იტვირთება

პრეზიდენტობის კანდიდატის, პარლამენტარ კობა დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ნარკოტიკის მომხმარებლის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის მიზანი აქამდე იყო ნარკოტიკის მომხმარებლის დასჯა, იმ მოტივით, რომ სასჯელი მათ ნარკოტიკების მოხმარებაზე უარს ათქმევინებდა. თუმცა, მისი თქმით, ამ პოლიტიკამ არ გაამართლა, რადგან ნარკოტიკების მოხმარება სულ უფრო იზრდება.

კობა დავითაშვილს მომზადებული აქვს კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, სანქციები ნარკოტიკების მოხმარებაზე უნდა შემცირდეს და სახელმწიფოს მიდგომა ნარკომანიისადმი შეიცვალოს. 25 სექტემბერს ამ პროექტის საპარლამენტო სესიაზე განხილვისას, კობა დავითაშვილმა იმაზეც ისაუბრა, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ მთავრობის გაცხადებულმა მკაცრმა პოლიტიკამ არანაირი შედეგი არ გამოიღო და არათუ არ შემცირდა ნარკოტიკების უკანონო მოხმარება, არამედ სულ უფრო იზრდება და დამატებით პრობლემებს უქმნის ნარკოტიკების მომხმარებელთა ოჯახებს კანონით გათვალისწინებული ფულადი სანქციების გამო. ამიტომაც, ის გამოდის ინიციატივით, რომ შერბილდეს სანქციები და შეიცვალოს სახელმწიფოს პოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ. მისი ინიციატივის თანახმად, სახელმწიფომ ნარკოტიკების მომხმარებელს მკურნალობისკენ უნდა უბიძგოს იმით, რომ მკურნალობა ბიუჯეტიდან დაფინანსდეს. ეს ეხება მხოლოდ მომხმარებელს. ნარკოტიკების გამსაღებლის მიმართ კი, კობა დავითაშვილის აზრით, მკაცრი სანქციები უნდა შენარჩუნდეს.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა კობა დავითაშვილის ამ განცხადებით და გადაწყვიტა გადაემოწმებინა იზრდებოდა თუ არა ნარკოტიკების მოხმარება ბოლო წლების განმავლობაში.

ნარკოტიკების უკანონო მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. „სისხლის სამართლის კოდექსში“ ნარკოტიკულ დანაშაულს ცალკე თავი აქვს დათმობილი, სადაც ნარკოდანაშაულის კლასიფიკაციაა მოცემული. დანაშაულად ითვლება პირადი მოხმარება, ტარება, შენახვა, გადაზიდვა, მოყვანა, კულტივირება, ქვეყანაში შემოტანა. დანაშაულის კლასიფიცირება კი ხდება იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ნარკოტიკზეა საუბარი, დანაშაული ჩადენილია ერთი პირის მიერ თუ ჯგუფურად, დანაშაული ხდება პირველად, თუ განმეორებით და დანაშაულში მონაწილე არის თუ არა საჯარო სამსახურის თანამშრომელი და თანამდებობის პირი. შესაბამისად, სანქციები ამ კატეგორიების მიხედვით არის განსაზღვრული, დაწყებული ჯარიმით და გამასწორებელი სამუშაოთი, დასრულებული თავისუფლების უვადო აღკვეთით. სასჯელის უმეტესობა ნარკოტიკული დანაშაულებებისთვის 5-14 წლამდე მერყეობს.

ჩვენ ვერ შევძელით მოგვეპოვებინა ნარკოტიკების მომხმარებელთა საერთო რაოდენობის ოფიციალური სტატისტიკა. როგორც ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექსპერტი-ნარკოლოგი გელა ლეჟავა განმარტავს, სახელმწიფოს ოფიციალური ინფორმაცია არ გააჩნია, რადგან მომხმარებელთა უმეტესობა სხვადასხვა მიზეზის გამო ცდილობს, დამალოს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელია. ამასთან, სახელმწიფოს პოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ არ ითვალისწინებს მომხმარებელთა სრული რაოდენობის დადგენას. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის დასადგენად არანაირი პროგრამა არ განხორციელებულა. ერთი გზა იმის გასაგებად, იზრდება, თუ მცირდება ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, არის ნარკოლოგიური ცენტრებისთვის მიმართვიანობის სტატისტიკის გაანალიზება. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს მეთოდიც არ იძლევა სრულ სურათს. გელა ლეჟავას აზრით, ნარკოლოგიური ცენტრისთვის მიმართვიანობის დინამიკა ვერ შექმნის ნარკოტიკების მოხმარების დინამიკის სრულ სურათს, რადგან პაციენტების რაოდენობა პირდაპირ არის დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ სამკურნალოდ გამოყოფილ თანხებზე, რითაც განისაზღვრება, თუ რამდენი ადამიანი შეძლებს მკურნალობის ჩატარებას. ამასთან, ნარკოტიკების მომხმარებელთა უმეტესობა არ აღიარებს, რომ ის ნარკოტიკების მომხმარებელია, რაც შეუძლებელს ხდის სტატისტიკის აღრიცხვას.

მეორე, უფრო რეალისტური გზა ნარკოტიკების მოხმარებელთა რაოდენობის დასადგენად, ნარკოტიკულ დანაშაულთა სტატისტიკის ანალიზია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიდგომაც მხოლოდ გარკვეულ წარმოდგენას შექმნის, რადგან არ მოიცავს ყველა შესაძლო ნარკომომხმარებელს.

ჩვენ შევეცადეთ გაგვეანალიზებინა ნარკოტიკული დანაშაულის სტატისტიკა და აქედან გამომდინარე გაგვეკეთებინა დასკვნები კობა დავითაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანონმდებლობით გამოიყოფა ნარკოტიკული დანაშაულის რამდენიმე კატეგორია. ესენია: პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება; საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა-გატანა, ან ტრანზიტით უკანონოდ გადაზიდვა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა/კულტივირება და სხვა დანაშაული.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, რომელიც ინფორმაციას აგროვებს შსს-ს, პროკურატურის, სასამართლოს და სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარების და პრობაციის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოტიკებთან დაკავშირებით დანაშაულის სტატისტიკა გააჩნია 2010 წლის მაისის შემდეგ.

ამ მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ნარკოდანაშაული 2011 და 2012 წლებში მცირდებოდა, თან ეს შემცირება იყო დინამიური. ანუ, ნარკოდანაშაული 2011 წელს უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2010 წელს, ხოლო 2012 წელს უფრო ნაკლები ვიდრე 2011 წელს. რაც შეეხება 2013 წელს, ეს მონაცემი მკვეთრად იზრდება.

ეს დინამიკა კარგად ჩანს ქვემოთ მოყვანილი გრაფიკიდანაც.

su1

2011, 2012 და 2013 წლის იანვარი-აგვისტოს მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება:

su2

შსს-ს ვებგვერდზე დანაშაულის სტატისტიკა წლების და თვეების მიხედვით არ იძებნება და წარმოდგენილია მხოლოდ მიმდინარე წლის მონაცემები, რაც, ცხადია, ანალიზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ჩვენს მიერ შსს-დან ოფიციალურად იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია, თუმცა, არასრული პასუხი მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2011-2012-2013 წლების ინფორმაცია თვეების და დანაშაულის კატეგორიების მიხედვით მოვითხოვეთ, შსს-მ სამივე წელზე მხოლოდ პირველი რვა თვის დაჯამებული და არა თვეების მიხედვით ინფორმაცია მოგვაწოდა. შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციისგან. მაგრამ, მნიშვნელოვანი ის არის, რომ დინამიკის ტენდენცია შენარჩუნებულია და განსხვავება მხოლოდ რიცხობრივ მონაცემებშია.

შსს-ს 2011-2013 წლების მონაცემების გრაფიკული მაჩვენებელი

su3

მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები განსხვავებულია, ტენდენციის შესახებ მაინც შეიძლება წარმოდგენის შექმნა. 2010 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ნარკოდანაშაულის შემთხვევები კლებულობს. წლიურ მონაცემებს თუ შევადარებთ, კლების ტენდენცია შენარჩუნებულია 2012 წლის დეკემბრამდე. 2012 წლის დეკემბრიდან კი მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება და 2013 წლის თვიური მაჩვენებლები აღემატება არამარტო წინა წლის მონაცემებს, არამედ 2010 წლის მონაცემებსაც. ამასთან, 2013 წლის კლასიფიცირებული მონაცემების თვიური შედარებაც აჩვენებს, რომ 2013 წელს მოიმატა ყველა სახის ნარკოდანაშაულის შემთხვევებმა.

გასათვალისწინებელია, რომ ეს არის მხოლოდ ნარკოდანაშაულის სტატისტიკა, რომელიც გამოვლენილია და მასზე გარკვეული რეაგირება არის მომხდარი. ეს კი ზუსტ სურათს ნარკოტიკების საერთო მოხმარებასთან დაკავშირებით არ იძლევა და ძნელია იმაზე საუბარი, თუ ზუსტად რა თანაფარდობა არსებობს გამოვლენილ დანაშაულსა და ნარკოტიკების საერთო მოხმარებას შორის. ამ შემთხვევაში, საუბარია მხოლოდ ტენდენციაზე, რომ რეგისტრირებული ნარკოდანაშაულის რაოდენობა რაღაც პერიოდის განმავლობაში მცირდებოდა და 2012 წლის დეკემბრიდან მკვეთრად იზრდება. ამასთან, არ შეცვლილა არც სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკა და არც ნარკოდანაშაულის კლასიფიცირება. სხვა საკითხია, რომ შსს-ს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდება. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, აღსანიშნავია, რომ ორივე სტატისტიკური ინფორმაცია მსგავს დინამიკაზე მიუთითებს.

დასკვნა

ჩვენი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ:

    • სახელმწიფო პოლიტიკა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ არის ის, რომ ნარკოტიკების მომხმარება კრიმინალიზირებულია ისევე, როგორც ნარკოტიკებთან დაკავშირებული ყველა სახის დანაშაული;

    • ქვეყანაში არ არსებობს ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შესახებ ზუსტი სტატისტიკა;

    • ნარკოდანაშაულის შესახებ არასრულყოფილი სტატისტიკაც კი აჩვენებს, რომ ამ დანაშაულის რაოდენობა 2012 წლის დეკემბრამდე მცირდებოდა. 2012 წლის დეკემბრიდან კი იზრდება და ზრდის დინამიკა ნარჩუნდება ბოლო თვეების განმავლობაში.

    კობა დავითაშვილი თავის განცხადებაში საუბრობს არა მხოლოდ 2012 წლის დეკემბრის შემდგომ პერიოდზე, არამედ ბოლო წლებზე.

    შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ კობა დავითაშვილის განცხადება, „მიუხედავად ამ მკაცრი პოლიტიკისა, რომელიც განხორციელდა, ნარკოტიკის მომხმარებელთა ოდენობა ქვეყანაში არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა“, არის მეტწილად მცდარი.


    პერსონები

    მსგავსი სიახლეები

    2803 - გადამოწმებული ფაქტი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    25%
    სიმართლე
    22%
    მეტწილად სიმართლე
    13%
    ნახევრად სიმართლე
    10%
    მეტწილად მცდარი
    8%

    ყველაზე კითხვადი