2013 წლის 25 სექტემბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საპრეზიდენტო კანდიდატებს შეხვდნენ. პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დელეგაციის წევრებს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები გააცნეს. ნინო ბურჯანაძემ თავისუფალ საეთერო და სარეკლამო დროსთან დაკავშირებით გამოთქვა პრეტენზია: “მე ვარ ჩაყენებული დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, როდესაც ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს აქვს ძალიან ბევრი პრივილეგია, მათ შორის თავისუფალი საეთერო და სარეკლამო დრო, ხოლო მე ამის საშუალება და უფლება არ მაქვს“. დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას ასევე აღნიშნა: “ყველა ელჩისთვის არის უცნაური ის ფორმულირება, რომლის გამოც მე არ მომცეს არც დაფინანსება და არც თავისუფალი საეთერო დრო ... ევროპული პრაქტიკა იმას ითვალისწინებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი საეთერო დრო გამოყოფილი“.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, რამდენად შეესაბამება ნინო ბურჯანაძის განცხადება სიმართლეს.
წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხს “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 51-ე მუხლი არეგულირებს. 51-ე მუხლის მეორე პუნქტი საერთო მაუწყებლებისთვის აწესებს ვალდებულებას წინასაარჩევნო დებატები არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით გადასცეს. ამავე მუხლის მეხუთე პუნქტი კი მაუწყებელს, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს რეკლამას, ავალდებულებს, უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყოს დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით თითოული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის. როგორც ვხედავთ, საერთო მაუწყებლებს მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიმართ აქვთ თავისუფალი საეთერო და სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება.
იმისათვის, რომ დაგვედგინა, ნამდვილად არის თუ არა ნინო ბურჯანაძე “დისკრიმინაციულ” მდგომარეობაში, უპირველეს ყოვლისა გავარკვიეთ, კანონმდებლობის თანახმად, ვინ მიიჩნევა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად და არსებული საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რამდენი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.
“საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 51-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი, რომელიც დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის თანახმად კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში მონაწილე ამომარჩეველთა ხმების 3% ან მეტი მიიღო.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას სულ 14 პარტია იღებს. მათგან 7 პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი ჰყავს და შესაბამისად სწორედ ისინი მიიჩნევიან კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად. ესენი არიან: გიორგი მარგევლაშვილი, დავით ბაქრაძე, კობა დავითაშვილი, სერგო ჯავახიძე, გიორგი თარგამაძე, ზურაბ ხარატიშვილი, თეიმურაზ მჟავია. ნინო ბურჯანაძის მსგავსად არაკვალიფიციური კანდიდატების სიაში 16 საპრეზიდენტო კანდიდატი შედის: შალვა ნათელაშვილი, ნესტან კირთაძე, ქართლოს ღარიბაშვილი და სხვ.
“საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 51-ე მუხლის მე-8 პუნქტი არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს უფასო საეთერო და სარეკლამო დროის მიღების სხვა მეთოდს სთავაზობს. მუხლის თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევენების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის, ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად, ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობს.
იმის გასარკვევად, ისარგებლა თუ არა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნული უფლებით, პარტია “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ბაკურ ბაკურაძეს მივმართეთ. მისი განცხადებით, პარტიამ ყველა მაუწყებელს მიმართა, თუმცა მოთხოვნა მხოლოდ “პირველმა არხმა”, “მეორე არხმა” და რამდენიმე რეგიონალურმა მაუწყებელმა დააკმაყოფილა. როგორც პარტიის მიერ “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, მათ პირველად 2013 წლის 30 სექტემბერს მოითხოვეს თავისუფალი საეთერო და სარეკლამო დროის გამოყოფა და “ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევა წარადგინეს. “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” 4 ოქტომბერს კანდიდატს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად ცნობაზე უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ 23 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არ იყო ჩატარებული. კანდიდატმა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” 7 ოქტომბერს განმეორებით მიმართა. პარტიის იურისტი ქეთი ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მათ მაუწყებელს 6 სოციალური კვლევის შედეგები წარუდგინეს (მათ შორის, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა” და “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევები”). ნინო ბურჯანაძეს ოთხ პროცენტიანი ბარიერი ყველა კვლევის თანახმად გადალახული ჰქონდა. 2013 წლის 8 ოქტომბრის წერილის თანახმად, “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ნინო ბურჯანაძე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარა. რაც შეეხება სხვა ტელეკომპანიებს, პარტიამ 30 სექტემბერს ტელეკომპანია “მაესტროსგან”, ხოლო 7 ოქტომბერს ტელეკომპანია “იმედისგან” მიიღო უარყოფითი პასუხი. მათ საკუთარ წერილებში განმარტეს, რომ მაუწყებელებს დამოუკიდებლად აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. შესაბამისად, კვლევების წარდგენა არ ნიშნავს მაუწყებლების ვალდებულებას კანდიდატი უფასო სარეკლამო და საეთერო დროით უზრუნველყონ.
საქართველოს “საარჩევნო კოდექსის” 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, სხვა ინფორმაციასთან ერთად, ვალდებული არიან საჯაროდ გამოაცხადონ კანდიდატებისთვის გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ნინო ბურჯანაძისთვის პირველ არხზე 11 ოქტომბრიდან, სხვა კანდიდატების მსგავსად, განისაზღვრა 124 წუთი საეთერო დრო. მეორე არხზე კი, ისევე როგორც სხვა პარტიებს, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” კანდიდატსაც 122 წუთი გამოეყო. ამ ინფორმაციას ადასტურებენ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სარეკლამო სამსახურშიც. “რუსთავი 2-ის”, “იმედისა” და “მაესტროს” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია კი მოწმობს იმას, რომ ნინო ბურჯანაძეს ამ არხებზე უფასო საეთერო დროით არ უსარგებლია.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ნინო ბურჯანაძის მიერ ტელეკომპანია “იმედზე” გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებისთვის უცნაურია კანონის ამგვარი ფორმულირება, რადგან ევროპული პრაქტიკა ყველა კანდიდატისთვის თანაბარ საეთერო დროს აწესებს. მართალია, ფაქტ-მეტრი ვერ გადაამოწმებს ელჩების მოსაზრებას, თუმცა შეგვიძლია გავიხსენოთ ვენეციის კომისიის დასკვნა “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა. 2011 წლის შემდეგ კოდექსი არაერთხელ შეიცვალა, თუმცა თავისუფალი სარეკლამო და საეთერო დროის განაწილების წესები არ შეცვლილა. ამ რეგულაციასთან დაკავშირებით კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ მსგავსი წესი ზღუდავს ახალი პარტიების შესაძლებლობებს და მათ არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა პარტიებთან შედარებით. ასევე მითითებულია, რომ ბუნდოვანია 51-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რადგან კანონის ტექსტიდან არ იკვეთება, ვის აქვს მსგავსი კვლევის ჩატარების უფლებამოსილება. ვენეციის კომისიამ 2011 წელს გამოქვეყნებული დასკვნით მოუწოდა საქართველოს მთავრობას 51-ე მუხლში აესახა თანაბარი მოპყრობისა და სამართლიანობის პრინციპები.
მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა საქართველოში არსებული რეგულაცია, ევროპულ ქვეყნებს ჩამოყალიბებული და ერთიანი პრაქტიკა არ გააჩნიათ. ჩრდილოეთ ევროპის მედიის საინფორმაციო ცენტრმა და კომუნიკაციური კვლევების ორგანიზაციამ (NORDICOM) 2009 წელს გამოაქვეყნა კვლევა გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და შვედეთში ჩატარებული არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფის შესახებ. კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთში თავისუფალი საეთერო დროის განაწილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი წარმომადგენელი ჰყავს პარტიას პარლამენტში. შესაბამისად, დიდ ბრიტანეთში არასაპარლამენტო პარტიები საერთოდ ვერ სარგებლობენ თავისუფალი საეთერო და სარეკლამო დროით. გერმანიასა და საფრანგეთში საპარლამენტო პარტიები იღებენ უფრო დიდი რაოდენობით საეთერო დროს, ვიდრე არასაპარლამენტო პარტიები. შვედეთში კი უფასო საეთერო და სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება მაუწყებლებს არ აკისრიათ. გარდა აღნიშნული დოკუმენტისა, ჩვენთვის ასევე საყურადღებოა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის კვლევები. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ლატვია თანაბრად ანაწილებენ თავისუფალ საეთერო და სარეკლამო დროს. როგორც ვხედავთ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კანდიდატებს თანაბარ მდგომარეობაში აყენებენ. დასავლეთ ევროპის ქვეყნები არათანაბრად ანაწილებენ თავისუფალ საეთერო და სარეკლამო დროს, თუმცა, ყველა პარტია იღებს გარკვეულ სარგებელს. მხოლოდ დიდ ბრიტანეთს აქვს საქართველოს მსგავსი პრაქტიკა. ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის კვლევის თანახმად, დიდი ბრიტანეთის პრაქტიკას იზიარებს ირლანდიაც.
დასკვნა
ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან მართლაც ვერ სარგებლობდა თავისუფალი საეთერო და სარეკლამო დროით, რადგან საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს არ წარმოადგენს. მიუხედავად ფაქტის სიზუსტისა, უნდა გავითვალისწინოთ განცხადების კონტექსტიც. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ იგი „დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია“ ჩაყენებული სხვა კანდიდატებთან შედარებით, თითქოს მხოლოდ თვითონ არის ის ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც არ აქვს წვდომა თავისუფალ საეთერო და სარეკლამო დროზე. რეალურად, ნინო ბურჯანაძის გარდა, სხვა 16 საარჩევნო სუბიექტსაც არ აქვს მსგავსი საშუალება კანონის რეგულაციიდან გამომდინარე.
ნინო ბურჯანაძემ გამოიყენა საქართველოს “საარჩევნო კოდექსით” მინიჭებული უფლება და უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა მოითხოვა. მისი მოთხოვნა მხოლოდ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” და რამდენიმე რეგიონალურმა ტელევიზიამ დააკმაყოფილა. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ კანონის თანახმად, მაუწყებლებს აქვთ სრული უფლება მიიღონ კომერციული გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილონ კანდიდატის მოთხოვნა. როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძე არ არის ჩაყენებული სხვა კანდიდატებისგან განსხვავებულ მდგომარეობაში. მან თავისუფლად და შეუზღუდავად შეძლო კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება, რის შედეგადაც სხვადასხვა მაუწყებლებში თავისუფალი საეთერო და სარეკლამო დროით ისარგებლა.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნების პრაქტიკას, აღმოსავლეთ ევროპაში დრო თანაბრად ნაწილდება ყველა კანდიდატზე, დასავლეთ ევროპაში კი დროის განაწილება დამოკიდებულია წინა არჩევნების შედეგებზე. საქართველოს მსგავსად, მხოლოდ დიდი ბრიტანეთი და ირლანდია არ უზრუნველყოფს არაკვალიფიციურ საარჩევნო კანდიდატებს მცირე თავისუფალი სარეკლამო და საეთერო დროით.
ამრიგად, ჩვენ ვასკვნით, რომ ნინო ბურჯანაძის განცხადება: “მე ვარ ჩაყენებული დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, როდესაც ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს აქვთ თავისუფალი საეთერო და სარეკლამო დრო და მე ამის უფლება არ მაქვს”, არის მეტწილად მცდარი.