17 ოქტომბერს საპრეზიდენტო დებატებზე დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილის ყურადღება „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ 3 ძირითად დაპირებაზე, კერძოდ, პენსიის 220 ლარამდე გაზრდაზე და 60 ქარხნისა და ათი ათასობით სამუშაო ადგილის შექმნაზე გაამახვილა. დავით ბაქრაძემ იკითხა, თუ როგორ აპირებენ ისინი ამ დაპირებების განხორციელებას, მაშინ, „როცა მომავალი წლის ბიუჯეტში არცერთი თეთრი არ არის ჩადებული პენსიების ზრდაზე. როდესაც არცერთი ქარხნის მშენებლობა არ არის დაწყებული და როდესაც სტატისტიკის მონაცემებით, რამდენიმე ათეულობით ათასობით სამუშაო ადგილი არის დაკარგული’’.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გადაემოწმებინა, არის თუ არა 2013 წელთან შედარებით პენსიების ზრდა გათვალისწინებული „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ კანონის პროექტში.
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მიხედვით, პენსიების ოდენობა სხვადასხვა ასაკის მქონე პირთათვის განსაზღვრულია შემდეგი პრინციპით:
1) 2013 წლის 1 აპრილამდე განისაზღვროს სახელმწიფო პენსიის შემდეგი ფულადი ოდენობები:
ა) 60-დან 67 წლამდე ქალებისა და 65-დან 67 წლამდე მამაკაცებისთვის − 110 ლარი;
ბ) 67 წლის და 67 წელზე მეტი ასაკის პირთათვის − 125 ლარი;
2) 2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 1 სექტემბრამდე ყველა ასაკით პენსიონერისთვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვროს 125 ლარით;
3) 2013 წლის 1 სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერისთვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვროს 150 ლარით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლისთვის პენსიონერთათვის პენსიების ზრდა ასევე დაგეგმილი იყო წინა ხელისფლების მიერაც, რაც მათ მიერ შემუშავებული და წარდგენილი ბიუჯეტის პროექტითდასტურდება.
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის მე-8 თავის 32-ე მუხლის - „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განსახორციელებელი ღონისძიებების’’ მიხედვით, 2014 წლისთვის, ყველა ასაკით პენსიონერთათვის სახელმწიფო პენსია კვლავ 150 ლარი რჩება. ეს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროში გასაუბრების შემდეგაც დაგვიდასტურეს.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ათას ლარებში
როგორც ცხრილიდან ვხედავთ, 2013 წელს დამტკიცებული გეგმის მიხედვით საპენსიო უზრუნველყოფისთვის გაწეულმა ხარჯებმა 1,146 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის ფაქტობრივ ხარჯებს 78 მილიონი ლარით აღემატება (2013 წლის 6 თვის მონაცემებით საპენსიო უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები უკვე 530 მილიონ ლარს შეადგენს). რაც შეეხება 2014 წლის გეგმას, ხარჯები 2013 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 179 მილიონი ლარით მეტია, მაშინ, როდესაც პენსიების ოდენობა იგივე რჩება. ეს სხვაობა ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ თუკი 2013 წელს 150 ლარის ოდენობის პენსია მხოლოდ პირველი სექტემბრიდან იქნა გაცემული, 2014 წელს საპენსიო ხარჯები მთელ წელზეა გათვალისწინებული.
დასკვნა
დავით ბაქრაძის განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული. 2013 წელს ყველა ასაკით პენსიონერთათვის სახელმწიფო პენსია პირველი სექტემბრიდან 150 ლარამდე გაიზარდა. როგორც ვნახეთ, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენსიის ეს ოდენობა 2014 წლის განმავლობაში არ იცვლება. 2014 წლის გეგმით გათვალისწინებული საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯების 2013 წლის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯებთან შედარებით 179 მილიონი ლარით მეტობა მხოლოდ თვეების რაოდენობებს შორის განსხვავებით არის გამოწვეული. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება: „მომავალი წლის ბიუჯეტში არცერთი თეთრი არ არის ჩადებული პენსიების ზრდაზე’’, არის სიმართლე.