განხილვის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი იყო, რომელიც კერძო სამართლის იურიდიული პირის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნას უკავშირდება. მოქმედი კანონმდებლობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლას კრძალავდა. კოდექსის 38-ე მუხლში შეტანილი ცვლილებები – პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტისგან ვეტოდადებული კანონპროექტი კი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნებოდა.
უმცირესობასა და უმრავლესობას შორის საკითხის განხილვას ურთიერთბრალდებები ახლდა. კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სერგო რატიანმაც დააფიქსირა.
მისი განცხადებით, „თუ უნივერსიტეტები არ იქნებიან კერძო სამართლის იურიდიული პირები და საჯაროზე გადაიყვანენ, სახელმწიფოს აქვს უფლება ჩამოართვას ქონება და ამის მაგალითი დღესაც არის. უნივერსიტეტს ისე წაართვეს ობსერვატორია, რომ არც მეცნიერებს, არც საბჭოებს, არავის არ ჰკითხეს საერთოდ. ის დახურულია და მიუწვდომელია და ეს გაკეთდა თქვენი ხელისუფლების დროს.“
ფაქტ-მეტრი დეპუტატის მიერ განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი დალი ცქიტიშვილი ფაქტ-მეტრთან საუბრისას ადასტურებს, რომ 2013 წლის 26 თებერვალს უნივერსიტეტმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან წერილის ასლი მიიღო, რომელშიც უწყება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის აბასთუმნის ობსერვატორიის შესახებ უზუფრუქტის უფლების რეგისტრაციაზე ჩანაწერის გაუქმებას სთხოვდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აბასთუმნის ობსერვატორიით სარგებლობის უფლებას 2008 წლის 16 მაისის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე მისი არსებობის ვადით ფლობდა. თუმცა, 2013 წლის 16 მაისს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის 2013 წლის 11 მარტის წერილის საპასუხოდ გაგზავნილ შეტყობინებაშინათქვამია, რომ „სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ არ არის წინააღმდეგი ა(ა)იპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ უზრუნველყოს აბასთუმანში მთა ყანობილზე მდებარე უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა, დაცვა, კომუნალური გადასახადის გადახდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნული უძრავ-მოძრავი ქონების სახელმწიფოს მიერ განკარგვის საკითხის გადაწყვეტამდე.“
ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე უნივერსიტეტთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ ყოფილა.
დალი ცქიტიშვილის განცხადებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქონებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის მომენტისთვის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების უმრავლესობა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსს ატარებდა. მისივე თქმით, ამ დროისთვის აბასთუმნის ობსერვატორია სახელმწიფოს ეკუთვნის, იქ მყოფი მეცნიერები კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან.
ჩვენ მიერ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის“ გაგზავნილი წერილის პასუხად უწყებამ გვაცნობა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან 2008 წლის 16 მაისს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება შეწყდა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 472 მუხლისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს (N1-1/1633) ბრძანების საფუძველზე. ამავე ბრძანებით სხვდასხვა უნივერსიტეტთან მიმართებით სულ 54 უზუფრუქტის ხელშეკრულება შეწყდა. ბრძანება ასევე წყვეტდა სხვადასხვა დროს დადებულ ხელშეკრულებებს სკოლებთან, მუზეუმებთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან - დეპარტამენტებთან, სააგენტოებთან, ბიუროებთან, ინსტიტუტებთან და სხვადასხვა დაწესებულებასთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის აბასთუმნის ობსერვატორიასთან დაკავშირებით უზუფრუქტის უფლების რეგისტრაციაზე ჩანაწერი კი 2013 წლის 26 თებერვლის (N5/4055) და 14 მარტის(N5/5675) წერილების თანახმადაა გაუქმებული.
ეკონომიკის სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტი ქონების ჩამორთმევის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული, რის დასტურადაც უწყებიდან უნივერსიტეტისთვის გაგზავნილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს (N1-1/1633) ბრძანების რეესტრი წარმოგვიდგინეს. ჩვენ მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ეკონომიკის მინისტრის აღნიშნული ბრძანებისა და მისი დანართისგამოთხოვის შედეგად ირკვევა, რომ ეს ბრძანება უნივერსიტეტმა ნამდვილად მიიღო, თუმცა მის დანართში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონების შესახებ საუბარი არაა და მოხსენიებულია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთან, საჯარო სამსახურისა და აღსრულების ეროვნული ბიუროებთან დადებული ხელშეკრულებები, რაც დიდი ალბათობით წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან და ასევე გარკვეულ უყურადღებობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან.
დასკვნაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან 2008 წლის 16 მაისს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომლითაც აბასთუმნის ობსერვატორია უნივერსიტეტს სარგებლობის უფლებით მისი არსებობის ვადით გადაეცა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს (N1-1/1633) ბრძანების საფუძველზე შეწყდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საჯარო რეესტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გაგზავნილი 2013 წლის 26 თებერვლისა და 14 მარტის წერილები კი უზუფრუქტის უფლების რეგისტრაციაზე ჩანაწერის გაუქმების შესახებ აღნიშნული ბრძანების აღსრულებას წარმოადგენდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანების არსებობის შესახებ ინფორმირებული იყო. თუმცა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ 26 თებერვლის წერილით გადაწყვეტილების აღსრულებამდე უნივერსიტეტთან სამინისტროს მხრიდან კომუნიკაცია არ ყოფილა.
ჩვენ მიერ ფაქტის კიდევ ერთხელ გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ეკონომიკის მინისტრის ბრძანების დანართში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო, არ ფიგურირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ დანართში ამგვარი ქონება ნამდვილად არის. ფაქტ-მეტრმა ეკონომიკის სამინისტროდან კიდევ ერთხელ გამოითხოვა ეკონომიკის მინისტრის 2012 წლის 10 აგვისტოს (N1-1/1633) ბრძანება და მისი სრული დანართი,სადაც მინისტრის ბრძანებით გაუქმებული უზუფრუქტის ხელშეკრულებები ამგვარადაა დაჯგუფებული: „სკოლები“, „მუზეუმები“, „სასწავლებლები“, „თეატრები“, „დეპარტამენტები“, „სააგენტოები“, „ბიუროები“, „ინსტიტუტები“, „სხვადასხვა“. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენთვის თავდაპირველად მოწოდებული დანართში მითითებული ინფორმაცია განეკუთვნებოდა „სასწავლებლებს“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული, მათთან ეკონომიკის სამინისტროდან მისული დანართის ასლში კი საუბარია ქონებაზე, რომელიც დანართის სრულ ვერსიაში „ბიუროების“ ჯგუფშია მოთავსებული.
ასევე, უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის უცნობია, არსებობდა, თუ არა, რაიმე კონსულტაცია უნივერსიტეტის მართვის ორგანოებსა და ეკონომიკის სამინიტროს შორის 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანების გამოცემამდე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ამ დროისთვის ილიას უნივერსიტეტის მეცნიერები ობსერვატორიაში იმყოფებიან. ამასთან, მეცნიერების ობსერვატორიაში ყოფნასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის მიწერილი წერილის საპასუხოდ გამოგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უწყება წინააღმდეგი არ არის, სახელმწიფოს მიერ ობსერვატორიის განკარგვის საკითხის გადაწყვეტამდე, უნივერსიტეტმა მასზე მოვლა-პატრონობა, დაცვა, კომუნალური გადასახადის გადახდა უზრუნველყოს.
შესაბამისად, დეპუტატ სერგო რატიანის განცხადება, რომ უნივერსიტეტს ობსერვატორია საბჭოებისა და მეცნიერებისთვის უკითხავად ჩამოართვეს, ეს მოხდა მოქმედი ხელისუფლების დროს და ობსერვატორია დახურული და ხელმიუწვდომელია, არის მეტწილად მცდარი.რედაქტორის შენიშვნა: სტატიის პირვანდელი ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ სერგო რატიანთან, რომელიც არ დაეთანხმა ჩვენს კვლევას. მისი განმარტებით 2012 წლის 10 აგვისტოს ბრძანებას, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2012 წლის 14 სექტემბერს მიიღო, თან ახლდა ორგვერდიანი დანართი და მასში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ქონება არ ყოფილა მითითებული. შესაბამისად, სერგო რატიანის თქმით, სარგებლობის უფლების რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ უნივერსიტეტისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა. ფაქტ-მეტრის მიერ ინფორმაციის არაერთხელ გადამოწმების შედეგად დასტურდება, რომ ეკონომიკის მინისტრის ბრძანების დანართში ნამდვილად ფიგურირებს ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის ქონება. თუმცა, ჩვენ მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ სასწავლებლისთვის მიწოდებულ დანართში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება ნახსენები არაა. ასევე, როგორც ჩვენს სტატიაში აღვნიშნეთ, ეკონომიკის მინისტრის ბრძანება უზუფრუქტის ხელშეკრულებას აუქმებდა და არა სარგებლობის უფლების რეგისტრაციას. დეპუტატი მიუთითებდა, რომ ვინაიდან პერიოდულად ხდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერის გადამოწმება, 2013 წლის 6 მარტამდე აბასთუმნის ობსერვატორია და მასთან დაკავშირებული ქონება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში რჩებოდა. ჩვენს სტატიაში ნათქვამია, რომ ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში რჩებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერში ცვლილების შეტანამდე, რაც ეკონომიკის სამინისტროს 26 თებერვლის წერილით გადაწყდა. ამასთან, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პასუხად ეკონომიკის სამინისტროს წერილზეც, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ უწყება წინააღმდეგი არ არის, სახელმწიფოს მიერ ობსერვატორიის განკარგვის საკითხის გადაწყვეტამდე, უნივერსიტეტმა მასზე მოვლა-პატრონობა, დაცვა, კომუნალური გადასახადის გადახდა უზრუნველყოს. სერგო რატიანი ამგვარი ბრძანების არსებობის შემთხვევაშიც კი, ახალი ხელისუფლების მხრიდან მის აღსრულებას აღნიშნულ ბრძანებაზე თანხმობად მიიჩნევდა. ახალი მთავრობის მიერ ძველის გადაწყვეტილების აღსრულება, ანუ მასზე თანხმობა, ერთ-ერთი ის მიზეზია, რის გამოც სერგო რატიანის განცხადება ჩვენ მიერ „მეტწილად მცდარად“ შეფასდა და არა „მცდარად“. დეპუტატი ჩვენი სტატიის პირვანდელ ვერსიაში ნახსენებ სპორტკომპლექს „ქარიშხალას“ მაგალითსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის უნივერსიტეტს იქამდე ჩამოერთვა, ვიდრე იგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსს მიიღებდა. ჩვენ აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ და ის დადასტურდა, რის გამოც ეს მაგალითი სტატიის განახლებულ ვერსიაში ამოღებულია, თუმცა ამ საკითხს ფაქტ-მეტრის ვერდიქტზე გავლენა სტატიის არც პირვანდელ და არც განახლებულ ვერსიაში არ მოუხდენია.