წლის 29 ივლისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, პავლე კუბლაშვილმა, განაცხადა: „არცერთი ლარი არ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოსული ქვეყანაში, ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში გარემო არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი. არავინ არ იცის რომელი პარლამენტის წევრი რა ინიციატივით გამოვა და გააუარესებს ეკონომიკურ მდგომარეობას. ერთადერთი, რაც შემოდის უცხოური ინვესტიციების სახით, არის მხოლოდ ტურიზმიდან შემოსული თანხები.”
რასაკვირველია, პარლამენტარის ეს განცხადება დრამატიზებულია, რასაც ფაქტ-მეტრი, როგორც წესი, ითვალისწინებს. თუმცა, ეს განცხადება მაინც საინტერესოა ჩვენთვის, რადგან მისი არსი ეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას იმ სექტორებში, რომლებიც ტურიზმის სფეროს ნაკლებად უკავშირდება და ზრდას იმ სფეროებში, რაც უშუალოდ კავშირშია ტურიზმთან.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა რამდენად შეესაბამება სიმართლეს პავლე კუბლაშვილის განცხადება. ამ მიზნით, ჩვენ გავაანალიზეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.ამ ცხრილში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია შემოსული ქვეყანაში სექტორების მიხედვით. რაც შეეხება „ტურიზმის სფეროში ჩადებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს“, “საქსტატი“ მათ ცალკე არ აღრიცხავს, „საქსტატი“ მხოლოდ ცხრილში მოცემული სექტორების მიხედვით აღრიცხავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ამიტომ, ძალიან რთულია პირდაპირი დასკვნის გამოტანა ტურიზმის სფეროში ინვესტიციები გაიზარდა, თუ შემცირდა.
ტურიზმის სფერო მჭიდროდაა დაკავშირებული სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, უძრავი ქონებისა და იჯარის სექტორებთან. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, თუ რა სურათია ამ სფეროებში ინვესტიციების ზრდის, ან შემცირების კუთხით.
თუ შევაფასებთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მხოლოდ იმ სექტორებში რომლებიც ნაკლებად უკავშირდება ტურიზმის სფეროს, ვნახავთ, რომ ინვესტიციები არათუ მკვეთრად შემცირებულია, არამედ გაზრდილიც კია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
მაგალითად, ავიღოთ ენერგეტიკა, საფინანსო სექტორი და სექტორების ჯგუფი - „დანარჩენი სექტორები“, რომლებიც ნაკლებადაა დაკავშირებული ტურიზმის სფეროსთან (აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ჯგუფებში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად აღემატება სხვა დანარჩენ სექტორებში შემოსულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს). 2013 წლის I კვარტლის წინასწარი მონაცემებით, სამივე ამ სექტორში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი არათუ დაკლებულია, არამედ აღემატება 2012 წლის I კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელს.
იმ სექტორებში, რომლებიც ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული ტურიზმის სფეროსთან (სასტუმროები და რესტორნები; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა; უძრავი ქონება და იჯარა) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება შეინიშნება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ვინაიდან „საქსტატი“ არ აწარმოებს ტურიზმის სფეროში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღრიცხვას, პავლე კუბლაშვილის განცხადება არასწორად არის ფორმულირებული. თუ დეპუტატს ეკონომიკის ის სექტორები ჰქონდა მხედველობაში, რომლებიც მჭიდროდ დაკავშირებულია ტურიზმთან, როგორც ზემოთ ვნახეთ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამ სექტორებში კლებულობს. ხოლო, იმ სექტორებში, რომლებიც ნაკლებად უკავშირდება ტურიზმის სფეროს, ინვესტიციების ზრდა ფიქსირდება.
სრული სურათის მისაღებად, ჩვენ ასევე მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ისიც შეგვესწავლა, თუ რამდენად გაიზარდა 2013 წლის პირველ ექვს თვეში [ასევე ცალკე გამოვყავით პირველი სამი თვე, ანუ პირველი კვარტალი] ტურისტების რაოდენობა. როგორც სტატისტიკა მოწმობს, პირველი 6 თვის მონაცემებით 2013 წელს ქვეყანაში შემოსული ტურისტების რიცხვი გაიზარდა.შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტორით იყო მოტივირებული პარლამენტარის განცხადება (თუმცა, ეს მაჩვენებელი არ იძლევა მიმდინარე წელს ტურიზმის სფეროში შემოსული პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების შეფასების არანაირ საფუძველს).
ჩვენ გადავამოწმეთ,რამდენად არის გაზრდილი ტურიზმის წილი ქვეყნის ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში. წინასწარი მონაცემებით 2013 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.3 მლნ. ლარით (2.2 %) გაიზარდა ტურიზმის სფეროში პროდუქციის მთლიანი გამოშვება, რაც არ წარმოადგენს შთამბეჭდავ ზრდას პირველ კვარტალში ტურისტების რიცხვის 37%-იანი ზრდის გათვალისწინებით.
თუ შევადარებთ 2013 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის სფეროების წილს ქვეყნის მთლიან გამოშვებაში 2012 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მონაცემს, ვნახავთ, რომ ამ მხრივ თითქმის არანაირი ცვლილება არ ყოფილა. 2012 წლის პირველ კვარტალში, ისევე როგორც 2013 წლის პირველ კვარტალში, ტურიზმის წილმა ქვეყნის მთლიან გამოშვებაში 6.7% შეადგინა. შესაბამისად, არც ტურიზმის სფეროდან შემოსავლების მკვეთრი ზრდაა სახეზე.
2013წლის პირველ კვარტალში 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 43.1 მლნ. დოლარით კლება ფიქსირდება. საინტერესოა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების დიდი ნაწილი 39.7 მლნ. დოლარი სწორედ ტურიზმთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამ სექტორზე (ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავი ქონება და იჯარა) მოდის.
დასკვნასამ დიდ სექტორში, რომლებიც ნაკლებად უკავშირდება ტურიზმის სფეროს (ენერგეტიკა, საფინანსო სექტორი, „დანარჩენი სექტორები“) შეინიშნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, ხოლო იმ სექტორებში რომლებიც ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული ტურიზმთან (სასტუმროები და რესტორნები; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა; უძრავი ქონება და იჯარა) კლება ფიქსირდება.
მიუხედავად ტურისტების რაოდენობის ზრდისა, ტურიზმის წილი ქვეყნის ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში თითქმის უცვლელი დარჩა.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ პავლე კუბლაშვილის განცხადება „არცერთი ლარი არ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოსული ქვეყანაში, ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში გარემო არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი. ერთადერთი, რაც შემოდის უცხოური ინვესტიციების სახით, არის მხოლოდ ტურიზმიდან შემოსული თანხები“, არის მეტწილად მცდარი.