2013

წლის 29 მაისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განხილვის ერთ-ერთი თემა „გარემოს დაცვის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები იყო. კანონპროექტზე  მსჯელობისას გიორგი ცაგარეიშვილი დეპუტატ გიორგი ხაჩიძის მისამართით განაცხადა, რომ გარემოს დაცვის კომიტეტში „არცერთ განხილვას უკანასკნელი ორი თვის მანძილზე ბატონი ნამინისტრალი არ დასწრებია“. იგი ამით გიორგი ხაჩიძის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გუდაური-კობის საავტომობილო გზის მშენებლობისას ტრავერტინების გადათხრის ფაქტი შეახსენა და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მეტი ყურადღებისა და ქმედითობისაკენ მოუწოდა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, მართლაც ესწრებოდა, თუ არა, გიორგი ხაჩიძე დასახელებულ პერიოდში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში წარმოებულ განხილვებს.

მერვე მოწვევის პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეა გიორგი ცაგარეიშვილი, მოადგილეები: ბიძინა გუჯაბიძე, გოგლა ჟვანია, გიორგი ხაჩიძე (კომიტეტს კიდევ 9 წევრი ჰყავს). კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი მისი მოადგილე. სხდომების პერიოდულობას კომიტეტი განსაზღვრავს, მაგრამ სასესიო პერიოდში უნდა გაიმართოს არანაკლებ ორი სხდომისა. კომეტეტის სხდომები როგორც წესი პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ხუთშაბათს და ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში იმართება. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი კომიტეტის წევრებს სხდომამდე არაუგვიანეს ერთი დღით ადრე უნდა ეცნობოთ. კომიტეტის ყველა წევრი ვალდებულია დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პარლამენტის რეგლამენტის 286-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

დაეკისრება. უფრო კონკრეტულად კი, თუ ორ კომიტეტში გაწევრიანებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სამჯერ არ დაესწრება საკომიტეტო სხდომებს, ხოლო ერთ კომიტეტში გაწევრიანებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას ხელფასის 10% დაუკავდება.

პარლამენტის წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება, თუკი მან სხდომის თავმჯდომარეს სხდომაზე არდასწრების შესახებ წინასწარ აცნობა, ან კომიტეტის სხდომა მოწვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით  (

სხდომის გამართვის შესახებ პარლამენტის წევრს აცნობეს არა მინუმ ერთი დღით ადრე, არამედ უფრო გვიან).

საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დავადგინეთ, რომ აპრილი-მაისის თვეებში საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 10 სხდომა გაიმართა, რომელთაგანაც დეპუტატი გიორგი ხაჩიძე არცერთს არ დაესწრო.

მას 3 საპატიო და 7 არასაპატიო გაცდენა უფიქსირდება.

დასკვნა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომებზე, კომიტეტის წევრთა დასწრების ამსახველმა ოქმებმა გვიჩვენა, რომ პარლამენტარი გიორგი ხაჩიძე აპრილი-მაისის თვეებში კომიტეტის ფარგლებში გამართული სხდომებიდან არცერთს არ დასწრებია.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის განცხადება: „გიორგი ხაჩიძე უკანასკნელი ორი თვის მანძილზე არცერთ განხილვას [გარემოს დაცვის კომიტეტში] არ დასწრებია“, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია