საქართველოს მთავრობის 2025 წლის 10 ივლისის №1107 განკარგულებით, სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა) შედეგად დაზიანებული ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 102 901 900 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წარიმართება, ჯამში, ორმოცდახუთ მუნიციპალიტეტზე. №1106 განკარგულებით, გურიის რეგიონისთვის 25 345 000 ლარია განსაზღვრული. კერძოდ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა - 14 175 000 ლარს, ლანჩხუთისთვის - 7 365 000 ლარს, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისთვის 3 805 000 ლარს შეადგენს. ეს ფული ელექტრონული ტენდერების გვერდის ავლით, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში გაიხარჯება.
დიდთოვლობა, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არაერთი ადამიანი დააზარალა და ადამიანების სიცოცხლეც იმსხვერპლა, მიმდინარე წლის თებერვლის მეორე ნახევარში დაიწყო და ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. მედიასაშუალებებითა და სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა არაერთი ინფორმაცია, რომ სტიქიის ზონაში დარჩენილი და გარე სამყაროს მოწყვეტილი მოქალაქეები შველას ითხოვდნენ. მიუვალ ადგილებში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარებისა და გადარჩენისათვის, სახელმწიფო უწყებების გარდა, მოხალისეობრივი ჯგუფებიც მუშაობდნენ.
სტიქიის შემდეგ თითქმის ოთხი თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში გურიის მოსახლეობა მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციასა თუ სხვა სახის დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვს. მათ მედიასთან ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრეს. თუმცა გურიის სამივე მუნიციპალიტეტის თვითმმართველმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული სახლების სახურავების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად შეკეთების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის მეთოდი გამოეყენებინათ. მათ 11 ივლისს ნებართვის მისაღებად მიმართეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს. მუნიციპალიტეტები განმარტავენ (სამივე შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობა დასაბუთებულია იდენტური ტექსტებით), რომ სახურავების შეკეთების გარდა, ზოგიერთი სახლი ისეა დაზიანებული, რომ საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანებსა და ქონებას. ანუ ოთხი თვეა, ოჯახები ამ საფრთხეში ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, სამივე მუნიციპალიტეტის წერილებში ვკითხულობთ: „შესყიდვები წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი, ვინაიდან ვითარება გამოწვეული იქნა სტიქიის (დიდთოვლობა) შედეგად; ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარება აუცილებელია, ვინაიდან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავები კიდევ უფრო მეტად ზიანდება მოსული ნალექისა თუ ქარიანი ამინდის გამო, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები დასრულდეს ზამთრის სეზონის დადგომამდე, რათა შესაძლებელი გახდეს დაზიანებულ სახლებში მაცხოვრებელთათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ღონისძიების მასშტაბებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი არსებული ვითარების აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, სტიქიის შედეგების შემსწავლელი დროებითი კომისიის მოკვლევის საფუძველზე, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის შუამდგომლობით საქართველოს მთავრობას ეთხოვა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩასატარებლად თანხის გამოყოფა“.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ჩათვალა, აღნიშნული სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილი იყო შესყიდვების განხორციელება მაქსიმალურად შეზღუდულ ვადებში. ამიტომ სამივე მუნიციპალიტეტის მიმართვა დააკმაყოფილა. კერძოდ, სააგენტოს შესაბამისი განკარგულებებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - 3 805 000 ლარის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის - 7 365 000 ლარის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 14 175 000 ლარის სამუშაოებს გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში განახორციელებენ.
სააგენტოსთვის გაგზავნილი წერილებიდან ირკვევა, რომ ჩოხატაურში დაზიანებულია 32000 კვ.მ საცხოვრებელი სახლის სახურავი და 190 ოჯახი; ლანჩხუთში - 55 000 კვ.მ. ინდივიდუალური და 5275 კვ.მ. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი და 400 ოჯახი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - 90 000 კვ.მ. ინდივიდუალური და 17 500 კვ.მ. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი და დაახლოებით 600 ოჯახი. ამდენად, მუნიციპალიტეტების დათვლით, გურიის რეგიონში დაზარალებულია, ჯამში, 1 190 ოჯახი.
მუნიციპალიტეტები თავიანთ წერილებში, რომლებიც სააგენტოს გაუგზავნეს, თვითონვე განმარტავენ, რომ ელექტრონული ტენდერის პროცედურების ჩატარებას, ტენდერის დასრულებას სჭირდება არანაკლებ 21 კალენდარული დღე, ხელშეკრულების გაფორმებას - 10-15 სამუშაო დღე, შესაბამისად, ანუ სამუშაოების დასაწყებად, ყველა პროცედურის გათვალისწინებით, 35-40 დღე უნდა ვიანგარიშოთ. გამოდის, რომ ელექტრონული ტენდერის გამოცხადება ამ დრომდეც შესაძლებელი იყო, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ზარალის დამთვლელი კომისია მარტშივე იწყებს მუშაობას და რეგიონის მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციის შეგროვება მუნიციპალიტეტებმა მალევე მოახერხეს. მაგალითად, „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 მარტს გურიაში სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი შესაბამისი კომისია აქტიურად მუშაობდა. თუმცა პროცესი ამ დრომდე გაიწელა და „ქართული ოცნების“ მთავრობამ საჭირო თანხები მხოლოდ ივლისში გამოყო. სააგენტომ მუნიციპალიტეტებს გამარტივებული შესყიდვის ნებართვა 15 ივლისს მისცა. თანხმობის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტები ხელშეკრულებებს შერჩეულ მიმწოდებლებთან გააფორმებენ. ამ პროცედურას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება და სამუშაოები, დაახლოებით, ივლისის ბოლოს დაიწყება. მიმწოდებლებმა ვალდებულებები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა შეასრულონ.