თაზო დათუნაშვილი: ემიგრანტები ყოველწლიურად 3.3 მლრდ დოლარს რიცხავენ, ეს ბიუჯეტის მესამედია, ამით სულდგმულობს ქვეყანა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თაზო დათუნაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
2024 წელს საზღვარგარეთიდან ფულადმა გზავნილებმა 3.4 მლრდ დოლარს მიაღწია. თუ არ ჩავთვლით ცალკეულ გამონაკლისებს, გზავნილების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. საკმაოდ მაღალია და 10%-ს შეადგენს მისი ფარდობითი წილი მშპ-სთან მიმართებით (გზავნილები მშპ-ს ფორმირებაში პირდაპირ არ მონაწილეობს, თუმცა მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მოხმარებასა და ინვესტიციებზე).
ემიგრანტთა ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა რადგან მიგრაციული სალდო ყოველწლიურად უარყოფითია, მათი რიცხვი მზარდია. ასევე უცნობია ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ოჯახი იღებს გზავნილებს სისტემატურად. ემიგრანტთა რიცხვისა და გზავნილების მოცულობის გათვალისწინებით, ასეთი ოჯახების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ოჯახების ნაწილისთვის გზავნილები შემოსავლის ძირითადი და ნაწილისთვის ერთადერთი წყაროცაა.
დოლარში გადაყვანით, 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 9.4 მლრდ-ს შეადგენს, 2025 წლის - 9.8 მლრდ-ს (დაანგარიშებისას 2024 და 2025 წლის პირველი კვარტლის საშუალო თვიური კურსებია ნაგულისხმები). შემოსულობების მოცულობა გზავნილებიდან მიღებულ თანხას დაახლოებით 3-ჯერ აღემატება. ბიუჯეტი პირდაპირ გზავნილებით არ ივსება და ეს თაზო დათუნაშვილმაც აღნიშნა, მაგრამ გზავნილებს ბიუჯეტზე მაინც აქვს ირიბი გავლენა. სავაჭრო ობიექტში რაიმეს შეძენისას მომხმარებელი დღგ-ს და ზოგ შემთხვევაში აქციზსაც იხდის.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მონაცემებს სწორად ასახელებს, სიმართლეა ისიც, რომ გზავნილების როლი ქვეყნის ეკონომიკაში და სოციალური გარემოს ფორმირებისას მნიშვნელოვანია, თუმცა გზავნილები ეკონომიკის ერთადერთი მაცოცხლებელი არაა და მის აღსაწერად შეფასება - „სულდგმულობს“, გადაჭარბებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრმა“ თაზო დათუნაშვილის განცხადება ვერდიქტით მეტწილად სიმართლე შეაფასა.
ანალიზი:
12 აპრილს „ტვ პირველის“ გადაცემა „რუსუდან დუმბაძის დღის ამბებში“ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა (51:26-დან): „ეს არის ქვეყანა, სადაც 3.3 მლრდ დოლარი შემოდის ყოველწლიურად ჩვენი ემიგრაციის ხარჯზე, 10 მლრდ დოლარია ამ ქვეყნის ბიუჯეტი და მისი ფაქტიურად მესამედი, ბიუჯეტისა კი არა, მესამედი ოდენობა თანხა ბიუჯეტისა შემოდის. ჩვენი თანამემამულეების ემიგრაციის ფულია ეს და ამით სულდგმულობს ეს ქვეყანა“.
2024 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან 3.4 მლრდ-მდე თანხა გადმოირიცხა. 2023 წელთან შედარებით გზავნილების მოცულობა 19%-ით შემცირდა, თუმცა რუსეთის გამორიცხვით, 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა (2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები 5-ჯერ 400 მლნ-დან 2 მლრდ-მდე გაიზარდა და 2023 წელსაც 1.5 მლრდ-ზე შენარჩუნდა, შესაბამისად, 2024 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების ვარდნა საბაზო ეფექტით იყო გამოწვეული).
ფულადი გზავნილები, მისი ერთეული ოდენობის გათვალისწინებით, გავლენას ძირითადად მშპ-ის ერთ-ერთ კომპონენტ - მოხმარებაზე, ახდენს.
ემიგრანტთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ მიგრაციული სალდო მუდმივად უარყოფითია. მხოლოდ 2022-2023 წლებში საქართველო 118 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ემიგრანტთა რაოდენობა მზარდია. ყოველწლიურად მზარდია საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობაც.
არ არსებობს არც იმის ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ოჯახი იღებს გზავნილებს, თუმცა მზარდი ემიგრაციის პირობებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. ოჯახების ნაწილისთვის საზღვარგარეთიდან მიღებული გზავნილები შემოსავლის მთავარ და ზოგ შემთხვევაში ერთადერთ წყაროსაც წარმოადგენს.
გრაფიკი 1: ფულადი გზავნილები და მისი ფარდობითი წილი მშპ-ში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ფულადი გზავნილები რეალურად მხოლოდ ერთხელ, 2015 წელს შემცირდა, რაც უმთავრესად ძირითადი დონორების - რუსეთისა და საბერძნეთის, შიდა პრობლემებით იყო გამოწვეული. რუსეთიდან გზავნილები 709-დან 432 მლნ-მდე შემცირდა, საბერძნეთიდან - 205-დან 118-მდე. მართალია, 2023 და 2024 წლებშიც კლება დაფიქსირდა, მაგრამ მისი მიზეზი საბაზო პერიოდია და 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების არაბუნებრივად სწრაფ ზრდას უკავშირდება.
თუ გზავნილებს ქვეყნების მიხედვით ჩავშლით, 2024 წლის მდგომარეობით, პირველ ადგილზე - 573 მლნ-ით, შეერთებული შტატები იქნება, 567 მლნ-ით - მეორეზე იტალია და 541 მლნ-ით - მესამეზე რუსეთი. რუსეთი წლების განმავლობაში პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა 2022-2023 წლების გამოკლებით, მისი წილი მუდმივად მცირდებოდა. 2013 წელს რუსეთის წილი გზავნილებში 54%-ს შეადგენდა, 2021 წელს - 18%-ს. 2024 წელს კი 16%-მდე შემცირდა. ბოლო წლებში მსხვილი დონორებიდან ყველაზე მეტად გზავნილები შეერთებული შტატებიდან გაიზარდა. მზარდია გზავნილები ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. 2024 წლის მდგომარეობით, გზავნილებში პირველი 5 ქვეყნიდან სამი: იტალია, გერმანია და საბერძნეთი, ევროკავშირის წევრია.
2022-ის გამოკლებით, მთლიანი ფულადი გზავნილები პროცენტულად ყველაზე მეტად - 25%-ით, 2021 წელს გაიზარდა, რაც მაღალი ალბათობით პოსტ-პანდემიურ პერიოდსა და გაზრდილ ინფლაციას უკავშირდება.
თაზო დათუნაშვილმა შედარება ბიუჯეტთანაც გააკეთა და აღნიშნა, რომ გზავნილები 10 მლრდ დოლარიანი ბიუჯეტის დაახლოებით მესამედია. „ლელოს“ წევრმა იქვე განმარტა, რომ მხოლოდ შედარებას აკეთებდა, რადგან ბიუჯეტი გზავნილებით არ ივსება.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 25.6 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც იმავე წლის საშუალო თვიური კურსის (2.72) მიხედვით, 9.4 მლრდ დოლარია, 2025 წლის გეგმით შემოსულობები 27.6 მლრდ-ს შეადგენს, ეს კი წლის პირველი სამი თვის საშუალო კურსის (2.81) მიხედვით, 9.8 მლრდ დოლარია. შემოსულობების მოცულობა გზავნილებიდან მიღებულ თანხას დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ გზავნილები პირდაპირ ბიუჯეტში არ მიემართება, მას მაინც აქვს გარკვეული ირიბი ეფექტი. სავაჭრო ობიექტებში რაიმეს შეძენისას მომხმარებელი იხდის დღგ-ს და ზოგ შემთხვევაში (ალკოჰოლური სასმელები ( ღვინის გარდა), თამბაქოს ნაწარმი, საავტომობილო საწვავი) აქციზსაც იხდის, თუმცა შეუძლებელია იმის დადგენა, გადახდილი დღგ-დან ფულად გზავნილებს რა წილი ჰქონდა.
თაზო დათუნაშვილი მონაცემებს სწორად ასახელებს. ფულადი გზავნილები 3.3 მლრდ-ზე მეტია და ბიუჯეტიც დოლარში დათვლით 10 მლრდ-მდეა. სიმართლეა ისიც, რომ გზავნილები, მისი მოცულობისა და მიმღებთა რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისთვისა თუ სოციალური გარემოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ მისი მაფორმირებელი ერთადერთი წყარო არაა და შეფასება - „სულდგმულობს“, გადაჭარბებულია, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ თაზო დათუნაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.