ბოლო 4 წლის განმავლობაში,  300 000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი. სიღარიბე არის 11.6%

ლევან დავითაშვილი: ბოლო 4 წლის განმავლობაში, 300 000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი. სიღარიბე არის 11.6%

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

საქსტატის 2023 წლის მონაცემებით[[i]], მოსახლეობის 11.8% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 2019 წელთან შედარებით, ანუ 4-წლიან პერიოდში, აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 288.9 ათასით (7.7 პროცენტული პუნქტით) შემცირდა.

მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკიდურეს სიღარიბეს თავი სოციალური დახმარებებით დააღწია, თუმცა ისინი კვლავ რჩებიან მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში. ამრიგად, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების იმგვარად ინტერპრეტირება, თითქოს მოსახლეობის ამ ნაწილმა სიღარიბე დაძლია, გადაჭარბებულია.

ლევან დავითაშვილი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. მოსახლეობის 18.9% (697,834 ადამიანი) სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებს. სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი სოციალური დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სტატისტიკაში არ ხვდება.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

ლევან დავითაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა: „ბოლო 4 წლის განმავლობაში, პანდემიიდან დღემდე, 300 000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი. სიღარიბე არის 11.6%“.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ ლევან დავითაშვილი განცხადებისას აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, რომელსაც საქსტატი აქვეყნებს. აღნიშნული სტატისტიკა აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში. ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა შესაძლოა, თავი დააღწია უკიდურეს სიღატაკეს, თუმცა უმეტესწილად ისინი კვლავ რჩებიან მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში. შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების იმგვარად ინტერპრეტირება, თითქოს მოსახლეობამ სიღარიბე დაძლია, გადაჭარბებულია.

აბსოლუტური სიღარიბის 2024 წლის მაჩვენებელი ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული. შესაბამისად, გასაანალიზებლად 2019-2023 წლების მაჩვენებლები ავიღეთ, ვინაიდან პოლიტიკოსი 4-წლიან პერიოდზე საუბრობს.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილმა 11.8% შეადგინა, რაც მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით დაახლოებით 435.9 ათასი ადამიანია. 2019 წელთან შედარებით, აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 288.9 ათასით (7.7 პროცენტული პუნქტით) შემცირდა.

2020 წელს, ანუ პანდემიის პერიოდში, აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 69.4 ათასით გაიზარდა. 2021-2023 წლებში კი აბსოლუტური სიღარიბის დონე ყოველწლიურად მცირდებოდა (იხილეთ გრაფიკი 1).

როდესაც სიღარიბის შემცირებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, თუ რის ხარჯზე შემცირდა აბსოლუტური სიღარიბის დონე. სიღარიბის შემცირებაზე გავლენა იქონია ოჯახის შემოსავლების ზრდამ, რომელიც მოიცავს არამხოლოდ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს, არამედ ემიგრაციიდან მიღებულ ფულად გზავნილებს და სოციალურ დახმარებებს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აბსოლუტურ სიღარიბეს სწორედ სოციალური შემწეობებით [ბავშვის ფულადი დახმარება, საარსებო შემწეობა, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა და ა.შ.] დააღწია თავი, თუმცა ისინი კვლავ რჩებიან მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო წლებში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის თებერვლის მონაცემებით, მოსახლეობის 18.9% (697,834 ადამიანი) საარსებო შემწეობის მიმღებია. 2019 წელთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 270,461 ადამიანით (63.3%-ით) არის გაზრდილი. აქვე განვმარტავთ, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა დიდწილად მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობის ზრდამ (სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია) განაპირობა. ამასთან, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდაზე, პირდაპირი გავლენა მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ და პროგრამის გაფართოებამ იქონია.

ბოლო წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარებაც. ამასთან, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა ამოქმედდა, პროგრამაში ჩართული პირები საარსებო შემწეობასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში დამატებით 300 ლარს იღებენ. სწორედ ამ მინიმალური ფულადი ბენეფიტების ხარჯზე, სოციალურად დაუცველთა გარკვეულ ნაწილს საარსებო მინიმუმი გაუჩნდა და, შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში აღარ ხვდება. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მათ სიღარიბე დაძლიეს. ცხადია, რომ სოციალურად დაუცველები არიან უკიდურესად მოწყვლადები, რომლებიც სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას საჭიროებენ.

ამრიგად, პოლიტიკოსის მიერ დასახელებული სტატისტიკურ მონაცემები რეალურ მაჩვენებლებთან ახლოსაა, თუმცა მტკიცება, რომ ამ ადამიანებმა დაძლიეს სიღარიბე, გადაჭარბებულია. ლევან დავითაშვილი უგულებელყოფს იმ ფაქტსაც, რომ ბოლო წლებში რეკორდულად გაიზარდა ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა (საარსებო შემწეობის მიმღებთა) რაოდენობა, რამაც აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკური მაჩვენებლების შემცირებაზე პირდაპირი გავლენა იქონია. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ლევან დავითაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

[i] 2024 წლის მონაცემები მაისში გამოქვეყნდება


პერსონები

ყველა სიახლე