„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომამდე სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღო სისხლი სამართლის კოდექსიდან

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომამდე სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღო სისხლი სამართლის კოდექსიდან

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მანიპულირება

ანალიზი:

2025 წლის 17 თებერვალს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება დააანონსა. „ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება და უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან. რაც უნდა ვინმეს გაუკვირდეს, თუ არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ფაქტ-მეტრმა“ მამუკა მდინარაძის განცხადება გადაამოწმა.

მამუკა მდინარაძე საკითხს იმგვარად წარმოაჩენს, თითქოს, 2007 წელს, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან იმიტომ ამოიღო, რომ 2008 წლის ომში სამშობლოსთვის ეღალატა და არ დასჯილიყო. რეალურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ სისხლის სამართლის კოდექსი არსობრივად არ შეუცვლია.

2007 წლის 27 აპრილამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი გვთავაზობდა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების ჩამონათვალს და მათ ყველას სახელად „სახელმწიფო ღალატს“ არქმევდა. ამ ჩამონათვალში შედიოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა), 309-ე (ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება), 310-ე (საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა), 311-ე (უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა), 312-ე (საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა), 313-ე (სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა), 314-ე (ჯაშუშობა), 315-ე (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად), 318-ე (საბოტაჟი) და 319-ე (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლები.

2007 წლის 27 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ 307-ე მუხლი კოდექსიდან იქნა ამოღებული, თუმცა ის მუხლები, რომლებსაც კოდექსის 307-ე მუხლი ჩამოთვლიდა და ყველას ერთიანად ერთ სახელს - „სახელმწიფოს ღალატი“ არქმევდა, კოდექსში უცვლელად დარჩა. შესაბამისად, 2007 წლის 27 აპრილის ცვლილებების შემდგომ არცერთი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ითვალისწინებდა, არ გაუქმებულა. აღნიშნული დანაშაულები დღემდე დასჯადია და მათ აერთიანებს სისხლის სამართლის კოდექსის კარი მეთერთმეტე - დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

307-ე მუხლის სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებაზე კომენტარი პოლიტიკოსებს აქამდეც გაუკეთებიათ. კერძოდ - ჯერ კიდევ 2020 წელს დავით გარეჯის საქმის პარალელურად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო ღალატის მუხლზე საუბრობდა. „პარლამენტმა 2007 წელს სახელმწიფო ღალატის მუხლი მას შემდეგ გააუქმა, რაც ერთ-ერთი მორიგი შეთანხმების დროს 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა“, - აცხადებდა მამუკა მდინარაძე. საკითხს მაშინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. სალომე სამადაშვილის თქმით, „ეს იყო კრეფსითი მუხლი, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა სხვა მუხლი, რომელშიც არის აღწერილი, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესების ღალატად, რომლებიც, რა თქმა უნდა, ყველა დარჩა ძალაში, უბრალოდ კრეფსითი მუხლი 307, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის დანაშაული, რომელიც გაწერილია სხვა მუხლებში, იყო ამოღებული“. საკითხი შეაფასა ნიკა გვარამიამაც: „რაც შეეხება, რატომ მოიხსნა სათაურადაც კი სამშობლოს ღალატი, გეტყვით მარტივად - ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და შუამდგომლობა რომ ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც ამ ნორმით იყო დაკავებული, სამშობლოს მოღალატედ არ ჩაითვალოს. ესე გვთხოვეს, რომ სამშობლოს ღალატი, ეს მძიმე კლიშე რომ მოეხსნას, იქნება ამ ნორმას შეუცვალოთ სათაურიო. ამის გარდა, ამ ბლანკეტური ნორმის საჭიროება არ იყო, ამას ანგარიში გაეწია და მოხდა ეს ცვლილება. ნორმები, შემადგენლობები, რომლებიც მითითებული იყო დარჩა ყველა“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღების თაობაზე დამატებით შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის” სტატიები - ბმული 1; ბმული 2.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი ამოღებულ იქნა 2007 წელს, თუმცა ამას რეალურად პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ღალატისთვის არ გაუუქმებია, „ფაქტ-მეტრი“ მამუკა მდინარაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მანიპულირება.