საქართველო ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ ყაველაშვილის განცხადება არის მცდარი.

ნომინალურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა და მან 2.2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. 2023 წელს ინვესტიციები 15%-ით - 1.9 მლრდ დოლარამდე შემცირდა. 2024 წლის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ პირველ სამ კვარტალზე არსებობს და ამ სამ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დამატებით 40%-ით - 1.6 მლრდ-დან 966 მლნ დოლარამდე შემცირდა.
თანხობრივზე მეტად შემცირებულია ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი. 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობამ მშპ-სთან მიმართებით 6.8% შეადგინა, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუ მეოთხე კვარტალში ნახტომისებური ზრდა არ დაფიქსირდა, ეს ფარდობა 2024 წელს კიდევ უფრო ნაკლები იქნება.
პანდემიის შემდეგ ინვესტიციებში რეინვესტირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, ახალი ინვესტიციების შემოდინება კი შემცირდა.
2023-2024 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანხობრივი კლების, მათში ახალი ინვესტიციების კლებისა და მშპ-სთან ფარდობის შემცირების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ მიხეილ ყაველაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.

ანალიზი:

მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ინვესტიციებზე საუბრისას განაცხადა: „საქართველო ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის. რომ არა მშვიდობის უზრუნველყოფა, ჩვენ ვერ შევძლებდით ამ ყველაფერს“.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გრძელვადიანი პერიოდისთვის ერთი გამორჩეული აღმავალი ან დაღმავალი ტრენდით არ ხასიათდება. ხშირად ის უფრო ცალკეულ პროექტებს, ან წილებში მესაკუთრის ცვლილებას უკავშირდება. მაგალითად შეიძლება ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენი, შაჰ-დენიზის გაზსადენი და ესპანური კომპანიის მიერ ჯივიპის შესყიდვა დასახელდეს.

თუ ბოლო წლებში პანდემიის შემდგომ პერიოდს ავიღებთ, ზრდა მხოლოდ ერთხელ - 2022 წელს ფიქსირდება, 2023 წელს ინვესტიციები 15%-ით შემცირდა. კლება 2024 წლის პირველ სამ კვარტალშიც გაგრძელდა და იანვარ-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 40%-იანი და 2022 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 50%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

ინვესტიციები თანხობრივი გამოხატულების გარდა, მშპ-სთან ფარდობაშიც იზომება. ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდისა და ინვესტიციების თანხობრივი კლების ფონზე, ეს ფარდობა ორმაგად შემცირებულია.

2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ნომინალურად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 2.2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, თუმცა თუ დოლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილებას გავითვალისწინებთ, 2007, 2014 და 2017 ინვესტიციები უფრო მაღალ ნიშნულს აღწევდა.

მშპ-სთან მიმართებით თუნდაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში 2014-2017 წლებში მდგომარეობა უკეთესი იყო, ვიდრე 2022 წელს, 2023 წელს ეს ფარდობა დამატებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და მსოფლიო ბანკი

ინვესტიციებმა კლება 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ხუთი კვარტლიდან ოთხ შემთხვევაში ინვესტიციების მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ჩამორჩა. 2024 წელს, როგორც პირვ კვარტალში, ასევე ორი კვარტლისა და სამი კვარტლის ჯამური მონაცემი 2022-ისა და 2023 წლის ანალოგიურ მეჩვენებლებთან შედარებით შემცირდა. ერთადერთ გამონაკლისს 2024 წლის მეორე კვარტალი წარმოადგენდა, რომელმაც ბალანსის შეცვლა ნახევარწლიურადაც ვერ შეძლო.

გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვარტლების მიხედვით (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა იმისა, რომ ინვესტიციები თანხობრივად შემცირებულია, შემცირებულია ახალი ინვესტიციის მაჩვენებელიც და საბოლოო სტატისტიკური მონაცემი ძირითადად რეინვესტირების ხარჯზე ფორმირდება.

გრაფიკი 3: რეინვესტირების მაჩვენებელი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რეინვესტირების მაჩვენებელი მკვეთრად პირველად 2017 წელს ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა. ესტონური მოდელი რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობდა. თუ 2013-2016 წლებში რეინვესტირების მაჩვენებელი საშუალოდ 18%-ს შეადგენდა, 2017-2019 წლებში გაორმაგდა და 37%-ს მიაღწია. კოვიდის შემდეგ 2021-2024 წლებში კი 74%-ს. გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებსაც კი აჭარბებს. ზოგადად, რეინვესტირება დადებითი მოვლენაა, მაგრამ ახალი ინვესტიციების სიმცირე გარკვეულ პრობლემებზე მიუთითებს და არა მიმზიდველობის ზრდაზე, როგორც ეს მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

თუ ინვესტიციებს ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით ჩავშლით, შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან ბოლო წლებში კლებას მივიღებთ. ევროინტეგრაციისადმი სწრაფვა კონსტიტუციაშია ჩაწერილი (მუხლი #78), შეერთებული შტატები კი 2024 წლის დეკემბრამდე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენდა.

გრაფიკი 4: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იანვარ-სექტემბერი (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წლის პირველ სამ კვარტალში აშშ-დან, ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან საქართველოში ჯამურად 554 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1.4 მლრდ-ის, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში - 970 მლნ-ისა და და 2024 წლის იანვარ-სექტემბერში - 513 მლნ-ის ანუ უფრო ნაკლების, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში, მაშინ, როცა კოვიდრეგულაციების ნაწილი ჯერ კიდევ მოქმედებდა.

ბოლო ორი წელია ინვესტიციები თანხობრივად კლებულობს, კიდევ უფრო დიდი ვარდნაა მშპ-სთან მიმართებით. შემცირებულ ინვესტიციებშიც ახალი ინვესტიციების წილი მიზერულია და ძირითადი დატვირთა რეინვესტირებაზე მოდის. კლების მასშტაბი საგრძნობია და ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი (მაგ. აშშ-დან, ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან). უფრო ადრე 2022 წელს მართალია, თანხობრივი რეკორდი დაფიქსირდა, მაგრამ მხოლოდ ნომინალურად, დოლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილების გათვალისწინებით, რეკორდული არც ეს წელი ყოფილა. აქედან გამომდინარე, მიხეილ ყაველაშვილის განცხადება, რომ თითქოს ბოლო წლებში საქართველოს მიმართ დაინტერესება გაიზარდა, „ფაქტ-მეტრმა“ შეაფასა როგორც მცდარი.