რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ვიზიტით იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, EMAAR Group-ი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს.
ირაკლი კობახიძის დელეგაციაში იყო თორნიკე რიჟვაძეც, რომელმაც 27 იანვარს მედიასთან ვიზიტის შედეგზე კომენტარი გააკეთა. მან თქვა: „ვიზიტის შედეგი გახლავთ ის მრავალმილიონიანი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება თბილისსა და აჭარაში, კერძოდ, გონიოს პოლიგონის განვითარების კუთხით. ეს არის გლობალური საინვესტიციო კომპანია, რომელიც ახალ ბრენდს, ახალ ტექნოლოგიებს შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის მიმართ არის გამოხატული მაღალი ნდობა და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ინვესტიციის ფარგლებში ათასობით და ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.“
ეს იყო 2025 წლის 27 იანვარს, მაგრამ არა - პირველი და ერთადერთი დაპირება. ამიტომ „ფაქტ-მეტრი“ შეგახსენებთ, რამდენჯერ გახდა გონიოს პოლიგონის საკითხი „ქართული ოცნების“ დღის წესრიგის წამყვანი თემა.
2014 წლის 22 ოქტომბერს აჭარაში გაიმართა შეხვედრა, რომელიც გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიის საინვესტიციო პოტენციალის კვლევას მიეძღვნა. გონიოს ტერიტორიის განვითარების პირველადი კონცეფცია Colliers-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს. შეხვედრას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Colliers International-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის განცხადებით, პროექტის მიზანი იყო ყოფილი სამხედრო პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიების, ჯამში 315 ჰა, საინვესტიციო პოტენციალის დადგენა. საქართველოს მთავრობასა და კომპანია Colliers International Specialist and Consulting UK LLP-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში, დაგეგმილი იყო ბაზრის კვლევა; განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება; ტერიტორიის ზონებად დაყოფა და ზონების კატეგორიის, კლასის განსაზღვრა; თითოეული ზონის სტრატეგიული დაგეგმარება. 2015 წელს ბათუმში ასეთი შეხვედრა კვლავ შედგა. ამჯერად კომპანიამ დაინტერესებულ მხარეებს სამი სავარაუდო კონცეფცია წარუდგინა. იმის გათვალისწინებთ, რომ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში განლაგებული იყო რუსული ჯარი, რომელმაც ის 2005 წელს დატოვა, საჭირო გახდა განაღმვითი სამუშაოების განხორციელება. განაღმვითი სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. ამისთვის სარეზერვო ფონდიდან 470 000 ლარი გამოიყო. 2017 წელს გონიოს პოლიგონის განვითარების კონცეფცია საბოლოო სახით ჯერ კიდევ არ არსებობდა, დოკუმენტზე კომპანია მუშაობას აგრძელებდა. პარალელურად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თქმით, ტერიტორიით არაერთი ინვესტორი ინტერესდებოდა.
„დაინტერესებულ ინვესტორებში“, როგორც ჩანს, მოიაზრება გაერთიანებული არაბთა საამიროების შეიხი, „დაბი ჯგუფის“ წარმომადგენელი ნაჰაიანი, რომელსაც 2016 წლის აგვისტოში ყოფილმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, მასპინძელმა სტუმარს გონიოს განვითარების პოტენციალიც გააცნო. მაშინ ქუმსიშვილმა თქვა: „დღეს შეიხ ნაჰაიანს დავათვალიერებინეთ აჭარის ტურისტულ რეგიონში არსებული საინვესტიციო პოტენციალი, მათ შორის მოვინახულეთ გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელსაც ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს, რაც, მარტივი გათვლებით, სამ მილიარდ დოლარამდეა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ აქ მოხდეს საუკეთესო განვითარება. აჭარის მთავრობასთან ერთად ვნახეთ ტერიტორია, კიდევ ერთხელ გავაკეთეთ მისი პოტენციალის პრეზენტაცია და დარწმუნებულები ვართ, რომ ცოტა ხანში გვექნება კონკრეტული შედეგები.“ 2021 წლის სექტემბერში აღნიშნული საკითხი თორნიკე რიჟვაძემ კვლავ გაააქტიურა. კერძოდ, ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში მან ახსენა, რომ აჭარის მთავრობა მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ერთად, რათა ეს პროექტი ძალიან მალე დაიწყოს.
ამ შეხვედრების, განცხადებებისა და დაპირებების მიუხედავად, მთავრობას დღემდე არც გეგმა გაუსაჯაროებია და არც გონიოთი დაინტერესებული ინვესტორი გამოჩენილა. სხვათა შორის, თუ დავაკვირდებით, როდის აქტიურდება გონიოს პოლიგონის განვითარების საკითხი, ვნახავთ, რომ ის „ქართული ოცნებისთვის“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან და რთულ პერიოდებს ემთხვევა. მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებს, რომლის პარალელურადაც აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება, ან ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებს. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში „იმედის“ ეთერში გასული გადაცემის შემდეგ, ერთ თვეში, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ჩატარდა. აჭარის არაერთ მუნიციპალიტეტში მეორე ტური გახდა საჭირო და „ქართულ ოცნებას“ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ საკუთარი კანდიდატები გაეყვანა. იმ არჩევნებმა აჭარის მოსახლეობას არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა და გამოუძიებელი საქმე დაუტოვა, ხოლო ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კრიზისი რამდენიმე თვეს გაგრძელდა.
ამჯერადაც, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რასაც წინ უძღოდა არჩევნების შედეგებისადმი ამომრჩევლის ნაწილის, ასევე, არაერთი ქართული თუ საერთაშორისო ორგანიზაციის, დასავლელი პარტნიორების მხრიდან გამოხატული უნდობლობა. „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკას, საქართველოში მიმდინარე უწყვეტ აქციებს, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებს მყისიერად მოჰყვა შესაბამისი განცხადებები უცხოელი პარტნიორების მხრიდან. მას შემდეგ, რაც ადრესატმა არც ერთი არ გაითვალისწინა, დაიწყო სანქციების ეტაპი. პარალელურად, მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე ალაპარაკდა ბიზნესის ნაწილი. ამავდროულად, რამდენიმე დასავლურმა ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ მთავრობას სხვადასხვა პროექტის დაფინანსება შეუჩერა, მათ შორის აღმოჩნდა აჭარაში დაგეგმილი წყლისა და წყალარინების მსხვილი პროექტი, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აფინანსებს.
ასეთ კრიზისულ სიტუაციაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტსა და აბუ დაბის მმართველს, ასევე EMAAR Group-ის თავმჯდომარეს, მოჰამედ ალი რაშიდ ალაბარს.
სხვათა შორის, გონიოს განვითარებაზე წინა ხელისუფლებაც საუბრობდა. 2010 წელს უკვე ჩატარებული იყო გარკვეული სამუშაოები და რენდერიც არსებობდა. ამ თემაზე ფაქტ-მეტრმა კვლევა 2021 წელს გამოაქვეყნა. იმ დროს ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას, რომელმაც რენდერებსა და პროექტზე იმუშავა. კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ პროექტი მოიწონა, მაგრამ მის განხორციელებაზე უარი თქვა.
დამატებითი ინფორმაცია:
საინტერესოა ის გარემოება, რომ საამიროების ტოლერანტობის მინისტრი ნაჰაიანი სწორედ ის შეიხია, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩამოვიდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის სააკაშვილს ძმასა და საქართველოს ბუნებრივ რესურსს უწოდებს. შეიხმა საქართველოს ასი ათასი პალმა აჩუქა, რომლებიც ბათუმში დარგეს და ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ხეივანს მისი სახელიც კი უწოდეს. მაშინდელი ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეს სამომავლოდ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ნაჰაიანი ესწრებოდა 2016 წელს თბილისში სასტუმრო „ბილტიმორის“ გახსნას, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დაიწყო. სწორედ იმავე ნაჰაიანს უმასპინძლა 2016 წელს დიმიტრი ქუმსიშვილმაც და როგორც აღმოჩნდა, ირაკლი კობახიძეც ამავე შეიხს შეხვდა.
ფოტოები: პირველი არხი/ბათუმელები-ნეტგაზეთი