დავით სონღულაშვილი: ღვინისა და სპირტიანი სასმელების ჯამურმა ექსპორტმა 565 მლნ დოლარს მიაღწია, ბაზარი დივერსიფიცირებულია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით სონღულაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
2024 წელს ექსპორტზე 276 მლნ დოლარი ღვინო და 289 მლნ დოლარის სპირტიანი სასმელები გავიდა. ჯამურმა ექსპორტი 2023 წელთან შედარებით 24%-ით, 455-დან 565 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
2024 წელს ღვინის 66% და სპირტიანი სასმელების 54% რუსეთში გაიყიდა. როგორც უშუალოდ 2024 წელს, ასევე ბოლო რამდენიმე წელიწადში რუსეთზე დამოკიდებულება გაიზარდა. გარდა იმისა, რომ რუსეთში გასაყიდი საექსპორტო ფასი საშუალოზე დაბალია, ნებისმიერ ერთ ქვეყანაზე მაღალი დამოკიდებულება რისკებთანაა დაკავშირებული. რუსეთის შემთხვევაში, რისკები კიდევ უფრო მაღალია.
ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში, „ქართულ ოცნებაში“ რამდენჯერმე განაცხადეს, რომ რთვლის სუბსიდირება დასრულდებოდა, თუმცა ის პრაქტიკულად არასდროს დასრულებულა. პირდაპირი სუბსიდირების გარდა, სახელმწიფო კომპანიები დაწუნებული ყურძნის შესყიდვასა და სპირტად გამოხდის პრაქტიკას განაგრძობენ, რაც ეფექტიან პოლიტიკად ვერ ჩაითვლება.
სტატისტიკურად სწორი მონაცემებისა და ტენდენციების მცდარად დასახელების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ დავით სონღულაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
ანალიზი:
მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა ქართული ოცნებიდან დავით სონღულაშვილმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტთან დაკავშირებით განაცხადა: „ხელისუფლების მიერ გატარებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, 2023 წელთან შედარებით, 24%-ითაა გაზრდილი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია ექსპორტირებულია 70 ქვეყანაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზრები დივერსიფიცირებულია. ექსპორტის ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის მიმართულებით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა პოლონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ., რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს დარგთან მიმართებით არის სწორი და თანმიმდევრული“.
2024 წელს ექსპორტზე 276 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო და 289 მლნ დოლარის სპირტიანი სასმელი გავიდა. ღვინის ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი. 99%-ს აჭარბებს და რეექსპორტი მხოლოდ 1.5 მლნ-ია, სპირტიან სასმელებში ადგილობრივი ექსპორტი 250 მლნ-ს შეადგენს და რეექსპორტი 13%-ზე ოდნავ მეტს - 29 მლნ-ს.
როგორც მთლიან, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით, საქმე გვაქვს თანხობრივად რეკორდულ მაჩვენებლებთან. მათი ჯამური ექსპორტი (რეექსპორტის ჩათვლით) მართლაც 565 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და 2023 წელთან შედარებით ნამდვილად 24%-ით არის გაზრდილი. ბოლო ერთ წელიწადში ღვინის ექსპორტი 7%-ით და სპირტიანი სასმელების ექსპორტი 47%-ით გაიზარდა.
განცხადების მეორე ნაწილი ბაზრების დივერსიფიცირება ეხებოდა. 2024 წელს რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში 66%-ს მიაღწია, რაც ემბარგოს მოხსნის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გრაფიკი 1: ღვინის ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2024 წელს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებში ექსპორტზე სულ 93 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 15 მლნ-ით ნაკლებია და 2019 წლის მონაცემს მხოლოდ 3 მლნ დოლარით აღემატება, თუმცა თუ დოლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილებასაც გავითვალისწინებთ, 2019 წელთან შედარებითაც კლება დაფიქსირდება.
დავით სონღულაშვილმა ოთხი კონკრეტული სახელმწიფოც დაასახელა: აშშ, პოლონეთი, გერმანია და ბრიტანეთი. 2024 წელს ამ ოთხ ქვეყანაში ღვინის ექსპორტი 18%-ით (26.5-დან 31.4 მლნ დოლარამდე) გაიზარდა. ამ ოთხი ქვეყნის ჯამურმა წილმა მთლიან ექსპორტში 11.4% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში ექსპორტი 2019-2024 წლებში 3-ჯერ გაიზარდა, მისი წილი მთლიან ექსპორტში დღესაც 0.7%-ზე ნაკლებია.
გრაფიკი 2: ღვინის ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ღვინის მსგავსად, სპირტიანი სასმელების ექსპორტშიც რუსეთი ლიდერობს, მისმა წილმა ემბარგოს მოხსნის შემდეგ 50%-იან ზღვარს პირველად 2024 წელს გადააჭარბა. დამოკიდებულება ერთბაშად 20 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
გრაფიკი 3: სპირტიანი სასმელების ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დასახელებული ოთხი ქვეყნის წილი სპირტიანი სასმელების ექსპორტში კიდევ უფრო მცირეა. აშშ-ში, ბრიტანეთში, გერმანიასა და პოლონეთში 2024 წელს სულ 4.2 მლნ დოლარის სპირტიანი სასმელი გაიყიდა, რაც ჯამური ექსპორტის 1.5%-ია.
გრაფიკი 4: სპირტიანი სასმელების ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დავით სონღულაშვილმა ეს ოთხი სახელმწიფო სტრატეგიულ მიმართულების მქონედ მოიხსენია და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ღვინის შემთხვევაში, მართალია, პოლონეთი მეორე ადგილს იკავებს, მაგრამ აშშ მეექვსე ადგილზეა, გერმანია მერვეზე და ბრიტანეთი მეთერთმეტეზე. რაც შეეხება სპირტიან სასმელებს, ამ შემთხვევაში, აშშ მეათე ადგილს იკავებს, პოლონეთი მეთხუთმეტეს, გერმანია ოცდამეშვიდეს და ბრიტანეთი ოცდამეთვრამეტეს. დავით სონღულაშვილს არათუ რუსეთი, არც უკრაინა უხსენებია, არც ყაზახეთი, არც ჩინეთი, არც სომხეთი, არც ბელარუსი და არც საფრანგეთი ანუ ის ქვეყნები, სადაც 2024 წელს ყველაზე მეტი ღვინო და სპირტიანი სასმელი გაიყიდა.
გრაფიკი 5: ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი 2024 წელს (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დავით სონღულაშვილმა ისიც თქვა, რომ ღვინო ექსპორტზე 70 ქვეყანაში გადის, რაც ფორმალურად სიმართლეს შეესაბამება, საქსტატის ცნობით, 2024 წელს ღვინო ექსპორტზე 72 სახელმწიფოში გავიდა, თუმცა 100 ათას დოლარიან ნიშნულს მხოლოდ 40 ქვეყანაში გადააჭარბა და ბოლო 32 სახელმწიფოში ჯამურად მხოლოდ 877 ათასი დოლარის ღვინო გაიყიდა.
ნებისმიერ ერთ ქვეყანაზე მაღალი დამოკიდებულება ეკონომიკურად გაუმართლებელი და რისკის შემცველია. პოლიტიკური კონიუნქტურა რუსეთის შემთხვევაში რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. გარდა იმ რისკისა, რომ რუსეთმა ერთ დღეს შესაძლოა, კვლავ ემბარგო დააწესოს, რუსეთი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იაფ ბაზრად რჩება. 2024 წელს 1 ლიტრი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი რუსეთში 2.74 დოლარს შეადგენდა, სხვა ყველა ქვეყანაში საშუალოდ 21%-ით მეტს 3.32 დოლარს. სპირტიანი სასმელების შემთხვევაში, საშუალო საექსპორტო ფასი რუსეთშიც და სხვა ქვეყნებშიც 3.90 დოლარია.
ყოფილმა დეპუტატმა ხაზი „ხელისუფლების მიერ გატარებული თანმიმდევრულ პოლიტიკასაც“ გაუსვა, რითაც ექსპორტის თანხობრივი ზრდა ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნია.
12 წლის განმავლობაში, „ქართულ ოცნებაში“ რამდენჯერმე განაცხადეს, რომ რთვლის სუბსიდირების პროგრამა დასრულდებოდა, თუმცა ის რეალურად არასდროს დასრულებულა[1]. ღვინის ქარხნები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდებიან იმ პირობით თუ კონკრეტული ჯიშის ყურძენს წინასწარ განსაზღვრულ ფასად ჩაიბარებენ. პირობითად, თუ ერთ კილოგრამ რქაწითელს 60 თეთრად ჩაიბარებენ, კილოგრამზე 30 თეთრს უმატებენ, რის შემდეგაც ჩამბარებლისთვის ჩასაბარებელი ფასი 90 თეთრი ხდება. გარდა ამისა, იმ ყურძენს, რომელსაც ქარხნები სუბსიდიითაც არ იბარებენ, სახელმწიფო კომპანიები ყიდულობენ და ძირითადად სპირტს ხდიან. 2013-2024 წლებში რთვლის პირდაპირ და ირიბ (სახელმწიფო კომპანიების მიერ ყურძნის შესყიდვა) სუბსიდირებაზე ჯამში 766 მლნ ლარი დაიხარჯა. გადასახადების გადამხდელების ფულით სუბსიდია და იძულებითი შესყიდვა ეფექტიან პოლიტიკად ვერ შეფასდება.
გრაფიკი 6: რთვლის სუბსიდირებაზე დახარჯული თანხები (მლნ. ლარი)
წყარო: მთავრობის ადმინისტრაცია
საერთო ჯამში, დავით სონღულაშვილი სტატისტიკის ნაწილში მართალია. ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი ნამდვილად 24%-ით,565 მლნ-მდე გაიზარდა (რეექსპორტის ჩათვლით), თუმცა დივერსიფიცირების დონე არათუ გაიზარდა, პირიქით შემცირდა. ორივე შემთხვევაში, გაიზარდა რუსეთის წილი, რომელიც პოლიტიკური სიტუაციის გამო, მომეტებულ რისკთანაა დაკავშირებული. წარმატებულ პოლიტიკად ვერც დაუსრულებელი სუბსიდია შეფასდება. ყველა ამ ფაქტობრივი გარემოებისა და ტენდენციის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ დავით სონღულაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.