• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რთვლის სუბსიდირებაზე მიმდინარე წელს ჯამში 85 მლნ ლარი დაიხარჯა

რთვლის სუბსიდირებაზე მიმდინარე წელს ჯამში 85 მლნ ლარი დაიხარჯა

ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის გადასამუშავებლად თანხებს ძირითადად „ქართული ოცნების“ შემწირველი კომპანიები იღებენ

17/12/2024
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საქართველოში ყურძნის ფასის სუბსიდირება 2008 წლიდან იწყება, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა. ვინაიდან იმჟამინდელი ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთის ფედერაცია გახლდათ, ემბარგომ იმდროინდელ ქართულ მეღვინეობას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოუტანა. ამ ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად და მევენახეების საქმიანობისთვის რენტაბელობის შესანარჩუნებლად, ყურძნის ფასის სუბსიდირება გახდა საჭირო. 2008-2012 წლამდე ყურძნის სუბსიდირების პროგრამა მცირე მასშტაბის იყო. კერძოდ, 1 კგ რქაწითლის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება საქართველოს ბიუჯეტს 0.15 ლარი უჯდებოდა, საფერავის ჯიშის - 0.25 ლარი და მუჯურეთული/ალექსანდროული კი 1 კგ -1 ლარი. ბიუჯეტიდან რთვლის ხელშესაწყობ ღონისძიებებში აღნიშნულ წლებში საშუალოდ 6-7 მილიონი ლარი იხარჯებოდა.

სიტუაცია 2013 წლიდან შეიცვალა, როდესაც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, სხვადასხვა ჯიშის ყურძნის სუბსიდირების თანხა გაიზარდა, კერძოდ, რქაწითელსა და საფერავის ჯიშებზე სუბსიდირებამ 0.40 და 0.35 ლარი შეადგინა, ხოლო მუჯურეთულ/ალექსანდროულზე 1 ლარი უცვლელად შენარჩუნდა. შესაბამისად, ბიუჯეტიდან ჯამურად გამოყოფილი თანხის მოცულობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2013 წელს 32 მილიონ ლარს მიაღწია.

სუბსიდირების სტრუქტურა 2017 წლიდან რადიკალურად შეიცვალა, რაც იმას გულისხმობდა, რომ მთავრობა ყურძნის ფასის სუბსიდირებიდან გავიდა, თუმცა ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საწარმოებს თანხა მაინც გამოუყო. შესაბამისად, 2017 წლის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხარისხიან თეთრ ყურძენზე სუბსიდია არ გაიცა. სუბსიდია მხოლოდ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე შენარჩუნდა და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესაძენად გამოიყო თანხა, რომელიც იმ ღვინის კომპანიებმა მიიღეს, რომელთაც საბრენდე სპირტის და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დასამზადებლად, ერთი კილოგრამი ყურძენი (რქაწითელი და კახური მწვანე) არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდეს. საკომპენსაციო თანხა 1კგ. ყურძენზე 0.35 ლარი იყო.

2018-2019 წლებში მთავრობას ყურძნის ფასის სუბსიდირება აღარ განუხორციელებია, თუმცა ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძენი შეისყიდა და ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმო „აკურას“ ორივე წელს 10-10 მილიონი ლარი გამოუყო, რაც, შეიძლება ითქვას, რთვლის ირიბი სუბსიდირება იყო. 2019 წელს 10 მლნ საკმარისი არ აღმოჩნდა და ამავე მიზნით აკუმულირებულმა თანხამ ჯამში 80 მლნ ლარი შეადგინა.

2020 წელს, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ ყურძნის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილება კვლავ მიიღო, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი გამოიყო. გარდა აღნიშნულისა, ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შესაძენადაც გამოიყო დამატებითი თანხა და საბოლოო ჯამში, რთვლის სუბსიდირებამ 87.1 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულ წელს მთავრობამ 95 000 ტონა ყურძენი შეისყიდა.

2021 წელს რთვლის სუბსიდირებისთვის ჯამში 138 მლნ ლარი დაიხარჯა. სუბსიდიის ძირითადი თანხა სახელმწიფოს კუთვნილ შპს „მოსავლის მართვის“ კომპანიას ჩაერიცხა (107 მლნ ლარი). კომპანიას აღნიშნული თანხის სანაცვლოდ როგორც საღი, ასევე სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი უნდა ჩაებარებინა და ასევე მიღებული მოსავალი გადაემუშავებინა.

2022 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთვლის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული (განხორციელდა როგორც თეთრი ყურძნის, ასევე რაჭის ზონაში შავი ყურძნის ფასის სუბსიდირება და ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვა). 2023 წელს რთვლის ხელშემწყობ ღონისძიებებზე ჯამში 90 მლნ ლარი დაიხარჯა, მიმდინარე წელს ამავე მიზნით 85 მლნ ლარი გამოიყო, რაც ყურძნის ფასისი სუბსიდირებას (35 მლნ) და ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვას მოიცავს (50 მლნ ლარი).

ცხრილი 1: 2008-2024 წლებში ყურძნის ცალკეული ჯიშების სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა და ჯამური ხარჯი (ლარებში)


როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, სუბსიდირების თანხები 2013 წლიდან იზრდება, შემდგომ 2016-2018 წლებში კლების ტენდენცია იკვეთება. მთავრობამ 2018 წლიდან სუბსიდირებიდან გასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა საბოლოო ჯამში ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შეძენა მაინც განახორციელა. რთვლის სუბსიდირების თანხები განსაკუთრებით ბოლო წლებში არის გაზრდილი, რაც იმით არის განპირობებული, რომ ყურძნის ფასის სუბსიდირების გარდა, მთავრობა ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შესყიდვასაც ახორციელებს. ყურძნის გაზრდილი მოსავლის გამო კი ყოველწლიურად ბაზარზე დარჩენილი სულ უფრო მეტი ჭარბი ყურძნის შესყიდვა უწევს.

ზოგადად, სუბსიდირება მსოფლიოში აღიარებული მეთოდია და იგი რეალურად დარგის გადარჩენას, განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას უნდა ემსახურებოდეს. საქართველოში მდგომარეობა სხვაგვარადაა. სუბსიდირების პირველ ეტაპზე, როდესაც ქართულმა ღვინომ გასაღების ძირითადი ბაზარი დაწესებული რუსული ემბარგოს გამო დაკარგა, სუბსიდირება გამართლებული იყო. მაგრამ უკვე 2018 წლიდან აღნიშნულმა სხვა შინაარსი შეიძინა.

ბოლო წლებში ყურძნის ფასის სუბსიდირება სოციალური დახმარება უფროა, ვიდრე დარგის განვითარების ხელშეწყობა და დარგზე ერთგვარ უარყოფით გავლენასაც კი ახდენს. საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. საქართველოში სუბსიდიას მიჩვეული ფერმერების ნაწილი ყურძნის ფასით ყოველწლიურად უკმაყოფილო რჩება. აღნიშნულის სათავე წლების განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ გაცემული უხვი დაპირებები და სუბსიდირების პოლიტიკაა, რაც მევენახეებს მუდმივად გადაჭარბებულ მოლოდინებს უჩენს. გარდა ამისა, იმის იმედად, რომ მთავრობა ჭარბ და უხარისხო ყურძენს მაინც შეისყიდის, ფერმერების ნაწილი ხარისხზე ნაკლებად ზრუნავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყურძნის სუბსიდირება მევენახეობის დარგს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და მას უფრო მიმზიდველს ხდის. აქედან გამომდინარე, ფერმერი ხშირად არჩევანს ვენახის გაშენებაზე აკეთებს, რაც თავის მხრივ ჭარბ წარმოებას იწვევს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხშირად სუბსიდირებას მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები და შემწირველები (მსხვილი კომპანიები და მათი მფლობელები) იღებენ, რაც მცირე მარნებს არაკონკურენტულ გარემოში ამყოფებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის შესყიდვას „მოსავლის მართვის კომპანია“ ახორციელებს. თავის მხრივ კომპანია შესყიდული ყურძნის გადასამუშავებლად და შემდგომში სპირტის გამოხდის მიზნით სხვადასხვა კომპანიებთან აფორმებს ხელშეკრულებას. თუ „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ მიმდინარე წელს განხორციელებულ შესყიდვებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 35 გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში, ხელშეკრულებები ძირითადად ისეთ კომპანიებთან გააფორმა, რომელთა დირექტორები ან მესაკუთრეები „ქართულ ოცნების“ შემწირველები ან პარტიასთან დაახლოებული პირები არიან.

„მოსავლის მართვის კომპანიამ“ სს „თელავის ღვინის მარანთან“ (CMR240138444, CMR240138438, CMR240128335), ჯამში 178 000 ლარის ღირებულების 3 კონტრაქტი გააფორმა. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დირექტორი ზურაბ რამაზაშვილია, რომელმაც 2017-2023 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 150 000 ლარი შესწირა.

შპს „ყვარლის სარდაფთან“ (CMR240137291, CMR240131242, CMR240122877, CMR240115411) „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 1 460 000 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიის დირექტორი ვაჟა ღვალაძეა, რომელსაც 2020 წელს „ქართული ოცნებისთვის“ 60 000 ლარი აქვს შეწირული.

შპს „ბერიკამ“, რომლის მფლობელები, მამუკა გვალია და ლაშა რევაზიშვილი, ასევე „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან ( ჯამში 61 400, აქედან 40 000 ლარი 2024 წელს), „მოსავლის მართვის კომპანიასთან“ 180 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

„ქართული ოცნების“ შემწირველები არიან კომპანია „ბარაკონის“ მფლობელები ვაჟა ღვალაძე და დავით თოფურიძე, რომელთაც პარტიას და მათ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ჯამში 110 000 ლარი შესწირეს. შპს „ბარაკონთან“ 35 0000-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

შპს „წინანდალი - XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოების“ მესაკუთრე ზაზა ბახტურიძეც „ქართული ოცნების“ შემწირველია. მან პარტიას 40 000 ლარი შესწირა. შპს-მ „მოსავლის მართვის კომპანიასთან“ ჯამში (CMR240128330, CMR240124339, CMR240121406) 771 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა.

ყველაზე დიდი რაოდენობით თანხები შპს „უნივერსალ სპირტმა“ (CMR240138420, CMR240118053,) მიიღო, ჯამში 1.7 მლნ ლარის, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი შპს „საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანებაა“, ამ კომპანიის მესაკუთრეები კი ვახტანგ კარიჭაშვილი (რუსეთის და საქართველოს მოქალაქე- 80%-ის მფლობელი) და გიორგი ღამბაშიძე არიან (რუსეთის და საქართველოს მოქალაქე -20%-იანი წილის მფლობელი). როგორც „ფლანგვის დეტექტორი“ წერს, ვახტანგ კარიჭაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია.

შესაჯამებლად, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყურძნის წარმოება მზარდია, ასევე ღვინის ექსპორტშიც ზრდის ტენდენცია იკვეთება, სასურველია, სახელმწიფო ყურძნის და რთვლის სუბსიდირებიდან გავიდეს და დარგს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მისცეს. სუბსიდირებაში დახარჯული რესურსი, რომელთა გარკვეული ნაწილი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ქართულ ოცნების“ შემწირველ კომპანიებთან მიდის, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ზრდას და ბაზრების დივერსიფიცირებას მოახმაროს, რაც სახელმწიფო სახსრების უფრო გონივრული და მიზნობრივი ხარჯვა იქნება.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა