როგორ ცნობილია, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები უკვე მე-20 დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან წევრობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
პარლამენტის წინ დგას დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხეც, რომლის ანთება თბილისის მერს ჯერ 6 დეკემბერს, შემდეგ კი 14 დეკემბერს ჰქონდა დაანონსებული. ამავე დღეს შედგა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებიც, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები იყო მობილიზებული, თუმცა დემონსტრანტების რაოდენობის გამო 14 დეკემბერს ნაძვის ხის ანთების ცერემონია ვერ შედგა. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოების გამო იქნა მიღებული.
საბოლოოდ, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, საახალწლო ილუმინაციები და ნაძვის ხე 16 დეკემბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების გარეშე აინთო.
ჩვენ დავინტერესდით, თბილისის მერიას 2025 წლის აღსანიშნად რა საზეიმო ღონისძიებები აქვს დაგეგმილი და რა დაუჯდება დედაქალაქის ბიუჯეტს მათი განხორციელება.
თბილისის მერიამ 2025 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულების ორგანიზებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა (SMP240002734), ჯამში 8 576 967 ლარის ღირებულების.
გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, 2025 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 2024 წლის 13 დეკემბრიდან 2025 წლის 15 იანვრის ჩათვლით, ქალაქ თბილისში, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გიორგი ათონელის ქუჩა, იტალიის ქუჩა, ხაზინის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა) მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და „იუსტიციის სახლის“ ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ,,საახალწლო ქალაქის“ მოწყობას და მრავალფეროვანი გასართობი/სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს. ქალაქის მოსახლეობის და თბილისის სტუმრებისთვის მოწყობილი საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება. ღონისძიებების პროგრამა 2024 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (შოთა რუსთაველის გამზირი) ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.
აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება მოცულობითი დეკორაცია/ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით, ხიდის, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, მრავალფეროვანი დეკორაცია/ბუტაფორია/რეკვიზიტი, ავეჯი საბავშვო სივრცისთვის, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო. გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა ,,ტკბილეულის ფესტივალი“, გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისის საშობაო ბაზარი“, რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა ტკბილეულის და კვების სივრცეები, გასტრონომიული ზონები, რაც კომპლექსურად გულისხმობს გასტრონომიული ინდუსტრიის ხელშეწყობას, ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მხარდაჭერას და პოპულარიზაციას. ღონისძიებების ფარგლებში 2024 წლის 31 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება საახალწლო გალა კონცერტი.
გარდა აღნიშნულისა, „თბილსერვის ჯგუფმა“ შპს „ღამის შოუ სტუდიასთან“ ორი ხელშეკრულება გააფორმა (CMR240168593 CMR240155361), ჯამში 192 840 ლარის ღირებულების, რომლის ფარგლებში 30 ერთეული მანათობელი შობის ყვავილის და მანათობელი ფარდის შესყიდვა განხორციელდა.
დამდეგი ახალი წლისთვის მერიას ახალი ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციები (გარდა ზემოაღნიშნული შობის ყვავილებისა) არ შეუსყიდია, 2025 წლის აღსანიშნად ჯამში 8.8 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება, რომლის ძირითადი ნაწილი საახალწლო ღონისძიებებზე უნდა დაიხარჯოს.
თუმცა, როგორც ვიცით, დამდეგი ახალი წლის საზეიმო ღონისძიებების ლოკაციები და დედაქალაქში მიმდინარე ძირითადი აქციის ლოკაცია ერთმანეთს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადაიდო და ვერ შედგა, სხვა დაგეგმილი ღონისძიებების უდიდესი ნაწილიც ვერ ჩატარდეს (მაგ. საშობაო ბაზარში მონაწილე კომპანიების ნაწილმა მონაწილეობაზე უარი უკვე განაცხადა). საბოლოოდ, საახალწლო რა ღონისძიება ჩატარდება და რა თანხა დაიხარჯება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რაც შეეხება წინა წლების საახალწლო ხარჯებს, 2024 წლის საახალწლო აქსესუარები და ღონისძიებები 5 მილიონამდე დაჯდა, მხოლოდ ნაძვის ხის ღირებულება 720 000 ლარი იყო.
2023 წლის საახალწლო ხარჯმა 2.3 მლნ ლარი შეადგინა, 2022 წელს იგივე ხარჯი ჯამში 3.5 მლნ ლარი იყო. შედარებით მოკრძალებული იყო 2021 წლის საახალწლო ხარჯი. როგორც გვახსოვს, 2020 წლის საახალწლო ნაძვის ხე მილიონი ლარი დაჯდა. მისმა ფორმამ და ფასმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, მომდევნო - 2021 წელს, თბილისის მერიამ „მილიონიანი“ ნაძვის ხის გალამაზება გადაწყვიტა და ტოტები და წიწვები დაუმატა, რაზეც 103 850 ლარი დაიხარჯა. სულ 2021 წლის საახალწლო ღონისძიებების ხარჯი შედარებით მცირე იყო და ჯამში 615 640 ლარი შეადგინა.
როგორც აღვნიშნეთ, 2020 წელს მხოლოდ საახალწლო ნაძვის ხეზე მილიონი ლარი დაიხარჯა, სულ საახალწლო აქსესუარები და ღონისძიებები ჯამში 3.6 მლნ ლარი დაჯდა. 2019 წლის საახალწლო ხარჯი 2 მლნ ლარზე მეტი, 2018 წელს კი ახალი წლის აღნიშვნა დედაქალაქს 3 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.
როგორც ვხედავთ, ბოლო წლებში დედაქალაქის საახალწლო აქსესუარებზე და ღონისძიებებზე საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება. შედარებით ნაკლებხარჯიანი 2021 წლის ახალი წელი იყო, რაც იმით იყო განპირობებული, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე და იმ პერიოდში არსებული შეზღუდვების გამო, თბილისის მერიამ მხოლოდ საახალწლო აქსესუარები შეიძინა და დედაქალაქში სხვა საახალწლო ღონისძიებები არ გამართულა.
აქვე აღვნიშნავთ, 28 ნოემბრიდან დღემდე აქციების მონაწილე 460-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის, ადმინისტრაციული წესით - 430, სისხლის სამართლის ბრალდებით - 31. 300-ზე მეტი ადამიანი არის ნაცემი, 80-ზე მეტ დაკავებულს ჰოსპიტალური მკურნალობა დასჭირდა, დაშავდა, დააკავეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს 90-ზე მეტ ჟურნალისტს, დაკავებულთა შორის 10 უცხოელია, ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა. ამ ფონზე საახალწლო ღონისძიებების გამართვა „ბავშვებზე ზრუნვის“ საბაბით, მსუბუქად რომ ვთქვათ, საღ აზრს მოკლებულია.