აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ა/რ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას, რომელზეც ბიუჯეტს კენჭი უყარეს, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ახალი ცამეტკაციანი შემადგენლობა ესწრებოდა. ამდენად, ოპოზიცია, რომელიც რეგიონის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს, კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის ბიუჯეტი, 2024 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით, 12.9%-ით იზრდება. შემოსულობების (ყველა შემოსავალი ერთად) ყელაზე დიდი წილი საშემოსავლო გადასახადზე მოდის. ასევე უმნიშვნელოდ გაზრდილადაა დაგეგმილი პრივატიზაციის გზით მისაღები შემოსულობების მოცულობაც.
ცხრილი 1. აჭარის ა/რ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, ლარი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
აღსანიშნავია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პროექტს ახლავს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის შენიშვნა, რომლის თანახმადაც, შემოსულობების ნაწილში, არაფინანსური აქტივების კლების მუხლი ზედმეტად ოპტიმისტურადაა დაგეგმილი. ყურადღება გამახვილებულია ამ მუხლის შეუსრულებლობაზე 2021 წლის ბიუჯეტში (გეგმა 89 მლნ ლარი, ფაქტი 22,2 მლნ ლარი), 2022 წლის ბიუჯეტსა (გეგმა 98,7 მლნ ლარი, ფაქტი 34,5 მლნ ლარი) და 2023 წლის ბიუჯეტში (გეგმა (კორექტირებამდე) 80,4 მლნ.ლარი, ფაქტი 37,2 მლნ. ლარი). ასევე ნათქვამია, რომ ფინანსური აქტივების კლების გეგმა არ შესრულდა 2024 წლის 9 თვის ანგარიშის მიხედვითაც (გეგმა 112,6 მლნ ლარი, ფაქტი 17,2 მლნ ლარი). 2021-2023 წლებში პრივატიზაციის ჯამური გეგმა მხოლოდ 35%-თ შესრულდა. კომიტეტი თვლის, რომ აღნიშნული მუხლის დაგეგმვას სჭირდება მოცემული წლების ბიუჯეტებში შეუსრულებლობის მიზეზების საფუძვლიანი ანალიზი.
რაც შეეხება გადასახდელებს (ყველა ხარჯი ერთად), 2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 15.1%-ით აღემატება 2024 წლის დაზუსტებულ გეგმას. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის დასკვნით, კაპიტალური პროექტების დაფინანსების მზარდი დინამიკა მოითხოვს, რომ კაპიტალური პროექტების ადმინისტრირების, მართვისა და შესრულების მიზნით, შეიქმნას სპეციალისტებით დაკომპლექტებული უწყება. იმავე კომიტეტის მოსაზრებით, იზრდება ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მოცულობა და შესაბამისად - პასუხისმგებლობა სამუშაოების ეფექტიანად წარმოებაზე, ხოლო ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ამ ღონისძიებების მართვაში მონაწილე საჯარო მოსამსახურეთა შტატების ზრდა, რაც ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ეფექტური შესრულების რისკს ზრდის (დემოტივაცია, ნაკლებპროდუქტიულობა). კომიტეტის აზრით, რეკომენდირებულია ამ ღონისძიებების მართვაში მონაწილე საჯარო მოსამსახურეთა შტატების ზრდა მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, რაც ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ეფექტური შესრულების საშუალებას მოგვცემს. 2025 წლის ბიუჯეტში დასაქმებულთა რიცხოვნობა მართლაც გაზრდილია.
ცხრილი 2. აჭარის ა/რ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები, ლარი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
ასიგნებების ყველაზე დიდი ოდენობა განკუთვნილია საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელებისთვის, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ კაპიტალურ ფინანსურ დახმარებასა და სპეციალურ ფინანსურ დახმარებას. ასევე, როგორც აღვნიშნეთ, გაზრდილია შტატში დასაქმებულთა რიცხოვნობა და შესაბამისად, მათი შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი დაფინანსებაც.
ცხრილი 3. აჭარის ა/რ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, ლარი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
12024 წელი იყო საარჩევნო წელი, რის გამოც, უმაღლესი საარჩევნო კომისიის ხარჯი გაიზარდა.
ცხრილი 3 აჩვენებს, რომ ოთხივე სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია და ამას, გარკვეულწილად, შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებლის გაზრდილი პარამეტრიც განაპირობებს. კერძოდ, თუ 2024 წლის გეგმით, შტატით დასაქმებულთა ანაზღაურებაზე, ჯამურად, გამოყოფილი იყო მთლიანი გადასახდელების 8.25%, მომავალ წელს მისი წილი 8.3%-ია. მთლიანობაში, შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 9 969 200 ლარით იზრდება. მატება თითქმის 16%-ს შეადგენს.
ბიუჯეტის პრიორიტეტებს შორის, კვლავ შენარჩუნებულია საპრივატიზებო პოლიტიკა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და სხვა. აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, გათვალისწინებულია არაერთი პროგრამა და ქვეპროგრამა, რომელთა დაფინანსებაც იზრდება.
დიაგრამა 1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების/ქვეპროგრამების დაფინანსება აჭარის ა/რ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით, ლარი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
დიაგრამა 1-ზე ასახული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, მცირდება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება. ბიუჯეტის დანართი 1-ის მიხედვით, პროგრამა გათვლილია 2025-2028 წლებზე. 6 240 000 ლარი 2025 წელს უნდა გაიხარჯოს და 120 ოჯახი დაკმაყოფილდეს, ხოლო ყოველ მომდევნო წელს - 8 240 000 ლარი (გათვლილია 160 ოჯახზე), რაც ოთხწლიან პერიოდში, ჯამში, 30 960 000 ლარს შეადგენს. 2025 წლის ბიუჯეტით, ერთ ოჯახზე, საშუალოდ, 52 000 ლარი იანგარიშება, ხოლო მომდევნო წლებში - 51 500 ლარი.
საბოლოოდ, 2025 წლის ბიუჯეტის შესრულება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული არაფინანსური აქტივების კლებით მისაღებ შემოსულობებზე. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში, ამ მიმართულებით, გეგმა ვერ სრულდება, რაც აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებშიც. იხ. ფაქტ-მეტრის სტატია. ჩვენ აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებას მუდმივად ვაკვირდებით და შესაბამის კვლევას მომავალშიც შემოგთავაზებთ.