10 000 დოლარის იყო [მშპ ერთ სულ მოსახლეზე PPP დათვლით) 2012 წელს და 23 000 დოლარს გადასცდა დღეისთვის

ლევან დავითაშვილი: 10 000 დოლარის იყო [მშპ ერთ სულ მოსახლეზე PPP დათვლით) 2012 წელს და 23 000 დოლარს გადასცდა დღეისთვის

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

2012 წელს, საქართველოში ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (PPP), 10 ათას დოლარს შეადგენდა, 2023 წელს თითქმის 2.5-ჯერ მეტს - 24.7 ათას დოლარს. თუმცა, მაჩვენებელი ნომინალურია და ამ ზრდაში ინფლაციაც მონაწილეობდა, რეალური ზრდა კი გაცილებით ნაკლები იყო. 2021 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, 2012-2023 წლებში რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე (PPP) 13.2 ათასიდან 22.2 ათასამდე, 1.68-ჯერ გაიზარდა.

შესაბამისად, ინფლაციის გაუთვალისწინებლობით სურათი მნიშვნელოვნად მახინჯდება. 2012-2023 წლებში მიმდინარე ფასებში დათვლით (არასწორი მიდგომით, რაც მინისტრმა გამოიყენა), მშპ ერთ სულ მოსახლეზე 145%-ით, მუდმივ ფასებში დათვლით (სწორი მიდგომით) კი მხოლოდ 70%-ით გაიზარდა. ეკონომიკის მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვები მიმდინარე ფასებში დათვლილ მონაცემებს შეესაბამება, რაც რეალობას არასწორად ასახავს. ნომინალური მაჩვენებლები მონაცემთა დროში შედარებისთვის არ გამოიყენება, რადგან რეალური ცვლილების ასახვის უნარი არ გააჩნიათ. შესაბამისად, მინისტრმა შეცდომით ან შეგნებულად არასწორი მიდგომით შეადარა მონაცემები, რითაც რეალური სურათი გააზვიადა.

დამატებითი განმარტების გარეშე, დასახელებული სტატისტიკური მონაცემები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მშპ-ს ზრდა ერთ სულ მოსახლეზე ორჯერ მაღალი იყო სინამდვილეში დაფიქსირებულ ზრდაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა ღამის კურიერში განაცხადა: (18:23-დან) 10 000 დოლარის იყო [მშპ ერთ სულ მოსახლეზე PPP დათვლით) დაახლოებით 2012 წელს და 23 000 დოლარს გადასცდა დღეისთვის.

სამომხმარებლო ფასები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. პირობითად, 100 დოლარით სხვა მოცულობის პროდუქციისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი პაკისტანში, სხვა საქართველოში და სხვა შვეიცარიაში, რის გამოც ქვეყნებს შორის ცხოვრების დონის შესადარებლად ხშირად იყენებენ არა აბსოლუტურ, არამედ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (PPP) გაზომილ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე.

2012 წელს საქართველოში მშპ 1 სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ნამდვილად 10 ათას დოლარს შეადგენდა, ხოლო 2023 წელს 24.7 ათასს, თუმცა მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით იმის მტკიცება, რომ რეალური ცხოვრების დონე 11 წელიწადში 2.5-ჯერ გაიზარდა სიმართლეს არ შეესაბამება.

ინფლაცია საბაზრო ეკონომიკის თანმდევი პროცესია, ამიტომ დროის ორ მონაკვეთს შორის შედარება მუდმივ ფასებში დათვლით უნდა გაკეთდეს და არა მიმდინარეში.

2021 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, 2012-2023 წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე (PPP) 13.2 ათასიდან 22.2 ათას დოლარამდე გაიზარდა.

გრაფიკი 1 : მშპ ერთ სულ მოსახლეზე მუდმივ და მიმდინარე ფასებში


წყარო: მსოფლიო ბანკი

ერთ შემთხვევაში ჩანს, რომ საანგარიშო პერიოდში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 70%-ით გაიზარდა, ხოლო გრაფიკის მეორე სვეტი 145%-იან ზრდას აჩვენებს. რეალურ სურათს პირველი სვეტი ასახავს.

ზოგადად, რაც უფრო დიდია დროის შუალედი, სხვაობა ნომინალურსა და რეალურ მშპ-ს შორის უფრო იზრდება. 2003-2023 წლებში მუდმივ ფასებში დათვლით, მშპ - 207%-ით და ნომინალურ ფასებში დათვლით, 482%-ით გაიზარდა.

ინფლაციის უგულებელყოფა რეალურ სურათს მნიშვნელოვნად ამახინჯებს, 2020 წელს, როდესაც ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა, მიმდინარე ფასებში დათვლილი მშპ ერთ სულ მოსახლეზე უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა. 2012-2023 წლებში მშპ ჯამურად 70%-ით გაიზარდა, ეკონომიკის მინისტრის გამოსვლიდან კი იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ზრდა 130%-ს აღწევდა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.