ირაკლი ნადირაძე: ამ ქალაქში 40 000-ზე მეტი ადამიანი დგას უფასო სასადილოების რიგში, რომ ელემენტარული საკვები მიიღოს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ნადირაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2024 წლის თბილისის ბიუჯეტის მიხედვით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის 26 430 800 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხით, მთელი წლის განმავლობაში, დედაქალაქში მცხოვრები 42 167 მოქალაქე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ცხელი სადილით.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა თითქმის ყოველწლიურად იზრდება, ბოლო წლებში კი მათი რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს. შესაბამისად, თბილისის მოსახლეობის 3.2%-ს საკვების პრობლემა აქვს და უფასო სასადილოების მომსახურებით სარგებლობს. უფასო სადილის მსურველთა რიცხვის ყოველწლიური ზრდა დედაქალაქის ერთ-ერთი პრობლემა ნამდვილად არის, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მუდმივად სიღარიბის დონის გაუმჯობესებულ მონაცემებზე აპელირებს.
სწორად დასახელებული რიცხობრივი მონაცემის და პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ნადირაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
ანალიზი
თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის კამპანიის ღონისძიებაზე -„კი ევროპას“, დედაქალაქში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და უფასო სასადილოების ბენეფიციარებზეც ისაუბრა. „ ამ ქალაქში 40 000-ზე მეტი ადამიანი დგას უფასო სასადილოების რიგში, რომ ელემენტარული საკვები მიიღოს, რომ ელემენტარული პური მიუტანოს თავიანთ შვილებს“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თბილისში უფასო სასადილოების დაფინანსებას, დედაქალაქში უფასო სასადილოების ბენეფიციართა მომსახურების წესს და მათ აღრიცხვას თბილისის მერის 2014 წლის 26 ნოემბრის #2344 ბრძანება არეგულირებს.
ბრძანების მიხედვით, უფასო სასადილოების ბენეფიციართა სიაში შეყვანას მხოლოდ ის სოციალურად დაუცველი პირები ექვემდებარებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება. ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ბენეფიციართა სიაში შეყვანა გამგებლის მოტივირებული გადაწყვეტილებითაც ხდება.
რაც შეეხება სიაში განმცხადებლების შეყვანის რიგითობას, ის განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით განისაზღვრება. უპირატესობა ენიჭება იმ განმცხადებელს, რომლის განცხადებაც გამგეობაში უფრო ადრე დარეგისტრირდა. თავდაპირველად, პირი დამატებით სიაში ხვდება, ხოლო ძირითადი სიის შევსება დამატებითი სიიდან ხორციელდება. დამატებითი სიის ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი სიის 5%-ს.
2024 წლის თბილისის ბიუჯეტის მიხედვით, უფასო სასადილოების მომსახურებისთვის (კოდი 06 02 14) 26 430 800 ლარია გათვალისწინებული. ამავე მიზნით, გასულ წელს 26 184 100 ლარი დაიხარჯა. ბოლო წლებში უფასო სასადილოების მომსახურებაზე დახარჯული თანხები შემდეგნაირი იყო:
ცხრილი 1: უფასო სასადილოების მომსახურების ბიუჯეტი 2013-2024 წლებში (მლნ ლარი)
წყარო: თბილისის მერიის ბიუჯეტი
თბილისში 64 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, 2024 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნული სასადილოები 42 167 ბენეფიციარს ემსახურება.
რაც შეეხება წინა წლებში უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობას, სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილი 2: უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა წლების მიხედვით
წყარო: თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები
როგორც მონაცემები ცხადყოფს, უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა თითქმის ყოველწლიურად მზარდია და ბოლო რამდენიმე წელია, 40 000 ადამიანს აღემატება. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო სამი წელია, უფასო სასადილოს ერთ ბენეფიციარზე დღეში დაახლოებით, საშუალოდ 1.7 ლარი იხარჯება.
თბილისის ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უფასო სასადილოს პროგრამის მიზანი, დედაქალაქის მაცხოვრებლების, რომელნიც სოციალურ სიდუხჭირეს განიცდიან, ცხელი სადილით უზრუნველყოფაა. მენიუ ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი კალორაჟის გათვალისწინებით არის გაანგარიშებული. ყოველდღიური რაციონი (მენიუ) ისეთ ნივთიერებებს (ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს და ა.შ) შეიცავს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მისი სრულფასოვანი არსებობისთვის არის საჭირო. უფასო სასადილოს სადილი წინასწარ შედგენილი მენიუს მიხედვით მზადდება. მასში ცხელი წვნიანი, გარნირი, კომპოტი და პური შედის. წვნიანის და გარნირის სახეობა დღეების მიხედვით იცვლება. მენიუში მაწვნის შეჭამანდი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორშჩი, ჩიხირთმა ქათმის ბულიონზე და სუპ-ხარჩო საქონლის ხორცით, მონაცვლეობით შედის. სწორედ აღნიშნული მენიუს დღიური ღირებულება ერთ ბენეფიციარზე არის დაახლოებით 1.7 ლარი.
როგორც აღვნიშნეთ, ბოლო სამი წელია, მენიუს დღიური ღირებულება 1.7 ლარია. ეს იმ ფონზე, როცა საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს საშუალო წლიური ინფლაცია - 9.6%, 2022 წელს - 11.9% და 2023 წელს 2.5% იყო. 2023 წლის დასაწყისში, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები, წინა თვესთან შედარებით, 1.7%-ით გაიზარდა, რაც თვიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემდეგ ქვეჯგუფებზე გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.9%), ხილი და ყურძენი (4.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.9%), თევზეული (2.9%), ზეთი და ცხიმი (2.1%), რძე, ყველი და კვერცხი (1.7%). როგორც ვხედავთ, ფასები სწორედ იმ პროდუქტებზეა გაზრდილი, რომლისგანაც ძირითადად შედგება უფასო სასადილოების რაციონი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრისთვის თბილისის მოსახლეობა 1 258 500 მაცხოვრებლით განისაზღვრა. აქედან, 40 000 მოქალაქე - 3.2%, ყოველდღიურად უფასო სასადილოების 1.7-ლარიანი მწირი მენიუთი იკვებება, თანაც წლიდან წლამდე ბენეფიციართა რაოდენობა კი არ მცირდება, პირიქით, მატულობს.
აქედან გამომდინარე, ირაკლი ნადირაძის განცხადება არის სიმართლე.