ვაჟა დარჩია: მაქსიმალურზე რომ ავიდა სოციალურად დაუცველების რიცხვი, იმიტომ ხომ არ ვაკეთებთ, რომ ხალხმა ხმა მოგვცეს? წონიარისში ტანკს რად უნდა სამი დამლაგებელი?

ანალიზი:

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა პარტია „ლელოდან“ ვაჟა დარჩიამ განაცხადა: „მაქსიმალურზე რომ ავიდა სოციალურად დაუცველების რიცხვი, იმიტომ ხომ არ ვაკეთებთ, რომ ხალხმა ხმა მოგვცეს? წონიარისში ტანკს რად უნდა სამი დამლაგებელი?“

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.

შეგახსენებთ, რომ ოჯახს, რომელიც სპეციალური განაცხადით მიმართავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, სოციალური აგენტი აფასებს. მის მიერ შეკრებილი ინფორმაცია შესაბამისი მეთოდოლოგიით მუშავდება და ოჯახს სარეიტინგო ქულა ენიჭება. ქულის ოდენობა განსაზღვრავს, რა სახის დახმარება უნდა დაენიშნოს ოჯახს. ფულადი საარსებო შემწეობა ენიშნება იმ ოჯახს/პირს, რომლის სარეიტინგო ქულა იწყება ნიშნულიდან „არ აღემატება 30 000-ს“ და მოიცავს კატეგორიას 120 000 ქულის ჩათვლით (ისეთ ოჯახში მცხოვრები ყველა 16 წლამდე ბავშვი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-მდეა, იღებს 150 ლარს, საარსებო შემწეობის სახით). აჭარის ა/რ მთავრობის გადაწყვეტილებით კი, ყოველთვიურად 200 ლარს იღებს ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 120 001-დან 150 001-მდე და ოჯახის წევრებს შორის, ერთი მაინც არის 16 წლამდე ასაკის. ახალი ქვეპროგრამისთვის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2 088 000 ლარი გამოყო. დახმარება გათვალისწინებულია 2 088 ოჯახისთვის. აღნიშნული სიახლე არაერთმა ორგანიზაციამ უკვე შეაფასა, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობა.

ჩვენ გადავამოწმეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაც და საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ 2024 წლის მდგომარეობით, აჭარაში გაზრდილია როგორც რეგისტრირებულთა, ისე შემწეობის მიმღებთა რაოდენობა.

დიაგრამა 1. აჭარაში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულთა და ფულადი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, 2024 წლის იანვარ-აგვისტო

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

შენიშვნა: საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მოიცავს ახალი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ოჯახებს, რომელთა წევრებს შორის ერთი მაინც არის 16 წლამდე ასაკის პირი

დიაგრამა 1 აჩვენებს, რომ აჭარაში, მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ, გაზრდილია ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რიცხვი. მზარდია ასევე ფულადი შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაც. კერძოდ, 2024 წლის აგვისტოში, იანვართან შედარებით, შემწეობა მიიღო 2 738-ით მეტმა ადამიანმა.

ვინაიდან განცხადების ავტორმა თქვა, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების რიცხვმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია, გადავწყვიტეთ, 2024 წლის მდგომარეობა 2014-2023 წლების იანვარსა და დეკემბერში შემწეობის მიმღებთა რაოდენობას შევადაროთ.

დიაგრამა 2. ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, 2014-2023 წლების იანვრისა და დეკემბრის მონაცემები, აჭარა

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

თუ 2024 წლის რეგისტრირებულთა რაოდენობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საანგარიშო წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წლის იანვარში იყო და ამდენი რეგისტრირებული პირი პანდემიურ წლებშიც კი არ ყოფილა. პირიქით, 2014 წლის შემდეგ, 2020 წლის ჩათვლით, რეგისტრირებულთა რაოდენობა იკლებდა. ზრდა 2021 წლიდან აღინიშნება. ამდენად, 2024 წლის მაჩვენებელს მაქსიმალური რაოდენობისთვის ჯერ არ მიუღწევია, თუმცა ის მკვეთრად გაიზარდა და მიმდინარე წლის აგვისტოში ბაზაში 151 568 პირი ფიქსირდება, რაც პანდემიამდელ 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 39 524-ით არის გაზრდილი, ხოლო 2023 წლის დეკემბრის მაჩვენებელს 3 278-ით აღემატება.

საანგარიშო წლებში გაიზარდა ფულადი საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაც. შეგახსენებთ, რომ შემწეობის მიმღებთა რიცხვს ემატება საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების რაოდენობაც.

დიაგრამა 3. საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა, 2014-2023 წლები, იანვრისა და დეკემბრის მონაცემები, აჭარა

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, ავტორის გამოთვლები

დიაგრამა 3 ადასტურებს, რომ საანგარიშო პერიოდში შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა პერიოდულად იზრდებოდა (ბენეფიციარების რაოდენობა მუდმივად იცვლება და ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე), თუმცა 2020 წლამდე მას 40 000-ისთვის არ მიუღწევია. პანდემიური წლების განმავლობაში კი ოჯახების შეფასების პროცესი დროებით შეჩერდა და ხელისუფლებამ შემწეობა არც ერთ ოჯახს არ შეუწყვიტა. გაიზარდა დახმარების მიმღები ბავშვების რიცხვიც. პანდემიური პერიოდის დასრულების შემდეგ, აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კვლავ იზრდებოდა და 2023 წლის იანვარში 73 931-ს მიაღწია. იმავე წლის დეკემბერში კი კვლავ შემცირდა. კლება დიდხანს არ გაგრძელებულა და 2024 წლის თებერვლიდან ისევ მატება დაიწყო (იხ. დიაგრამა 1). გასულ თვეში საარსებო შემწეობას, როგორც ვნახეთ, 70 156 პირი იღებდა. ეს რაოდენობა 27 634-ით აღემატება პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს, თუმცა საანგარიშო პერიოდის მაქსიმალურ რაოდენობას 3 775-ით ჩამორჩება.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს: 2022 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაც. ამ პროგრამის ფარგლებში დასაქმებულებს სოციალურად დაუცველის სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ. მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ხელოვნურად შექმნილ პოზიციებზე ასაქმებს. კერძოდ, 2023 წლის მაისში „ბათუმელებმა“ სოციალურად დაუცველების დასაქმების სქემაზე გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომლის ავტორიც პირადად ესაუბრა პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ არაერთ ბენეფიციარს, ადგილობრივ მოსახლეობას. აღნიშნულ სტატიაში საუბარია იმ ტანკის მომვლელებზეც, რომელიც სოფელ წონიარისში 1983 წლიდან დგას. როგორც ირკვევა, სახელმწიფომ მომსახურე პერსონალი აღნიშნულ ობიექტსაც დაუნიშნა. თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა თვითონ დასაქმებულებიც კი უჭირთ დასახელება, რა ფუნქცია აქვთ მათ, რისი გაკეთება ევალებათ. ფაქტია, რომ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით, პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების რიცხვი აჭარაში ყოველთვიურად იზრდება. 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში დასაქმდა 14 909 ადამიანით მეტი. ხელისუფლებამ ამ პროგრამით მხოლოდ აჭარაში 29 280 სამუშაო ადგილი უკვე შექმნა.

დიაგრამა 4. საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების რაოდენობა, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, აჭარა

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

ამდენად, ბაზაში რეგისტრირებულების რაოდენობა, მიმდინარე წლის იანვრიდან, თანდათან იმატებდა, თუმცა საანგარიშო პერიოდის მაქსიმალური მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია. მკვეთრად მოიმატა საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა და უფრო მეტია, ვიდრე პანდემიამდელ წელს იყო. 2024 წლის იანვრიდან მოყოლებული, ეს მაჩვენებელი მუდმივად მზარდია. ასევე ყოველთვიურად იზრდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობაც. ამ პროგრამის ფარგლებში, დასაქმებულები მიმაგრებული იყვნენ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში უფუნქციოდ მდგარი საბჭოური ტანკის მომვლელად თუ დამლაგებლად. ჩვენ არ განვიხილავთ განცხადების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკოსმა რიტორიკული კითხვის სახით ჩამოაყალიბა: ხომ არ იზრდება სოციალურად დაუცველთა რიცხვი საარჩევნო ხმების მობილიზების მიზნით. „ფაქტ-მეტრი“ ამოწმებს განცხადებაში მოყვანილ ფაქტობრივ მონაცემებს. გამოყენებულ წყაროებზე დაყრდნობით, ვაჟა დარჩიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია