აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალი ქვეპროგრამის განხორციელებას იწყებს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეპროგრამის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა ითვალისწინებს აჭარაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მატერიალური დახმარების გაწევას, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 120 001-დან 150 001-მდე და ოჯახის წევრებს შორის, ერთი მაინც არის 16 წლამდე ასაკის. ქვეპროგრამისთვის თანხა გათვალისწინებულია აჭარის ა/რ 2024 წლის ბიუჯეტში. ბიუჯეტის დანართი 1-ის (შეგიძლიათ გახსნათ ბიუჯეტის ბმულზე გადასვლის შემთხვევაში) 366-ე გვერდზე მითითებულია, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური დახმარების“ ქვეპროგრამისთვის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2 088 000 ლარი გამოყო. დახმარებას 2 088 ოჯახი მიიღებს. მარტივი გაანგარიშებით, თითო ოჯახზე, დეკემბრის ჩათვლით, სულ 1 000 ლარია განსაზღვრული. დოკუმენტის თანახმად, მთავრობამ ბენეფიციართა რაოდენობა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიიდან გამოთხოვილი მოქალაქეთა სიების საფუძველზე დაადგინა. აღნიშნული თანხა 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 19 ივლისის ცვლილების შემდეგ აისახა.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი მეთოდოლოგიით, ფულადი საარსებო შემწეობა ენიშნება ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; 30 001-დან 57 000-ის ჩათვლით - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; 57 001 - 60 000 ქულა - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; 60 001 - 65 000 ქულა - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 200 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, აჭარაში საარსებო შემწეობას იღებს 40 822 პირი (აქედან 16 წლამდე ასაკის - 25 643 პირი), რასაც ემატება საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 29 133 ადამიანი. გამოდის, რომ აჭარაში შემწეობის მიმღებ 69 955 პირს ახალი 2 088 ოჯახი დაემატა. იურისტების შეფასებით, მმართველი პარტია ახალი ქვეპროგრამით საარჩევნო ხმების მობილიზებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით, აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო, რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე, შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე, დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით.

აჭარის ა/რ 2024 წლის ბიუჯეტში ახალი ქვეპროგრამის შეტანით, 60-დღიანი ვადა არ დარღვეულა, თუმცა იურისტი მიიჩნევს, რომ კანონში ჩანაწერი პირდაპირ კი არ უნდა გავიგოთ, არამედ მთავარი მისი შინაარსობრივი მხარეა.

თამარ წულუკიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „საერთაშორისო სტანდარტითაც აღიარებულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო და პოლიტიკური პარტია იყოს ძალიან მკვეთრად გამიჯნული ერთმანეთისგან. საქართველოს საარჩევნო კოდექსშიც გვაქვს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ დაუშვებელია, არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაინიციირდეს მსგავსი პროგრამები. ასევე, 60-დღიან პერიოდში დაუშვებელია სოციალური გასაცემელების ოდენობის გაზრდა, ან ახალი სოციალური გასაცემელების დაინიციირება. მართალია, 60-დღიანი ინტერვალი, ამ შემთხვევაში, დარღვეული არ არის, თუმცაღა კანონში ჩანაწერი მხოლოდ პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. აქ მნიშვნელოვანია მისი შინაარსობრივი მხარე. ეს ნიშნავს, რომ მცირე ხნით ადრე, როდესაც უკვე გააქტიურებულია წინასაარჩევნო პერიოდი, დაუშვებელია ასეთი ინიციატივების განხორციელება. ჩვენი რეკომენდაციაა, ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეიკავოს თავი არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიციირებისგან, რადგან ეს მიზნად ისახავს სუბიექტებს შორის არაჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანი კი უნდა იყოს, რომ სუბიექტებს შორის ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს. ხელისუფლებამ მოქალაქეების ხმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით არ უნდა მიიღოს. ჩვენ გვყავს ანალიტიკოსებისა და მონიტორინგის ჯგუფი, რომლებიც სწავლობენ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენს ანგარიშში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ყველა ის შემთხვევა, რომელიც მკაფიოდ აჩვენებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით. ეს კონკრეტული შემთხვევა [ახალი ქვეპროგრამის ამოქმედება] აუცილებლად მოხვდება ჩვენს ანგარიშში. მონიტორები ამ ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან“.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალი ქვეპროგრამის ამოქმედება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობად შეაფასა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონულმა კოორდინატორმაც.

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი, სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი: "ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ამ რაოდენობის ოჯახს და შესაბამისად, დიდი რაოდენობის ადამიანს ეხება და სოციალურ საკითხებს მოიცავს, წინასაარჩევნო პერიოდში არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობა. თუ აჭარის მთავრობამ ახლა დაადგინა, რომ ამ 2 000 ოჯახზე მეტს, რომლებსაც 16 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ, სჭირდებოდა 200 ლარის მიღება, მაშინ სად იყო წინა წლებში? აჭარის მოქმედი მთავრობის ხელში, მუდმივად გვესმის, რომ იზრდება ბიუჯეტი. კი ბატონო, იზრდება ბიუჯეტი. თუ გადაწყვეტილება ამ ოჯახების დამატებითი თანხით უზრუნველყოფის შესახებ ნაკარნახევი არაა წინასაარჩევნო პერიოდით, მაშინ რატომ არ მიექცა პრობლემას ყურადღება წინა წლებში, განა ეს ოჯახები ამ გამოწვევის წინაშე არ იდგნენ? მე მაქვს კითხვები: ეს თანხა ამ მიზნობრიობით რომ დაიხარჯება მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, მერე რა ხდება? გასაგებია, რომ ეს ბავშვები 16 წელს გადალახავენ, მაგრამ ამ სარეიტინგო ქულის მქონე სხვა ოჯახებს ხომ ეყოლებათ 16 წლამდე ასაკის შვილები? გაგრძელდება ეს პროგრამა, თუ მოკლევადიანია? თუ გაგრძელდება, სად არის მეტი დასაბუთება? ხუთ თვეში რომ 2 მლნ ლარზე მეტი იხარჯება, გამოდის, რომ 2024 წლის ბიუჯეტში 2023 წლის ბოლოს თუ გაითვალისწინებდნენ, დაიხარჯებოდა 6 მლნ ლარამდე. შეუძლია აჭარის მთავრობას, რომ ეს 6 მლნ ლარი, ამ მიზნობრიობით, გამოყოს, როცა 2025 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს? მეორეც, რას ცვლის ეს 200 ლარი ამ ოჯახებისთვის? ვინმემ აჭარის მთავრობაში დაითვალა, რომ 200 ლარი ამ ოჯახებს ყოფას შეუმსუბუქებს და ეს უალტერნატივო გადაწყვეტილებაა? ხომ არ იქნებოდა უკეთესი, სხვა მიმართულებით, მაგალითად, ამ ბავშვების განათლებაში დახარჯულიყო და პირდაპირი გზით ამ ოჯახის ყულაბაში არ აღმოჩენილიყო. ეს არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება და მისი [ქვეპროგრამის] არგაგრძელების რისკი დიდია. ძალიან ბევრი მაღალმთიანი დასახლება აჭარაში არის ინტერნეტის, ბიბლიოთეკის, მარტივი ინფრასტრუქტურული ობიექტების გარეშე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ქობულეთსა და ბათუმში არსებულ ახალგაზრდულ ჯგუფებთან ერთად, აჭარის უმაღლეს საბჭოს სთხოვდა არაფორმალური განათლების ცენტრების მშენებლობას ან არსებული შენობების გადაკეთებას ისე, რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ღია ყველა ასაკის მოზარდისთვის, ყველა ასაკის მოქალაქისთვის, რომლებიც იქ შეძლებდნენ ინტერნეტის გამოყენებას, იქნებოდა ფილმების ჩვენება, სპორტული და შემეცნებით-ინტელექტუალური თამაშები და სხვა. მუნიციპალიტეტებში გაჩნდებოდა არაფორმალური შეხვედრების, განათლების ცენტრები. ხომ არ სჯობდა, რომ ამ მიმართულებით ეფიქრა მთავრობას და არა ასე, როგორც იციან, რომ სოციალურად დაუცველებისთვის ერთადერთ ალტერნატივად მხოლოდ ფულს განიხილავენ. ეს 200 ლარი ამ ოჯახებს ვერ გააძლიერებს. ეს ძალიან მოკლევადიანი გეგმაა და ამ ოჯახებისთვის ძირეული ცვლილება არ მოჰყვება. ჩვენი ორგანიზაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ანგარიშებს ამზადებს. ეს ფაქტი აუცილებლად შევა ჩვენს ანგარიშში. ყველა მოქალაქის გადასახადის ნაწილი მიდის კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფის თითქოს კეთილდღეობის შესაქმნელად, მაგრამ ეს ვერ შექმნის მის კეთილდღეობას. ეს, რა თქმა უნდა, არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“.

ინფორმაციისთვის: პროგრამით გათვალისწინებული მატერიალური დახმარებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში „მუდმივ საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორია და 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ასევე მატერიალური დახმარების გაცემის პერიოდისათვის, უწყვეტად რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე“.


მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია