Facebook-გვერდი Tbilisi International, პოსტებს ავრცელებს, რომელთა თანახმადაც, თბილისის აეროპორტი დაკარგულ ჩემოდნებს 5.50 ლარად ყიდის. დაინტერესებულ პირებს კი პოსტში სხვადასხვა ბმულზე გადასვლას სთავაზობენ. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია (1; 2; 3; 4; 5).

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ დეზინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოფიციალური გვერდი Facebook-ზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინფორმაცია ბარგის გაყიდვასთან დაკავშირებით ყალბია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

Facebook-გვერდი Tbilisi International 2024 წლის 3 სექტემბერს შეიქმნა და მას შემდეგ სისტემატურად აქვეყნებს ამ დეზინფორმაციას.

პოსტებში მოცემულ ბმულზე დაკლიკვის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდის ვიზუალის მქონე გვერდზე გადავდივართ. რამდენიმე კითხვაზე პასუხის შემდეგ კი კიდევ ერთი გვერდი ჩნდება, სადაც პირადი მონაცემების შევსებას ითხოვენ, კერძოდ, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, საბანკო ბარათის ნომერი და ა.შ.

საგულისხმოა, რომ მსგავსი შინაარსის პოსტები სხვა აეროპორტების სახელითაც ვრცელდება. ტექსტი და ფოტომასალა იდენტურია (ფოტოები იხ. ქვემოთ). სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი თაღლითური პოსტების გავრცელებას ფაქტების გადამმოწმებლებიც გამოეხმაურნენ.

1. ბრიუსელის აეროპორტის სახელით გავრცელებული დეზინფორმაცია:

2. თბილისის აეროპორტის სახელით გავრცელებული დეზინფორმაცია:

1. ლიმას აეროპორტის სახელით გავრცელებული დეზინფორმაცია:

2. თბილისის აეროპორტის სახელით გავრცელებული დეზინფორმაცია:

აღსანიშნავია, რომ ორივე ფოტოსურათი სინამდვილეში, ლონდონში, ჰითროუს აეროპორტშია გადაღებული (პირველი ფოტო; მეორე ფოტო).

ამდენად, თბილისის აეროპორტის სახელით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აღნიშნული პოსტი თაღლითური სქემის ნაწილია და სავარაუდოდ, Facebook-მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა თუ საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად.

------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.