სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Tata Martiashvili“ ირაკლი კობახიძის პოსტის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). პოსტის მიხედვით, კობახიძე თითქოს წერს, რომ „ინვალიდების ოლიმპიადის გამარჯვებულ ჩვენს საამაყო სპორტსმენს მთავრობა დააჯილდოვებს 5000 ლარით!“. სინამდვილეში, პოსტი გაყალბებულია და კობახიძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მან 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტიტულისთვის ბრძოლაში ყირგიზი სპორტსმენი დაამარცხა. 2024 წლის მკლავჭიდის და პარამკლავჭიდის ჩემპიონატი მოლდოვაში გაიმართა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის პოსტი ირაკლი კობახიძის Facebook-გვერდზე არ იძებნება. სპორტსმენთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს პოსტი საერთოდ არ გამოუქვეყნებია.

ასევე, არ იძებნება ინფორმაცია პოსტში აღნიშნულ ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა ლომინაძის პოსტში ვკითხულობთ, რომ ჩემპიონებმა და პრიზიორებმა სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად განსაზღვრული ფულადი ჯილდო მიიღეს, თუმცა რაოდენობა არ სახელდება.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიში „Tata Martiashvili“ გაყალბებული პოსტების ფოტოანაბეჭდებს ხშირად ავრცელებს (1,2,3).

ამგვარად, გავრცელებული პოსტი ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.