უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, აგრეთვე ნორვეგიამ, კორეამ, იაპონიამ, კანადამ, ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები აამოქმედეს. სანქციები ძირითადად სამხედრო, საბანკო-საფინანსო, საავიაციო და ენერგეტიკულ სფეროებს შეეხო. დროის გასვლასთან ერთად შეზღუდვები ეტაპობრივად გაფართოვდა.
საქართველო სანქციებს ოფიციალურად არ მიერთებია (რუსეთისთვის ორმხრივი სანქციები არ დაუწესებია). მთავრობის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების შესახებ, იმ დროს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ომის დაწყებიდან მეორე დღეს 25 თებერვალს განაცხადა. მოგვიანებით, მთავრობის პოზიცია დაზუსტდა და სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალური პოზიცია შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: ქვეყანა ოფიციალურად დაწესებულ სანქციებს არ უერთდება და რუსეთს ორმხრივ სანქციებს თავად არ უწესებს, თუმცა „განუხრელად ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს“.
განვლილი 2.5 წელიწადში მედიასაშუალებებისა თუ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, საქართველო არაერთხელ იქნა სანქციების პირდაპირ ან ირიბად დარღვევაში დადანაშაულებული, თუმცა 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, დარღვევის დამადასტურებელი ფაქტი არ გამოვლენილა, ბრალდების დამადასტურებელი ირიბი მტკიცებულებაც არ არსებობს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციაში ექსპორტი და ტრანზიტი ნახტომისებურად არ გაზრდილა. უფრო მეტიც, სხვა ქვეყნებში უფრო სწრაფი ზრდის ფონზე, რუსეთის წილი ექსპორტში შემცირდა.
სანქციების დარღვევად წარმოჩენილი ბრალდებების ნაწილი, რაც საქართველოს წინააღმდეგ ისმოდა, ფაქტობრივი გარემოებებით დღემდე დადასტურებული არაა, ნაწილი დასტურდება, თუმცა მათი „სანქციების დარღვევად“ შეფასება რეალობის მცდარი ინტერპრეტაციაა. ბრალდება, რომ საქართველოს რუსეთში სანქცირებული პროდუქცია გააქვს, ფაქტობრივი გარემოებებით არ მტკიცდება, ხოლო ის ფაქტი, რომ საქართველო რუსეთისგან ნავთობპროდუქტებს ყიდულობს, სანქციის დარღვევა არაა. სანქციების დარღვევად ვერც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე თანხმობა შეფასდება და ვერც შუა აზიაში გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი.
გრაფიკი 1: ექსპორტი (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ექსპორტი რუსეთში
2022 წლის მარტიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით, რუსეთში ექსპორტზე ჯამში 1.5 მლრდ-ზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა. არის, თუ - არა მათში სანქცირებული პროდუქტი? უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რუსეთის შეიარაღებით მომარაგებაში არავინ ედავება. ტანკები, ქვემეხები, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, საარტილერიო ჭურვები თუ სხვა სახის საბრძოლო მასალა საქართველოს რუსეთისთვის არ მიუწოდებია, თუმცა ტანკის გარდა აკრძალული პროდუქციის კატეგორიათა სიაში ჯერ 50 000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილი გადავიდა, შემდეგ 1900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი ძრავის მქონე. აიკრძალა ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების შეტანაც. თუ შეზღუდვების გამკაცრებამდე, 2024 წლის პირველ ნახევარში, რუსეთში რეექსპორტზე 3786 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა სულ სამ ერთეულამდე შემცირდა. გასათვალისწინებელია საექსპორტო ღირებულებაც. გასული წლის პირველ ნახევარში 1 ავტომობილის საშუალო გასაყიდი ფასი 13900 დოლარს შეადგენდა, ჯამში 52 მლნ-ზე მეტს, წელს 7000 დოლარს ჯამში 21 ათასს. როგორც თანხობრივად, ასევე რაოდენობრივად ავტოექსპორტი რუსეთში შეიძლება განულებულად მივიჩნიოთ. გრაფიკზე 2024 წლის მონაცემები ვიზუალურად არც კი ჩანს.
გრაფიკი 2: ავტოექსპორტი რუსეთში რაოდენობრივად
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მსგავსი ჰიპოთეზური სქემის მაგალითია, როდესაც მოქალაქე დილერისგან „ყიდულობს“ მსუბუქ ავტომობილს და ამავე ავტომობილით კვეთს რუსეთის საზღვარს, როგორც მძღოლი, რომელიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდება (ამ შემთხვევაში, საკანონმდებლო საფუძველი შეზღუდვისთვის არ არსებობს) შემდგომ „საკუთარ ავტომობილს ტოვებს“ რუსეთის ტერიტორიაზე და ბრუნდება საქართველოში. ამ სქემის და მისი ვარიაციების მასშტაბის შესახებ „ფაქტ-მეტრს“ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გააჩნია, თუმცა თავად სქემის და მისი რეალიზების ცალკეული შემთხვევების შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ ფართოდ არის ცნობილი.
ამ შემთხვევაშიც, ფორმალურად, საქართველო არ არღვევს სანქციების რეჟიმს, თუმცა მისთვის გვერდის ავლის ლეგალური „ხვრელების“ ჩასაკეტადაც, სავარაუდოდ, ბევრს არაფერს აკეთებს. შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული „საკანონმდებლო ხვრელის“ აღმოფხვრა მარტივი საკანონმდებლო ცვლილებით არის შესაძლებელი. კერძოდ, შეზღუდვის დაწესებით რუსეთში იმ სატრანსპორტო საშუალებით შესვლაზე, რომლის შეძენიდან/რეგისტრაციიდან პირობითად 6 თვე არ არის გასული (მსგავსი შეზღუდვის ვარიაციას იყენებს თურქეთი საქართველოდან შესულ სატრანსპორტო საშუალებებზე). თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ეს სურათი ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს ფარულად და მის შესახებ, სავარაუდოდ, ცნობილია სანქციების აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირებისათვისაც, მათი მხრიდან საქართველოს მიერ სანქციების შესაძლო დარღვევებზე მითითებების არ არსებობის პირობებში კი ლოგიკური დაშვება, რომ მათი მხრიდანაც აღნიშნული პრობლემურ საკითხად არ არის ინტერპრეტირებული, რაც საჯაროდ გამოხმაურებას საჭიროებს.
საბრძოლო მასალისა და ავტომობილების გარდა, სანქციების ქვეშ ორმაგი დანიშნულების ტვირთიცაა მოქცეული. მსგავსი პროდუქტი ერთდროულად შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ტექნიკაში. რიგი მიზეზების გამო, მათი კონტროლი ყველაზე რთულია. სანქციები ხშირად იცვლება და ექსპორტიორმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ტვირთი რომელიც რამდენიმე კვირით ადრე უპრობლემოდ გაიტანა, უცებ სანქცირებულ სიაში აღმოჩნდა. ამას გარდა, მარტივია დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაც, რაც შეიძლება საბუთების გაყალბებაში ან სულაც საზღვარზე უსაბუთოდ მალულად გადატანაში გამოიხატებოდეს. ზომების გათვალისწინებით, ჯავშანმანქანის საზღვარზე მალულად გადატანა პრაქტიკულად შეუძლებელია, კომპიუტერული ჩიპების შემთხვევაში კი ალბათობა უფრო მაღალია.
გაიტანა, თუ - არა ვინმემ ფარულად სანქცირებული პროდუქცია, ამის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ გადაჭრით ვერაფერს იტყვის. საქსტატზე და საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით შეუძლია თქვას, რომ მსგავსი ფაქტი არ გამოვლენილა და სანქცირებული პროდუქცია იმ დროს, როცა ის უკვე იყო სანქცირებულ პროდუქტთა სიაში, რუსეთში ექსპორტზე არ გაუტანია. აღნიშნულის ფაქტობრივი მტკიცებულებით დადასტურებას ვერც ბრალდების ავტორები ახერხებენ.
იმპორტი რუსეთიდან
ექსპორტისგან განსხვავებით, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან იმპორტი (ძირითადად ნავთობპროდუქტების ხარჯზე) მკვეთრად გაიზარდა, რაც ორი მიზეზით აიხსნება: ნავთობზე და შესაბამისად ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდითა და რუსეთის წილის ზრდით (16%-დან 47%-მდე თანხობრივად, 17%-დან 54%-მდე რაოდენობრივად). თავისი ახსნა აქვს რუსეთის წილის ზრდასაც, რუსული ბენზინი და დიზელი სხვა ქვეყნების ანალოგიურ პროდუქციასთან შედარებით ნაკლებად გაძვირდა, იაფი პროდუქტი კი ქართველი იმპორტიორებისთვის მოგების ზრდის საშუალება გახდა.
რუსულ ენერგოსექტორს სანქციები ყველაზე გვიან შეეხო. ევროკავშირმა რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება შეამცირა, თუმცა არ გაუნულებია. საქართველო ევროკავშირის წევრი არაა და მასზე შემცირების ვალდებულებაც ვერ გავრცელდებოდა.
2021 წელს ევროკავშირმა რუსეთისგან 73 მლრდ ევროს ღირებულების ნავთობპროდუქტი შეიძინა, 2022 წელს ფასების ზრდის გათვალისწინებით - 92 მლრდ-ის, 2023 წელს იმპორტი მკვეთრად, 12.5 მლრდ-მდე შემცირდა. რუსული ნავთობს თავი ევროპამ ბოლომდე ვერც 2024 წელს დააღწია და იანვარ-მაისში 3 მლრდ ევროს ღირებულების იმპორტი განახორციელა. იგივე შეიძლება ითქვას ნედლ ნავთობზეც, რომლის იმპორტი 6-დან 2 მლრდ ევრომდე შემცირდა, მაგრამ არა ნულამდე.
ტრანზიტი
კიდევ ერთი ბრალდება ტრანზიტს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა სანქცირებული პროდუქციის გამტარია. 2023 წლის იანვარში New York Times სტატიაში სათაურით: „How Western Goods Reach Russia: A Long Line of Trucks Through Georgia“ (როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში - სატვირთოების გრძელი რიგი საქართველოს გავლით) ეჭვებს ყაზბეგის საბაჟოზე სატვირთოების გრძელი რიგის საფუძველზე გამოთქვამდა.
რეალობაში, აღნიშნულ მიმართულებაზე საცობები ძალიან ხშირია, გარდა ამისა, ფოტოზე უფრო ზუსტ ინფორმაციას სტატისტიკა იძლევა. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში გადაადგილებული სატვირთოების რაოდენობა არათუ გაიზარდა, შემცირდა კიდეც, 2023 წელს კი მხოლოდ მცირე ზრდა დაფიქსირდა. 2021 წელს ყაზბეგის გამშვებმა პუნქტმა სულ 143 ათასი სატვირთო გაატარა, 2023 წელს კი მხოლოდ 3.5%-ით მეტი - 148 ათასი. წინა პერიოდისგან განსხვავებით, 2024 წლის პირველ ორ კვარტალში მნიშვნელოვანი 29%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც შეიძლება საყურადღებოა, მაგრამ ეს ფაქტი ცალკე აღებული არაფერს ამტკიცებს.
რეექსპორტი
ის, რაც ნამდვილად გაიზარდა, რეექსპორტია. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 2022 წელს გაორმაგდა, 2023 წელს კი დამატებით 135%-ით გაიზარდა. ჯამში, 2023 წელს, 2021 წელთან შედარებით, 365%-ით მეტი ღირებულების ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. თუ ავტომობილებს რაოდენობრივად დავითვლით, ზრდის ტემპი 70% იქნება. 2021 წელს 1 ავტომობილის საშუალო საექსპორტო ღირებულებამ 7200 დოლარი შეადგინა, 2023 წელს 19300.
რეექსპორტი ყველაზე მეტად შუა აზიაში, კერძოდ, ყაზახეთსა და ყირგიზეთში გაიზარდა. ამ ქვეყნებში ბოლო 1.5 წლის ექსპორტმა წინა 27 წლის ჯამურ მაჩვენებელს გადააჭარბა. შედის, თუ - არა ამ ქვეყნებიდან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოდან ავტომობილები რუსეთში? ამ ფაქტის გამორიცხვა შეუძლებელია. არის, თუ - არა ეს საქართველოს მხრიდან სანქციების დარღვევა? არა, რადგან ყაზახეთში ან ყირგიზეთში ექსპორტი არავის აუკრძალავს. თუ ამ ქვეყნებიდან ავტომობილების ნაწილი მართლაც გადის რუსეთში, რაც მხოლოდ დაშვებაა და „ფაქტ-მეტრი“ მტკიცებით ფორმაში ვერ ისაუბრებს, ეს ფაქტი ამ ქვეყნების პასუხისმგებლობაა და არა საქართველოსი. საქართველოს რეექსპორტირებული პროდუქციის საბოლოო პუნქტამდე გადაადგილების გაკონტროლების ბერკეტი არ გააჩნია. პირობითად მაშინაც კი, თუ ქართველი ავტოიმპორტიორი მყიდველს მსგავს ვალდებულებას კონტრაქტით დააკისრებს, მსგავსი კონტრაქტი შეიძლება ფარატინა ქაღალდად დარჩეს, ვინაიდან მისი აღსრულების ბვერკეტი, რეალობაში, ვერ იარსებებს.
მსუბუქ ავტომობილებს რეექსპორტში პირველი ადგილი უკავია. 2023 წლის მდგომარეობით, მათმა რეექსპორტმა 2.1 მლრდ-ს გადააჭარბა. მეორე ადგილს 100 მლნ-ით სამკურნალო საშუალებები იკავებს. ავტომობილების ექსპორტი მედიკამენტების ექსპორტს 21-ჯერ აღემატება. ათეულშია ასევე: სპირტიანი სასმელები, თამბაქოს ნაწარმი, სატვირთო ავტომობილები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სამედიცინო აპარატურა, სამრეწველო დამზადების თამბაქო, ტრაქტორები და ბულდოზერები.
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები 27 მლნ დოლარით მე-14 ადგილს იკავებს, სატელეფონო აპარატები 7.4 მლნ-ით - 30-ე ადგილზე. ტურბორეაქტიული ძრავების ექსპორტმა 4.8 მლნ-ს მიაღწია, ცენტრიფუგების - 4.7 მლნ-ს, რადიოსატელეფონო აპარატების -4.3 მლნ-ს.
თუ შედარებას 2021 წელთან გავაკეთებთ, მასიური ნახტომისებური ზრდა არც ამ შემთხვევაში გამოჩნდება. გამომთვლელი მანქანების ექსპორტი მაშინ 20 მლნ-ს შეადგენდა ანუ 7 მლნ-ით ნაკლებს, სატელეფონო აპარატების კი პირიქით 33 მლნ-ს ანუ 29 მ ლნ-ით მეტს.
სხვადასხვა დროს, როგორც პრობლემურ ტვირთებზე საუბარი იყო ასევე: ნახევარგამტარებზე, კონდენსატორებზე, ინტეგრალურ სქემებზე, პიეზოელექტრულ კრისტალებზე, ბურთულასაკისარებზე, დურბინდებზე... ზოგ შემთხვევაში, დიდი პროცენტული ზრდის მიუხედავად, აბსოლუტური რიცხვები არათუ ადასტურებს, არამედ საგანგაშო სურათის არსებობას გამორიცხავს კიდეც. ასე მაგალითად, მუდმივი ტევადობის კონდენსატორების ექსპორტმა 2022-2023 წლებში ჯამში 2.4 ათასი დოლარი შეადგინა, ინტეგრალური სქემების ჯამურმა ექსპორტმა - 86 ათასი დოლარი, ბურთულასაკისარებისამ 700 ათასი და რადიონავიგაციური აპარატურის 750 ათასი. მონაცემების დამამუშავებელი ციფრული ბლოკები ომის დაწყებიდან ორ წელიწადში 5 მლნ-ის გაიყიდა, ომამდე მხოლოდ 2021 წელს კი - 17 მლნ-ის.
სამხედრო დანიშნულების პროდუქციას საქართველო რეექსპორტის გზითაც არ ყიდის, რის გამოც სამხედრო ტექნიკა საქართველოდან რუსეთში ვერც მესამე ქვეყნის გავლით მოხვდება. რაც შეეხება ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, მათი რეექსპორტი მცირეა და ომამდელ მდგომარეობასთან შედარებით მასშტაბური ზრდა არ ფიქსირდება. შესაძლოა, ცალკეულ ორმაგი დანიშნულების პროდუქტი 1000%-იან ან უფრო მაღალ ზრდასაც აჩვენებდეს, მაგრამ ეს საბაზო ეფექტის ბრალია, თუ რაიმე X ნივთის ექსპორტი 1000 დოლარს შეადგენდა და მეორე წელიწადს 20 000 დოლარი გახდა ეს 1900%-იანი ზრდაა, თუმცა ექსპორტის მთლიან სტრუქტურაში 20 000 დოლარი მაინც მიზერული რაოდენობაა.
შემოსავლების სამსახურმა რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება და სანქცირებული ტვირთების რუსეთში შესაძლო გატანის ფაქტები უარყო. ვრცელი განმარტებების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უწყება ერთგვარ თავის მართლების რეჟიმში იმყოფება. თემასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურზე დაყრდნობით, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ პირველ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მათ სანქცირებული პროდუქციის გატანის მცდელობის 1000-ზე მეტი ფაქტი აღკვეთეს, შემდეგ ეს რიცხვი თანდათან გაიზარდა. იმ დროს, როცა საჯარო ინტერესი ძალიან მაღალია, ოფიციალური სტრუქტურა დარღვევის 1000 მცდელობას დაელოდა და განცხადება მხოლოდ შემდეგ გააკეთა, უწყებამ საქმიანობა მომდევნო პერიოდში ანალოგიური სქემით გააგრძელა. სავარაუდოდ, ნაკლები კითხვა გაჩნდებოდა მაშინ, თუ სანქციების აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირების საჯარო კომუნიკაციაში მეტ მოქნილობას გამოიჩენდნენ.
უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები
პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის უფლების მიცემა.
სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის თავად რუსეთმა 2000 წელს დააწესა. მოსკოვის გადაწყვეტილებით, 2019 წლის ივლისიდან პირდაპირი ფრენებიც აიკრძალა. სავიზო რეჟიმის მოხსნის შემთხვევაში საქართველოს რაიმე ხელისშემშლელი ბერკეტი არ გააჩნდა. თეორიულად შეეძლო, საკუთარი მოქალაქეებისთვის რუსეთში ვიზიტი აეკრძალა, თუმცა მსგავსი ნაბიჯი არავის გადაუდგამს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც მაქსიმუმ რეკომენდაციით შემოიფარგლნენ. ომის დაწყების მომენტში, რუსეთის მოქალაქეები უკვე სარგებლობდნენ საქართველოში 1 წლით უვიზოდ ყოფნის უფლებით.
პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, სიტუაცია განსხვავებულია. ევროკავშირმა რუსეთს ცა ომის დაწყებისთანავე ჩაუკეტა. ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვები არათუ ყველა რუსულ ავიაკომპანიას ეხება განურჩევლად, არამედ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირსაც. კერძოდ, აკრძალულია დაშვება, აფრენა ან გადაფრენა ევროკავშირის ტერიტორიაზე ნებისმიერი იმ თვითმფრინავისათვის, რომელიც გამოიყენება რუსული ავიაკომპანიის მიერ ნებისმიერი ფორმით, ან რეგისტრირებულია რუსეთში, ან არ არის რეგისტრირებული რუსეთში, მაგრამ მფლობელობაშია ან დაქირავებულია ნებისმიერი რუსი/რუსული ფიზიკური ან იურიდიული პირის, ორგანიზაციის ან სტრუქტურის მიერ, ან ნებისმიერი სხვა ფორმით იმყოფება მათი კონტროლის ქვეშ.
საქართველომ შავ სიაში შეყვანილ ავიაკომპანიებზე და სანქცირებული ბორტების მიღებაზე უარი თქვა, კერძოდ, იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსულ ავიაკომპანიებს ლიზინგით ჰქონდა აღებული და ომის დაწყების შემდეგ, მოთხოვნის მიუხედავად, უკან აღარ დაუბრუნებიათ. თუ თბილისის, ბათუმის ან ქუთაისის აეროპორტში მსგავსი სანქცირებული ხომალდი დაეშვება, საქართველოს მისი ჩამორთმევისა და მესაკუთრისთვის გადაცემის ვალდებულება უჩნდება. 2024 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით, არც მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა. ავიაკომპანიათა ნაწილი, რომელიც საქართველოში ოპერირებს, უკრაინის მიერაა სანქცირებული, თუმცა თბილისს კიევის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების ვალდებულება არ აუღია.
საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის და სამართლებრივად თბილისს ბრიუსელში მიღებული ყველა გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება არ გააჩნია, თუმცა ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაახლოების ვალდებულება კონსტიტუციითაა გაწერილი (მუხლი 78). საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან თავსებადობის მოთხოვნა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებითაც აკისრია, პირდაპირი ფრენების აღდგენა ამ თავსებადობას ეწინააღმდეგება.
პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, ევროკავშირში უკმაყოფილება არც დაუმალავთ. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ ღიად მიუთითა პოლიტიკურ მდგენელსა და პოლიტიკური ვალდებულებების მნიშვნელობაზე. კერძოდ, მისი განცხადებით: „[პირდაპირი ფრენების განახლებაზე] გადაწყვეტილება აფერხებს საქართველოს ევროკავშირის გზაზე და, ამასთანავე, არაა თანხმობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვალდებულებებთან, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაში... სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებთან და დეკლარაციებთან შესაბამისობა წელს 31%-მდე შემცირდა, ისედაც დაბალი შარშანდელი 44%-დან“.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ყველა ქვეყნის ელჩთან ერთად ეკონომიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს დემარში გადასცა.
ფარცხალაძის პრეცედენტი
სანქციების აღსრულების საკითხში საჯაროდ ცნობილი ქმედებებიდან დღემდე ყველაზე პრობლემურად „ფარცხალაძის პრეცედენტი“ რჩება, როცა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფაქტობრივად უგულებელყო ამერიკული სანქციები.
2023 წლის 19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, თავისსავე გამოცემულ 4 აგვისტოს ბრძანებაში, ცვლილებები შეიტანა და აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის მიერ, საბანკო ანგარიშებზე წვდომის აღდგენა საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში დასაშვები გახადა. ფარცხალაძე იმ დროისთვის ორმაგი (საქართველოსა და რუსეთის) მოქალაქეობით სარგებლობდა. საგამონაკლისო წესი მასზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, ისე გავრცელდა. ბრძანებაში ცვლილებას წინ მმართველი გუნდის რიტორიკის ცვლილება უძღოდა. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ სასამართლოს გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის ანგარიშების დაყადაღება კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. ბრძანებაში ცვლილებამ ბაზარზე მცირე პანიკა გამოიწვია. კომერციული ბანკების ინდივიდუალური განცხადებების შემდეგ, რამდენიმე დღეში სიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა იმავე ეროვნულ ბანკს პანიკით გამოწვეული კურსის ვარდნის შესაჩერებლად ერთი კვირის განმავლობაში 65 მლნ დოლარის რეზერვების გაყიდვა მოუწია.
დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ გატარებული პოლიტიკა და უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები ყოველთვის არ ყოფილა ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრაში და ზოგჯერ ეწინააღმდეგებოდა კიდეც მათ, აღნიშნული თავისთავად სანქციების დარღვევად ვერ შეფასდება და ამ დროისათვის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ფარგლებში, არც სანქციების დარღვევაში ასახულა.
სხვადასხვა განცხადებასა და ჟურნალისტურ მასალაში პირდაპირ თუ ირიბად გაჟღერებული „ბრალდებები“ კი საბოლოოდ სამ თეორიულად მდგენელამდე დადის: 1. საქართველოდან სანქცირებული საქონლის შეტანა ფართო რეგიონის სხვა ქვეყნებში, რომლებიც, შესაძლოა, საბოლოოდ ამ საქონელს რუსეთს აწვდიდნენ; 2. ოფიციალურად, არსებული აკრძალვის მიუხედავად, მსუბუქი ავტომობილების საქართველოდან რუსეთში ლეგალურად მოხვედრის შესაძლებლობა და 3. სანქცირებული საქონლის საქართველოდან რუსეთში არალეგალურად (კონტრაბანდულად) შეტანა ცალკეული პირების მიერ.
პირველ შემთხვევაში, სანქციების რეჟიმის საქართველოს მხრიდან თუნდაც თეორიულ დარღვევაზე საუბარი აბსურდულია. მესამე ქვეყნებს, რომელთა მიმართაც თვით სანქციების დაწესების ინიციატორებს არ აქვთ ამოქმედებული შეზღუდვები, საქართველო ვერ შეუწყვეტს საქონლის მიწოდებას. ამ ქვეყნებში შეტანილი „სანქცირებული საქონლის“ შემდგომი ბედი კი ამავე ქვეყნების პასუხისმგებლობაა და არა საქართველოსი.
მსუბუქი ავტომობილების საკითხი ოდნავ განსხვავებული შემთხვევაა და მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად, სანქციების რეჟიმი არც ამ შემთხვევაში ირღვევა, შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფრო ეფექტურად მოქმედების ბერკეტები გააჩნია.
რაც შეეხება კონტრაბანდულ ტვირთს, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ითქვას, რომ თეორიულად აღნიშნულის არ დაშვება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, თუმცა მისი 100%-ით აღმოფხვრა არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია და მიუხედავად შესაბამისი ძალისხმევისა, სახელმწიფო საზღვრებზე აკრძალული საქონლის (ნარკოტიკის, იარაღის და სხვ.) გადაადგილება ბუნებრივია ხერხდება. საქართველოს სასაზღვრო/საბაჟო სამსახურების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, ისევე როგორც მათი კორუფციულ სქემებში მონაწილეობის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, საქართველოდან რუსეთში სანქცირებული საქონლის კონტრაბანდულად შეტანის ცალკეული წარმატებული შემთხვევები შესაძლებელია არსებობდეს, თუმცა აღნიშნულის სანქციების რეჟიმის დარღვევად ინტერპრეტირება აბსურდულია.
დღემდე ერთადერთ დადასტურებულ და ცალსახად პრობლემურ შემთხვევად „ფარცხალაძის პრეცედენტი“ რჩება, როდესაც, ოთარ ფარცხალაძის „დასაცავად“ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მმართველი გუნდის, სულ მცირე, მხარდაჭერის პირობებში, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სანქცირებული პირების მიერ საბანკო ანგარიშებზე წვდომა (შესაბამისად, სანქციების დარღვევა) ოფიციალურად დასაშვები გახდა. თუმცა, აღნიშნულიც სანქციების დარღვევის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას გულისხმობს, ამ შესაძლებლობის პრაქტიკაში რეალიზების დადასტურებული შემთხვევა კი არ არსებობს. მეტიც, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ერთხმად დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი არ გაითვალისწინებენ ეროვნული ბანკის მიდგომას და გააგრძელებენ სანქციების რეჟიმის აღსრულებას.
რაც შეეხება იმას, უნდა დაეწესებინა, თუ - არ საქართველოსაც სანქციები და რა ფორმის?! ეს პოლიტიკური მსჯელობის ნაწილია, რომლის განხილვაშიც „ფაქტ-მეტრი“ ამ სტატიის ფარგლებში არ შედის. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებას მაღალი ალბათობით რუსეთიდანაც საპასუხო ნაბიჯი მოჰყვებოდა, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით, საყურადღებო რისკებს გააჩენდა. რა ზომის იქნებოდა აღნიშნული უარყოფითი ეფექტი, ამის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, კიდევ უფრო რთულია შესაძლო პოლიტიკური გართულებების მასშტაბების გამოთვლა.