სოციალურ ქსელში უკრაინის რადაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შესახებ ორი სახის მტკიცება ვრცელდება: ერთი მათგანის მიხედვით, უკრაინამ მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვას დაუჭირა მხარი, მეორე მტკიცების მიხედვით კი, უკრაინამ მართლმადიდებლობა აკრძალა. ორივე სახის გზავნილი კონტექსტის გარეშე ვირუსულად ვრცელდება (იხილეთ, ბმული: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10). „ფაქტ-მეტრმა“ უკრაინის რადაში მხარდაჭერილი კანონპროექტი შეისწავლა და სრული კონტექსტი გააანალიზა.
სინამდვილეში, უკრაინის რადას მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტი მიღების შემთხვევაში არა ზოგადად მართლმადიდებლობას ან მართლმადიდებლურ ეკლესიას, არამედ ისეთ რელიგიურ ორგანიზაციებს აკრძალავს, რომელთაც მართვის ცენტრი უკრაინის გარეთ, აგრესორ სახელმწიფოში აქვთ. აქედან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ კანონპროექტი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის (Українська Православна Церква Московський Патріархат (УПЦ - МП) აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა უკრაინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ (УПЦ-МП), რომელმაც 2022 წლის მაისში მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და უარყო მოსკოვის ომის მიზნებისადმი რაიმე სახით დახმარება. თუმცა, ამის მიუხედავად, ამავე ეკლესიის (УПЦ-МП) სინოდის საინფორმაციო და საგანმანათლებლო დეპარტამენტის თავმჯდომარე მიტროპოლიტმა კლიმენტიმ, განაცხადა, რომ [მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული] უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (УПЦ-МП) უკვე დაახლოებით 30 წელიწადია ისედაც დამოუკიდებელი და თვითმმართველია და რომ მაისში დამოუკიდებლობის გამოცხადება ამ სტატუსზე ხაზგასმას წარმოადგენს. მისივე განცხადებით, ეკლესია რუსულ ეკლესიასთან კონტაქტს არ წყვეტს და სულიერ კავშირს ინარჩუნებს.
აღნიშნული ეკლესიის რუსეთთან კავშირზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს აქტიურად დაიწყო. 2022 წლის 27 ოქტომბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა განაცხადა, რომ УПЦ-МП მტრის აგენტების ფუნქციონირებისთვის იდეალურ გარემოს წარმოადგენდა. 2022 წლის 22 ნოემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ-МП) არაერთ მონასტერში, მათ შორის კიევი-პეჩორის ლავრაში რუსეთის სპეცსამსახურების „ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და აღსაკვეთად „კონტრდაზვერვითი ღონისძიებები“ ჩაატარა“. ომის დაწყებიდან დღემდე კოლაბორაციონიზმსა და ღალატში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 68 სამღვდელო პირი დაადანაშაულეს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზელენსკიმ 2022 წლის 1 დეკემბერს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. განკარგულება რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტას ითვალისწინებს. ხოლო 2 დეკემბრის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მთავრობას უკრაინაში რუსეთის ფედერაციაში გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი მომზადება დაევალებოდა.
პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ აქტიურად გავრცელდა ყალბი მტკიცებები, თითქოს ზელენსკი განცხადებით მართლმადიდებლური ეკლესიების მოღვაწეობას კრძალავდა. აღნიშნული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა (იხილეთ სტატია).
2023 წლის 19 ოქტომბერს უკრაინის ვერხოვნა რადამ წინასწარი კენჭისყრით კანონში (N8371) შესატანი ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. ეს ცვლილება ითვალისწინებს დებულებებს უკრაინაში ისეთი რელიგიური ორგანიზაციების მოქმედების თავიდან ასაცილებლად, რომელთა მმართველი ცენტრი (მენეჯმენტი) უკრაინის გარეთ, ისეთ სახელმწიფოში მდებარეობს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში კონკრეტული რელიგიური ორგანიზაცია ნახსენები არაა და ის სამართლებრივად უკრაინაში მოქმედ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას შეეხება. თუმცა ვინაიდან კანონპროექტი უკრაინის ხელისუფლებას მისცემს უფლებამოსილებას, გამოიძიოს უკრაინაში არსებული რელიგიური ჯგუფების კავშირები რუსეთის ფედერაციასთან და აკრძალოს ისეთი ორგანიზაციები, რომლებსაც მმართველი რგოლი უკრაინის გარეთ აქვთ, კანონპროექტით მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (УПЦ-МП) საქმიანობის აკრძალვაა შესაძლებელი.
თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონის მიღებამდე უკრაინის პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტი მეორე მოსმენაზე უნდა გავიდეს. მეორე მოსმენის მოსამზადებელ პერიოდში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სხვა კანონაღმსრულებელი ორგანოების შეთავაზებები გათვალისწინებული იქნება, ამასთანავე მეორე მოსმენისას იგეგმება დამატებითი სამუშაოების განხორციელება, რათა კანონპროექტში შესატანი ცვლილებები უფრო ბალანსირებული გახდეს და რელიგიური ორგანიზაციების რეგულირება რელიგიის თავისუფლების უფლების შეზღუდვის გარეშე მოხდეს. მხოლოდ მეორე მოსმენით მიღების შემდეგ ეგზავნება კანონპროექტი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დასადასტურებლად, რის შემდეგად კანონი ძალაში შედის. ამდენად, 19 ოქტომბრის მონაცემებით, ვერხოვნა რადამ კანონში ცვლილება ჯერ მხოლოდ პირველი მოსმენით მიიღო და ის საბოლოოდ დამტკიცებული ჯერ არაა.
ამასთანავე, უკრაინის პარლამენტის დეპუტატებმა რუსეთის ფედერაციაში გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შემოთავაზებული კანონპროექტებიდან, ყველაზე უფრო „რბილ“ ვერსიას დაუჭირეს მხარი. მაგალითად, პეტრო პოროშენკოს ევროპული სოლიდარობის პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის (УПЦ - МП) დაუყოვნებლივ აკრძალვას ითვალისწინებდა. დეპუტატების მიერ პირველ მოსმენაზე მხარდაჭერილი კანონპროექტი კი რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციის ასაკრძალად ხანგრძლივ მექანიზმს ითვალისწინებს. ეს მექანიზმი გულისხმობს, რომ თავდაპირველ ეტაპზე ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურმა უნდა დაადგინოს, რომ გარკვეული რელიგიური ორგანიზაციის ცენტრი რუსეთში მდებარეობს, რის შემდეგაც გაიცემა ბრძანება ეკლესიის მიერ ამ მდგომარეობის შეცვლის შესახებ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რელიგიური ორგანიზაცია ბრძანებას არ დაემორჩილება, ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურს შეუძლია სასამართლოში სარჩელი შეიტანოს იურიდიული პირის წინააღმდეგ. რელიგიურო ორგანიზაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ სასამართლოს გამოაქვს.
დამატებით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (УПЦ - МП) ერთი იურიდიული პირის სახით არ არსებობს. კიევის მეტროპოლიასა და ეპარქიებთან ერთად, ცალკეული სამრევლოების რაოდენობა ცხრა ათასამდე აღწევს. ამდენად, კანონპროექტის მიხედვით სასამართლო საქმის წარმოება ერთ ლეგალურ იურიდიულ პირთან ვერ წარიმართება. ამის გამო მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვას შესაძლოა წლები დასჭირდეს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ სახით არსებულ კანონპროექტს უკრაინის რადა მეორე მოსმენითაც მიიღებს და პრეზიდენტი ხელს მოაწერს.
ცნობისთვის, 2018 წლამდე უკრაინაში 3 მართლმადიდებლური ეკლესია არსებობდა. ერთი მათგანი კიევის (Українська Православна Церква Київський Патріархат (УПЦ-КП), ერთი კი მოსკოვის საპატრიარქოს (Українська Православна Церква Московський Патріархат (УПЦ - МП) ეკუთვნოდა. კიდევ ერთი უკრაინულ ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას უწოდებდა თავს (Українська Автокефальна Православна Церква (УАПЦ) 2018 წლის 15 დეკემბერს კიევში წმინდა სოფიას ტაძარში გამართულ გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინის გაერთიანებული დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნა გამოცხადდა, სადაც კიევის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია (УПЦ-КП) და უკრაინული ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია (УАПЦ) გაერთიანდა. გამაერთიანებელ კრებას მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა უკრაინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ (УПЦ-МП) ბოიკოტი გამოუცხადა. გაერთიანებულ ეკლესიას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ეწოდა (Православна Церква України - ПЦУ) რომლის წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს. 2019 წლის 5 იანვარს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, რომელიც თანასწორთა შორის უპირატესის წოდებას ატარებს, გამოსცა ტომოსი, რომელმაც უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას (ПЦУ) რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან ავტოკეფალია მიანიჭა.
2022 ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინელების უმეტესობა (54%) უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან (Православна Церква України - ПЦУ) აიდენტიფიცირებს თავს, რუსეთთან დაკავშირებულ ეკლესიასთან (УПЦ - МП) კი მხოლოდ 4%. მოსახლეობის 14% უბრალოდ მართლმადიდებელ ქრისტიანად თვლის თავს, ეკლესიის დაკონკრეტების გარეშე. დამატებით, 2023 წლის მაის-ივნისში კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის ჩატარებული გამოკითხვით, მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესია (УПЦ - МП) უნდა აკრძალოს, 19%-ის მოსაზრებით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესია არ უნდა აკრძალოს, თუმცა მას სახელმწიფომ ზედამხედველობა უნდა დააწესოს და მისი აქტივობების მონიტორინგი აწარმოოს.
სოციალურ ქსელში ყალბი მტკიცება, თითქოს უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მართლმადიდებლობა ან მართლმადიდებლური ეკლესია აკრძალა, სხვა გზავნილთან ერთად პარალელურად ვრცელდება, რომლის მიხედვით უკრაინის იუსტიციის საბჭომ მხარი ჰომოსექსუალური ქორწინების დაკანონებას დაუჭირა. აღნიშნული მტკიცება „ფაქტ-მეტრმა“ ასევე გადაამოწმა (იხილეთ სტატია).
ამდენად, კანონპროექტს, რომელიც ისეთი რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას ითვალისწინებს, რომელთაც მმართველი ცენტრი აგრესორ ქვეყანაში აქვთ, უკრაინის რადაში ჯერჯერობით მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი. შესაბამისად, კანონპროექტი რელიგიური ორგანიზაციების რუსეთთან კავშირის წინააღმდეგ არის მიმართული და არა ზოგადად მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.
-----------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.