სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „გუარამ მამფალი“, რომელსაც „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია, Turkish Airlines-ის პერსონალის ფოტოს აქვეყნებს, აღწერით: „იწყება.... თურქიშის პერსონალი აფრიკის მიმართულებით ხელთათმანით და პირბადით იფრენს“. რეალურად, ფოტო 2021 წელს კორონავირუსის პანდემიის დროს არის გადაღებული. მისი ახლა გავრცელება, თანაც აფრიკის ხაზგასმით, მომხმარებლებს უქმნის წარმოდგენას, რომ წესების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ “თურქეთის ავიახაზები” (Turkish Airlines), „მაიმუნის ვირუსის“ გავრცელების გამო მიიღო.

ფოტო, რომელსაც Facebook-მომხმარებელი ავრცელებს, 2021 წლის სექტემბერში თურქული გამოცემა „Daily Sabah“-ის მიერ გავრცელდა. სტატია თურქეთის საავიაციო სექტორზე პანდემიის გავლენას ეხება.

ცნობისთვის, 14 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ (Mpox) მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მიზნად ვაქცინების საჭირო მარაგების აფრიკის მაღალი რისკის ქვეყნებისთვის მიწოდებას ისახავს, ასევე გაძლიერდება სხვა თავდაცვითი ზომები, რაც „მაიმუნის ყვავილის“ ეპიდაფეთქების ჩახშობისთვის აუცილებელია. ასევე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გლობალური გავრცელების პრევენციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდება, მაგრამ შესაძლებელია, რომ მოგზაურობის შედეგად ვირუსი აფრიკიდან გლობალურად გავრცელდეს. თუმცა ამ დროისთვის ჯანდაცვის ორგანიზაციები „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის იმგვარ აფეთქებას, რომ პანდემია გამოიწვიოს, არ ელოდებიან. პანდემიის გამომწვევი ვირუსები, როგორც წესი უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე „მაიმუნის ყვავილი“. კორონავირუსისგან (COVID-19) განსხვავებით, „მაიმუნის ყვავილი“ ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელდება, რაც გლობალურად ვირუსის სწრაფ გავრცელებას აფერხებს.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მკაცრი რეგულაციების საჭიროება არ არსებობს, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და მისი მეთვალყურეობა მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-ის მიერ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო წესების გამკაცრების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

ამდენად, Facebook-ანგარის პოსტი დამატებითი კონტექსტის გარეშე შეცდომაში შემყვანია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია