სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Gvan Ca“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) სტატიების ფოტოანაბეჭდებს ავრცელებს, რომლებშიც გეი და ბისექსუალ პირებში „მაიმუნის ყვავილის“ განმეორებით გავრცელების პოტენციურ რისკზეა საუბარი. Facebook-ანგარიში აღნიშნული ფოტოანაბეჭდების გავრცელებით ცდილობს გაამყაროს დეზინფორმაციული მტკიცება, რომ „მაიმუნის ვირუსი“ მხოლოდ ჰომოსექსუალ ადამიანებში ვრცელდება.

სინამდვილეში, აღნიშნული სტატიები ჰომოსექსუალ ადამიანებს ეხება, რადგან ევროპასა და აშშ-ში 2022 წელს ვირუსისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი სწორედ ეს ჯგუფი აღმოჩნდა. ზოგადად კი, როგორც WHO, ასევე CDC ადასტურებს, რომ ვირუსი რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე მიმაგრებული არ არის. ადამიანიდან ადამიანზე „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის გავრცელება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტით ხდება, მათ შორის - სქესობრივი გზითაც. ვირუსისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სქესობრივი კონტაქტი როგორ და რომელი ორიენტაციის ადამიანებს შორის მოხდება. შესაბამისად, „მაიმუნის ყვავილი“ მხოლოდ ჰომოსექსუალ ადამიანებში არ ვრცელდება.

14 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკის კონტინენტზე „მაიმუნის ყვავილის“ მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა. ევროპაში ვირუსის პირველი შემთხვევა შვედეთში, 15 აგვისტოს დაფიქსირდა.

„მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდება. „მაიმუნის ყვავილი“ ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც კლინიკურად „ადამიანის ყვავილის“ მსგავსია, თუმცა ნაკლებად მძიმეა. ინფექცია ადამიანებს შორის რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხების შედეგად ვრცელდება. ასევე, დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა ინფექცია თბურად ბოლომდე დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას გადაცემულა. ორსული ქალიდან ვირუსი ნაყოფზე შესაძლოა პლაცენტის მეშვეობითაც გადავიდეს. მაიმუნის ყვავილის მქონე ადამიანი გადამდები სიმპტომების დაწყებიდან მანამდეა, სანამ გამონაყარი სრულად შეხორცდება და კანის ახალი ფენა წარმოიქმნება. დაავადება ჩვეულებრივ 2-4 კვირა გრძელდება. შეშფოთება გამოიწვია ვირუსის ახალმა შტამმა, რადგან, როგორც ჩანს, ის სწრაფად ვრცელდება და მის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შტამი გადადის სქესობრივი კონტაქტით, ისევე როგორც სხვა ახლო კონტაქტით, მაგალითად, ვირუსი გავრცელდა კონგოს დევნილთა ბანაკებში მყოფ ბავშვებს შორის. ახალი შტამი აღმოსავლეთ კონგოდან რუანდაში, უგანდაში, ბურუნდსა და კენიაში გადავიდა.

ცნობისთვის, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა 2022 წელს დაფიქსირდა. ქვეყანაში დეზინფორმაციული მტკიცების გავრცელება, რომ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი „ჰომოსექსუალების ვირუსს“ წარმოადგენს, ასევე 2022 წელს დაიწყო. მტკიცება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპაში შემთხვევების უმეტესობა ჰომოსექსუალ მამაკაცებში დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „ვირუსი არ არის მიმაგრებული რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე“. „მაიმუნის ყვავილი“ შეიძლება ნებისმიერ ადამიანზე გავრცელდეს.

„ყველას შეუძლია დაავადდეს „მაიმუნის ყვავილით“ მიუხედავად მათი ასაკისა, სქესის, დაბადებისას მიკუთვნებული სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ რასისა“, - განუცხადა USA TODAY-ს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის ასისტენტმა პროფესორმა მეთიუ ჰემილმა. ჰემილმა ისიც აღნიშნა, რომ ზოგადად „მაიმუნის ყვავილი“ არ არის კლასიფიცირებული, როგორც სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. მას შეუძლია გავრცელდეს სექსუალური კონტაქტით, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზაა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვირუსი მხოლოდ ჰომოსექსუალ ადამიანებში არ ვრცელდება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-გვერდზეც აღნიშნულია, სადაც ვკითხულობთ: „„მაიმუნის ყვავილის“ რისკი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებიც სექსუალურად აქტიურები, გეები ან ბისექსუალი არიან, ან სხვა მამაკაცებით, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს ახლო კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც აქვს სიმპტომები, რისკის ქვეშ იმყოფება და ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჰყავს მრავალი სექსუალური პარტნიორი, ასევე რისკის ქვეშაა“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციას ვკითხულობთ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვებ-გვერდზე, სადაც ხაზგასმულია, რომ „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტის მქონე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაედოს ვირუსი და უნდა მიიღოს ზომები საკუთარი თავის დასაცავად, განსაკუთრებით მიმართოს ვაქცინაციას. ვებ-გვერდზე ასევე აღნიშნულია გაფრთხილებაც მოგზაურებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ცხოველებთან მუშაობენ, განსაკუთრებით ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში, რადგან, როგორც ცნობილია, ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტი ასევე რისკის შემცველია.

ხაზგასასმელია, რომ რადგან 2022/2023 წლებში ევროპასა და აშშ-ში შემთხვევების უმეტესობა სწორედ ჰომოსექსუალ ადამიანებში დაფიქსირდა, როგორც CDC, ასევე WHO სტატიებში, რომელთან ფოტოანაბეჭდებიც Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელდა, მიმოიხილავს რისკებს, რომლებიც „მაიმუნის ვირუსის“ კვლავ გავრცელების შემთხვევაში კონკრეტულად ჰომოსექსუალ ან ბისექსუალ ადამიანს შეიძლება შეექმნას. სტატიებში ნახსენებია, რომ უნდა გაიზარდოს ჯანდაცვის სისტემის მცდელობა დაძლიოს გამოწვევები, რომლებიც ჯგუფის წარმომადგენლებს შეექმნათ, მათ შორის, აღსანიშნავია, ჰომოფობიის, სტიგმატიზებისა და დისკრიმინაციას შემთხვევების ზრდა. ასე მაგალითად, CDC-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის სისტემაში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსზე ტესტირების, მკურნალობისა და პრევენციის მიდგომებში თანასწორობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია და „მაიმუნის ვირუსთან“ დაკავშირებული სტიგმის შესამცირებლად ზომების მიღებამ შეიძლება შეამციროს ჰომოსექსუალების მხრიდან ზრუნვისა და პრევენციის ძიების ბარიერები. CDC-ის ცნობით, მუდმივი ზედამხედველობა აუცილებელია სხვადასხვა თემებს შორის ვირუსის გადაცემის ტენდენციებისა და ზემოქმედების შესაფასებლად.

საინტერესოა, რომ ჰომოსექსუალებში ვირუსის რიცხვის მაღალ მაჩვენებლს The New York Times-თან გრეგ გონსალვესს, იელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგიის ასოცირებულ პროფესორი, ევროპაში არსებულ ლგბტქი+ პირების წვეულებებს უკავშირებს. რადგან ვირუსი მარტივად გადაეცემა ფიზიკური კონტაქტით, როგორც ჩანს, წვეულებები, რომლებსაც ძირითადად ექსკლუზიურად ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ესწრებიან, ვირუსის გადაცემისთვის შესაფერისი სოციალური გარემო აღმოჩნდა. პროფესორი ხაზს უსვამს, რომ „მაიმუნის ყვავილი“ „გეი ვირუსს“ არ წარმოადგენს.

ამდენად, Facebook-ანგარიში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსთან დაკავშირებით WHO-სა და CDC-ის სტატიებს მანიპულაციურად ავრცელებს. რადგან 2022 წელს აშშ-სა და ევროპაში ვირუსი უმეტესად ჰომოსექსუალ ადამიანებში დაფიქსირდა, სტატიებში სწორედ ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებული რისკები და გამოწვევები არის შეფასებული. თუმცა ზოგადად ვირუსი, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე მიმაგრებული არ არის, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიც ადასტურებს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია