ბონდო თედორაძე: 2023 წლის ბოლოს თორნიკე რიჟვაძემ გამოაცხადა ტენდერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით, რომ ქობულეთში, თითქოს, 37 მლნ ლარი დაიხარჯებოდა სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის, თუმცა ტენდერი არ შედგა და დღემდე ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა.

ქობულეთში ახალი სპორტული კომპლექსის აშენება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გადაწყდა. 2012 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საწყისი ეტაპის სამუშაოებისთვის შესაბამისი თანხაც გამოიყო. 2013 წელს გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა და მშენებლობა დაიწყო. 2014 წელს კი, მიმწოდებლის ინიციატივით, ხელშეკრულება შეწყდა. ამის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, ახალმა ხელისუფლებამ სპორტული კომპლექსის მშენებლობის საკითხი არაერთხელ წამოჭრა. ერთ-ერთი ასეთი დაპირება 2023 წელსაც გაჟღერდა. იმავე წლის აგვისტოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოაცხადა 37 451 710 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი, რომელიც ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებდა. შესყიდვით არავინ დაინტერესდა და ამდენად, ტენდერი არ შედგა.

დღემდე სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაწყებული არ არის და უფრო მეტიც, ახალი ტენდერიც არ გამოცხადებულა. დასჭირდება, თუ - არა გაახლება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რომელშიც შემსყიდველმა 2022 წელს 469 569 ლარი გადაიხადა, ამ კითხვის დასმა „ფაქტ-მეტრს“ შპს „აჭარის პროექტების მართვის“ კომპანიის დირექტორისთვის სურდა, თუმცა მან გვითხრა, რომ ობიექტზე იმყოფება და ვერ გვესაუბრება. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით კი, გამორიცხული არაა, რომ მიმწოდებელი (ვინც ახალ ტენდერში გაიმარჯვებს) ამ გამოწვევის წინაშე დადგეს, რაც, არაერთ შემთხვევაში, დამატებით რესურსს მოითხოვს.

ამდენად, ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, ბონდო თედორაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბონდო თედორაძემ განაცხადა: „2023 წლის ბოლოს თორნიკე რიჟვაძემ გამოაცხადა ტენდერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით, რომ ქობულეთში, თითქოს, 37 მლნ ლარი დაიხარჯებოდა სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის, თუმცა ტენდერი არ შედგა და დღემდე ახალი ტენდერი არ გამოცხადებულა.“

ქალაქ ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიზნით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 25 000 ლარად ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ შეისყიდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტში, საწყისი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის, 4 000 ლარი გამოიყო, ხოლო 2013 წლის ბიუჯეტში 3 მლნ ლარზე მეტი გაითვალისწინა. იმავე წელს, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, გამოცხადდა ტენდერი და ხელშეკრულება გაფორმდა ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „გზა XXI-ს“ შორის. მოგვიანებით, მიმწოდებელმა შემსყიდველს წერილით მიმართა და აცნობა, რომ ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა. მხარეებმა ხელშეკრულება გაწყვიტეს. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მას შემდეგ საკითხი პერიოდულად აქტიურდებოდა. მაგალითად, თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დააანონსა. კერძოდ, აჭარის პირველმა პირმა თქვა, რომ პროექტი უკვე მზად იყო, წლის ბოლოს შესაბამისი პროცედურები დასრულდებოდა და მშენებლობაც მალე დაიწყებოდა. ინფორმაცია აჭარის ა/რ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. იმავე წლის დეკემბერში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აჭარის მთავრობას, ობიექტის ასაშენებლად, მიწის ნაკვეთიც გადასცა. ახალი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „პროექტების მართვის კომპანიამ“, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საზოგადოებაა, კონკურსის წესით შეიძინა, 2022 წლის ზაფხულში ჩაიბარა და 469 569 ლარი გადაიხადა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე კი 37 451 710 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის აგვისტოში გამოაცხადა. სიახლის შესახებ ვიდეო საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ოცდაოთხ თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა შესყიდვით არავინ დაინტერესდა და შესაბამისად, ტენდერი არ შედგა. ამის შემდეგ, პროექტების მართვის კომპანიას ახალი შესყიდვა აღარ გამოუცხადებია. აღნიშნულ საკითხზე სტატია მიმდინარე წლის მარტში გამოვაქვეყნეთ. მაშინ „ფაქტ-მეტრი“ კომპანიის დირექტორს დაუკავშირდა. ჩვენ დავინტერესდით, იყო, თუ - არა გათვალისწინებული ობიექტის მშენებლობისთვის თანხა 2024 წლის ბიუჯეტში. ბაქარ ჩიტაიამ გვითხრა, რომ თანხა გათვალისწინებულია და ტენდერი ამ წელს აუცილებლად გამოცხადდება, თუმცა კონკრეტული დრო ვერ დაგვისახელა. მკითხველს დავპირდით, რომ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებოდით. ამიტომ „ფაქტ-მეტრმა“ „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დირექტორს კითხვით ამჯერადაც მიმართა. სატელეფონო კომუნიკაციის დროს, მან გვითხრა, რომ ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება და შემსყიდველი კვლავ შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ იქნება. სხვა კითხვის დასმა ვერ მოვასწარით, რადგან ჩიტაიას თქმით, ის ობიექტზე იმყოფებოდა და ჩვენთან სატელეფონო საუბარს ვერ შეძლებდა. ამიტომ ვერ დავაზუსტეთ, ხომ არ დადგება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გაახლების აუცილებლობა, რაც დამატებით რესურსს მოითხოვს. (ამის არაერთი მაგალითი არსებობს).

ამდენად, არსებული მდგომარეობით (2024 წლის 7 აგვისტო), დაპირებული მშენებლობა არ დაწყებულა და ჯერჯერობით, არც ტენდერია გამოცხადებული. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბონდო თედორაძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია