სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც ეიფელის კოშკის ფონზე ხალხის დიდი რაოდენობა ჩანს, რომლებიც მღერიან, ისმის სხვადასხვა შეძახილიც (1; 2; 3; 4). პოსტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ვიდეო ასახავს ფრანგი ხალხის პროტესტს, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის საპასუხოდ. ვიდეოში შეკრებილი ხალხი კი ლოცულობს: „საფრანგეთში, პარიზის ოლიმპიადაზე სატანისტური დემონსტრაციების შემდეგ, ქუჩებში იესოს ღვთისმსახურება დაიწყო, სადაც ღმერთს ადიდებდნენ“, - ვკითხულობთ პოსტებში. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან კადრები ოლიმპიადის დაწყებამდე ორი თვით ადრეა გადაღებული.

ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (Reverse image search) გამოყენებით, ვიდეო სხვადასხვა პლატფორმაზე აღმოვაჩინეთ. მაგალითად, ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ის სოციალურ ქსელ Instagram-ზე 2024 წლის 25 მაისსაა გამოქვეყნებული. პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია კი 2024 წლის 26 ივლისს, ორი თვის შემდეგ გაიმართა. შესაბამისად, ვიდეოს კავშირი ოლიმპიადასთან არ აქვს.

ვიდეოს სხვადასხვა საკვანძო სიტყვით ძებნისას, „ფაქტ-მეტრმა“ რამდენიმე გამოცემის სტატია აღმოაჩინა, რომლებშიც ეს ვიდეო ფიგურირებდა (1; 2; 3). ისინი წერდნენ, რომ ღონისძიებას „March for Jesus France“ ერქვა და ასეთი ღონისძიება პირველად პარიზში 1991 წელს გაიმართა, ხოლო შემდგომ პატარა ქალაქებშიც დაორგანიზდა. სტატიებში ნათქვამია, რომ 2024 წელს ეს ღონისძიება 25 მაისს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 25000-ზე მეტი ადამიანი იღებდა, რაც აბსოლუტური რეკორდი იყო.

შესაბამისად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ვიდეოში ჩანს, როგორ ლოცულობს ხალხი პარიზის ქუჩებში, 2024 წლის საფრანგეთის ოლიმპიადის გახსნისთვის სატანისტური დემონსტრაციის საპასუხოდ, მცდარია. ვიდეო ოლიმპიადის გახსნამდე ორი თვით ადრეა გადაღებული და ოლიმპიადასთან კავშირი არ აქვს.

---------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.