სოციალურ ქსელში ირაკლი ზაქარეიშვილი, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), ამჯერად ფოტოს ავრცელებს, მტკიცებით, რომ მასზე გამოსახული პიროვნება საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონია. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ ფოტო ნამდვილია და არა ფოტოშოპი. სინამდვილეში, ფოტოსურათი რედაქტირებულია (არქივირებული ბმული).
ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით, ფოტოსურათის ორიგინალი ვერსია აღმოვაჩინეთ. ის სხვადასხვა ვებგვერდზე იძებნება, მაგალითად, Shutterstock, Deposit photos, Alarmy და სხვა. ეს ვებგვერდები ფოტოების „საწყობს“ წარმოადგენენ, სადაც თანხის გადახდის შემთხვევაში ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია, ნებისმიერი ფოტოსურათი გამოიყენოს.
ვებგვერდ Alarmy-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფოტოსურათი 2009 წელსაა გადაღებული. იმას, რომ სწორედ ეს ფოტოა რედაქტირებისთვის გამოყენებული, ორივე ფოტოში არსებული იდენტური დეტალები მიუთითებს (იხილეთ სურათზე).
გარდა ამისა, ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოზე მყოფ პიროვნებას, ყურის არაბუნებრივი ფორმა აქვს, რაც მიანიშნებს, რომ ფოტოსურათი დამუშავებულია.
ამგვარად, გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია. მსგავსი შინაარსის პოსტების მიზანი საფრანგეთის პირველი ლედის დისკრედიტაციაა. კონსპირაციული მტკიცებები, თითქოს ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია, „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (იხ. სტატია 1; 2).
----------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.