რეზიუმე: ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით სპეციალური რეპორტაჟი გავიდა, რომელშიც რამდენიმე დეზინფორმაციული მტკიცება გავრცელდა:
პირველი მტკიცების მიხედვით, „შავი ფულის სექტორი“ – მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები, შავი ფულის გამოყენებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეჩერებას ცდილობენ. სინამდვილეში, ქართული კანონმდებლობით, შავი ფულის შემოტანა ან შავი ფულის გათეთრება აკრძალული საქმიანობაა. დასავლური პარტნიორების მხრიდან მიღებული დაფინანსება გრანტის სახით არის გაცემული და ვერ იქნება „შავი ფული“, ვინაიდან, თავისი შინაარსით, შავი ფული არალეგალურ წარმომავლობას გულისხმობს.
მეორე მტკიცების თანახმად, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მოქმედებს გამჭვირვალობის მსგავსი კანონი. თუმცა საქართველოში უკვე არსებული კანონი და დასავლური ქვეყნების პრაქტიკა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
მესამე მტკიცების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ არასამთავრობო სექტორი ყველაზე დახურული სექტორია საქართველოში. რეალურად, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი და მისი შედეგების ინტერპრეტაცია მანიპულაციურია და შეცდომებს შეიცავს.
და ბოლოს, სიუჟეტში აცხადებენ, რომ გასულ წელს მმართველმა გუნდმა კანონპროექტი ერთი დათქმით ჩააგდო, კერძოდ, რომ არასამთავრობო სექტორს ფინანსები თავად უნდა გაესაჯაროებინა. რეალურად, გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ აღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან 2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი დათქმების გარეშე, უპირობოდ, გაიწვია უკან.
ანალიზი
21 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სპეციალური რეპორტაჟი გავიდა (დაარქივებული ბმული) სახელწოდებით - „შავი ფულის სექტორი“. რეპორტაჟში ჟურნალისტები არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ცდილობენ, მათ შორის, მას საქართველოში ომისა და არეულობის მცდელობაში ადანაშაულებენ. რეპორტაჟი რამდენიმე დეზინფორმაციულ მტკიცებას შეიცავს.
მტკიცება 1: „შავი ფულის სექტორი“: მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები შავ ფულს იყენებენ
სიუჟეტის დასაწყისში გადაცემის წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ამტკიცებს, რომ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები შავი ფულის გამოყენებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეჩერებას ცდილობენ (00:28 წუთიდან): „მდიდარი „ენჯეოების“ კლანი ყოველდღიურად მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ ჩვენს დიდ, ისტორიულ ევროპულ ოჯახში არ დავბრუნდეთ, რომ როგორმე ეს პერსპექტივა მოკლან. ღირსებას უპირისპირებენ უღირსობას და შავ ფულს, რომლითაც საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეჩერებას და ხანგრძლივი მშვიდობის ომის ჩანაცვლებას ცდილობენ, რომ საბოლოოდ წაგვართვან სისხლის ფასად მოპოვებული სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ქვეყანა იქცეს სხვისი დავალებების შემსრულებლად“.
შავ ფულთან დაკავშირებული არგუმენტის თანახმად, რომელიც კანონპროექტ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არაერთხელ გაჟღერებულა, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი იმიტომ დააინიციირა, რომ „შავი ფული“ გამოააშკარაოს, ხოლო ვინც ამას ეწინააღმდეგება, სწორედ „შავ ფულს“ იცავს.
რეალურად, აღნიშნული კანონით დასავლური გრანტებით დაფინანსებული ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია ცხადდება უცხოეთის ინტერესების გამტარებლად. კანონი არ ქმნის ბერკეტს შავი ფულისა თუ ფულის გათეთრების ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთისთვის. სინამდვილეში, დისკუსიაში შავი ფულის საკითხის შემოტანაც მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ბუნებრივია, ამერიკული თუ ევროპული სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე დაფინანსება, ექვემდებარება მკაცრ კონტროლს, პირველ ეტაპზე - დაფინანსების გამცემ სახელმწიფოში, ხოლო შემდგომ - საქართველოში. „შავი ფული“ ნიშნავს ფულს, რომელიც გამომუშავებულია არალეგალური გზებით, ან რომელზეც დამალულია/გადახდილი არაა გადასახადები. თავის მხრივ, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო ფულის გათეთრებას განმარტავს, როგორც არალეგალური წარმოშობის ფინანსური აქტივების შენიღბვის პროცესს. ქართული კანონმდებლობით, შავი ფულის შემოტანა ან შავი ფულის გათეთრება აკრძალული საქმიანობაა. დასავლური პარტნიორების მხრიდან მიღებული დაფინანსება, ძირითადად, პარტნიორი ქვეყნების გადასახადის გადამხდელთა ფულია. შესაბამისად, ფული, რომელიც გადასახადის გზით ლეგალურად არის აკრეფილი და შემდგომ, საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, გრანტად არის გაცემული, ვერ იქნება „შავი ფული“, ვინაიდან, თავისი შინაარსით, შავი ფული გულისხმობს არალეგალურ წარმომავლობას.
ეს თანხა საქართველოში ოფიციალური გზებით - გადარიცხვით შემოდის. ყველა ეს ფინანსური რესურსი იბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ ფულის მიმღები ორგანიზაციები კი, თანხის განკარგვისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იხდიან საქართველოში მოქმედ ყველა გადასახადს. აღნიშნულისთვის თავის არიდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებამდეც უკვე მოქმედი კანონმდებლობით დასჯადი იყო (აღნიშნულ თემაზე ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
მტკიცება 2: ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში მოქმედებს გამჭვირვალობის მსგავსი კანონი
გადაცემის წამყვანი ერთ-ერთ მონაკვეთში ამტკიცებს (01:25 წუთიდან): „ისიც ვიცით, ვისაც აშინებდა და აშინებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ასევე შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში მოქმედი გამჭვირვალობის კანონი, საქართველოში მხოლოდ“.
რეალურად, საქართველოში უკვე არსებული კანონი და დასავლური ქვეყნების პრაქტიკა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიურად, ქართული კანონით უცხოეთის ინტერესების გამტარებლად ორგანიზაცია იმაზე დაყრდნობით გამოცხადდება, იღებდა, თუ - არა ის ფულს უცხოეთიდან. დასავლური და დემოკრატიული პრაქტიკისთვის კი ეს მიუღებელი ფორმაა.
ჟურნალისტის მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებში სინამდვილეში, რადიკალურად განსხვავებული ნორმები მოქმედებს. ეს ნორმები პირობითად ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს - უცხოური ჩარევისა (interference) და უცხოური გავლენის (influence) წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობები/პოლიტიკები და მათ მიმართ სახელმწიფოების მიდგომა სხვადასხვა სიმკაცრისაა.
მიუხედავად ამისა, ორივე ამ მიდგომაში საერთოა ერთი მთავარი ასპექტი - დასავლური კანონმდებლობა გასაკონტროლებლად მიიჩნევს არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით, დავალებით, ამ ფულის სანაცვლოდ განხორციელდა. შესაბამისად, დასავლური კანონები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიებს, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად კი არ აცხადებენ, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების აქტივობებს განსაზღვრავენ და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, ორგანიზაციამ ეს აქტივობა განახორციელა, თუ - არა.
„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA) აშშ-მა 1938 წელს უცხოური პროპაგანდისა და პოლიტიკური დივერსიების საპასუხოდ მიიღო, რომელიც განსაკუთრებით ნაცისტური წყაროებიდან და ბოლშევიკური საბჭოთა კავშირიდან მოდიოდა. FARA არ არის მიმართული მოკავშირეების წინააღმდეგ. FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში მოქმედებს. FARA უცხო ქვეყნებიდან მომდინარე მავნე ზეგავლენისგან დასაცავად და საფრთხეების ასარიდებლად გამოიყენება, ხოლო ამისათვის ის ხელმძღვანელობს არა ცალკეულად ფულის აღების ფაქტით, არამედ კონკრეტული აქტივობით, რომელიც მესამე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდა. ამისგან განსხვავებით, ქართული კანონი, მიზნობრიობის გათვალისწინების გარეშე, „უცხოური ძალისგან“ მიღებულ დაფინანსებას ნებისმიერ შემთხვევაში გასაკონტროლებლად მიიჩნევს.
რაც შეეხება ავსტრალიას, 2018 წლიდან ავსტრალიაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემა“ (FITS) მართლაც მოქმედებს, რომლის მიზანია, საზოგადოებასა და მთავრობას მიაწოდოს ინფორმაცია ავსტრალიის ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პროცესზე უცხოური გავლენის ბუნების, დონისა და მასშტაბის შესახებ. მოუწევს, თუ - არა ინდივიდს ან სუბიექტს სქემით განსაზღვრულ ბაზაში რეგისტრაცია, დამოკიდებულია მათ მიერ განხორციელებული აქტივობების მიზნებსა და ხასიათზე. ავსტრალიური კანონმდებლობა ფარავს იმ აქტივობებს, რომლებსაც პოლიტიკური შინაარსი აქვთ და მიზნად ისახავენ პოლიტიკასა და მთავრობის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებას, მაგალითად, უცხო ძალის მითითებით, დავალებით, იმავე უცხო ძალის ინტერესების გატარების მიზნით, ავსტრალიის პარლამენტის წევრებთან ლობირება ან/და ინფორმაციის ან მასალის გავრცელება არჩევნების დროს, რომელიც მიზნად ისახავს ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედებას. ამავდროულად, კანონის ავსტრალიური მოდელი არაერთ მნიშვნელოვან გამონაკლისს ადგენს, მათ შორის, გამორიცხავს საქველმოქმედო და არაკომერციული ორგანიზაციების FITS-ით რეგულირებას, რომლებსაც აქვთ საქველმოქმედო მიზნები.
გადაცემის წამყვანის მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესახებ ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიღებულ კანონსა და დასავლურ პრაქტიკაზე იმსჯელეს ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა: ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი. „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, რომელიც 21 მაისს გამოქვეყნდა, აღნიშნულ კანონსა და აშშ-ში მოქმედ FARA-ს, ასევე, ავსტრალიისა და ისრაელის მსგავს საკანონმდებლო აქტებს შორის „არაერთი არსებითი განსხვავება“ არსებობს (პარაგრაფი 39). ამავდროულად, კომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველოში მიღებული კანონი „არა ერთ მსგავსებას აჩვენებს“ მაგალითად რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში არსებულ „უცხოეთის აგენტებზე“ კანონებთან (პარაგრაფი 38).
ეუთო/ოდირი-ს დასკვნაში, რომელიც 2024 წლის 30 მაისს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ საქართველოში მიღებული კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა” (FARA) და ავსტრალიაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტისგან“ (FITS) ფუნდამენტურად განსხვავებულია, განსხვავებული მიზნისა და მოცულობის გათვალისწინებით. ამ ქვეყნებში არსებული კანონები, დასკვნის თანახმად, „არ წარმოადგენს შესაბამის შედარებით მაგალითებს იმ კანონის გასამართლებლად, რომელიც მიემართება ორგანიზაციებს/ასოციაციებს და უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას ეყრდნობა“. ამასთან, ეუთო-ს დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ როგორც FARA, ასევე ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ყურადღებას ამახვილებს ლობისტური საქმიანობის რეგულირებაზე.
მტკიცება 3: [„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული] კვლევით დასტურდება, რომ „ენჯეოები“ ყველაზე დახურული სექტორია საქართველოში
სიუჟეტის ნაწილი ეხება „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ „არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალეობის საბაზისო კვლევას“. ჟურნალისტი ანუკი გუმბერიძე ამტკიცებს (3:18 წუთიდან): „გამჭვირვალობის მოწინააღმდეგე ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დასადგენად მარტივი კრიტერიუმი შეირჩა. შედეგმა ყველაზე ცუდ მოლოდინსაც კი გადააჭარბა, აღმოჩნდა, რომ „ენჯეოები“ ყველაზე დახურული სექტორია საქართველოში. ხელმომწერი 474 ორგანიზაციიდან 89%-ს არ აქვს მითითებული, რა გრანტს იღებს, მწირია ინფორმაცია გრანტების ოდენობაზე, 62%-ს არ აქვს გამოქვეყნებული ინფორმაცია დონორებზე, ანუ არ ვიცით, ვინ და რამდენით აფინანსებს მათ. ამ ორგანიზაციების 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტის დასახელება, 70%-ს არ აქვს განთავსებული ინფორმაცია გუნდის შესახებ. ანუ არ ვიცით ვინ მუშაობს ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციაში. 97%-ს, ანუ თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში. ორგანიზაციების ნახევარზე მეტს, 51%-ს კი ვებგვერდიც არ აქვს“.
2024 წლის 15 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის „საბაზისო კვლევა“ წარადგინა (იხილეთ: განზოგადებული მონაცემები, იხილეთ: ინდივიდუალურ ორგანიზაციად ჩაშლილი).
„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი და მისი შედეგების ინტერპრეტაცია მანიპულაციურია. სინამდვილეში, შედეგების მსგავსი განზოგადება და ინტერპრეტირება ეწევა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციასაც, რომლებიც, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმადაც გამჭვირვალეები არიან. კვლევა წარდგენილია მხოლოდ ცხრილის სახით და არ არის მოცემული არც მეთოდოლოგია და არც მონაცემების შეგროვების მეთოდები. რეალურად, კვლევის დოკუმენტი მოიცავს მხოლოდ შეგროვებულ მონაცემებს, თუმცა შეგროვების მეთოდების და წყაროების მითითების გარეშე. ხოლო მეორე დოკუმენტში მხოლოდ პირველ დოკუმენტზე დაყრდნობით არის სტატისტიკა გენერირებული. დოკუმენტში გამოყოფილია 7 კრიტერიუმი, რომელზე დაყრდნობითაც მოხდა ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესწავლა - ვებგვერდი[ს არსებობა], დონორის დასახელება/ლოგო, პროექტის დასახელება, გრანტის ოდენობა, პროექტის/გრანტის ვადა, წლიური ანგარიში, ორგანიზაციის გუნდი. კვლევაში არაა დასაბუთებული, თუ რატომ შეირჩა აღნიშნული კრიტერიუმები ორგანიზაციის გამჭვირვალობის შესაფასებლად. ასევე არ არის მითითებული კვლევის არავითარი პოტენციური ლიმიტაციები. მაგალითად, ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად დასახელებულია ვებგვერდი, თუმცა არაა დასაბუთებული, თუ რატომ არის აუცილებლად ვებგვერდის ქონა ორგანიზაციის გამჭვირვალობის განმსაზღვრელი. აქტივობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციას ვებგვერდის არსებობის საჭიროება შესაძლებელია, საერთოდ არ ჰქონდეს; და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვებგვერდის შექმნა, ოპერირება და შენახვა დაკავშირებულია ხარჯებთან, ხოლო კვლევაში ჩამოთვლილ ორგანიზაციებს შორის ბევრია მცირე და რეგიონული/ლოკალური ორგანიზაცია, რომელსაც ვებგვერდის შექმნის ფინანსური ან ტექნიკური საშუალება საერთოდ არ ჰქონდა. ბუნებრივია, ვებგვერდის არქონა ავტომატურად არ გულისხმობს ორგანიზაციას გაუმჭვირვალობას, რადგან ის, შესაძლოა, ინფორმაციას სხვა გზებით - მაგალითად, სოციალური მედიის არხებით (რაც მცირე ორგანიზაციების შემთხვევაში ხშირად გამოიყენება) ავრცელებდეს. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობა კვლევაში მოცემულ ინფორმაციის სანდოობას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ასევე, თეორიულად შესაძლებელია, რომ ორგანიზაციას ერთზე მეტი ვებგვერდი ჰქონდეს და ინფორმაცია, მაგალითად, სხვადასხვა პროექტის მიხედვით, ორგანიზაციის სხვადასხვა ვებგვერდზე იყოს განთავსებული.
ასევე არაა დასაბუთებული, თუ რატომ არის აუცილებელი წლიური ანგარიშის გამოქვეყნება - ორგანიზაცია შესაძლოა, მისი აქტივობების შესახებ სათითაოდ ან პროექტების მიხედვით ან ყოველთვიურად/კვარტალურად ან სხვა სიხშირით ავრცელებდეს ინფორმაციას, რაც ჯამში იმავე ინფორმაციის გასაჯაროებას უზრუნველყოფდა, რაც წლიურ ანგარიშში მოხვდებოდა. თავის მხრივ, წლიური ანგარიშის შემუშავება დაკავშირებულია ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან, რაც, განსაკუთრებით, მცირე ორგანიზაციებს შესაძლებელია არ ჰქონდეთ (ჰიპოთეტურ სცენარში, თუ ორგანიზაციაში დასაქმებულია 1-3 ადამიანი და ისინი ორგანიზაციის გარკვეულ საქმიანობებს ახორციელებენ, მათ მოუწევდათ გარკვეულ პერიოდში საქმიანობის, ფაქტობრივად, შეჩერება, რათა წლიური ანგარიშის შედგენაზე ემუშავათ).
უცნობია, თუ რა პრინციპით იძებნებოდა, ჰქონდა, თუ - არა ამა თუ იმ ორგანიზაციას ვებგვერდი - ეს ხდებოდა მხოლოდ ორგანიზაციის დასახელების რომელიმე საძიებო სისტემაში ძებნით თუ უფრო კომპლექსური გზებით იქნა გამოყენებული. ასევე უცნობია, შემდგომი ინფორმაცია რა გზებით იყო მოძიებული - მხოლოდ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით თუ სხვა წყაროებითაც მოხდა ინფორმაციის მოძიება. გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ჩანს, რომ, ფაქტობრივად, ყველა ორგანიზაციის შემთხვევაში, სადაც ვებგვერდი არ არის იდენტიფიცირებული (მონიშნულია X-ით), სხვა ყველა სექციაც X-ით არის მონიშნული. თუმცა, შესაძლებელია, ორგანიზაცია მისი პროექტების, დონორებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სხვა წყაროების საშუალებით (მაგალითად, სოციალური მედიის არხებით) ავრცელებდეს.
მეთოდოლოგიურად გამართული მაღალი სანდოობის კვლევის შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა, რომ კვლევის ავტორები თითოეულ ორგანიზაციას დაჰკავშირებოდნენ და ის ინფორმაცია, რომელსაც ვერ მიაგნეს, ეკითხათ, თუ იყო ის რაიმე ფორმით საჯაროდ ხელმისაწვდომი და არსებობის შემთხვევაში, მიეწოდებინათ. აღნიშნული პროცედურა რომ არ განხორციელებულა, ადასტურებს თავად „ფაქტ-მეტრი“, ვინაიდან ორგანიზაციას - საქართველოს რეფორმების ასოციაცია, რომლის დაფუძნებული პროექტიცაა „ფაქტ-მეტრი“, „ქართული ოცნების“ კვლევაში ერთ კრიტერიუმში (წლიური ანგარიში) აქვს X მონიშვნა, თუმცა მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაჰკავშირებიან (დაკავშირების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მითითება, თუ სად იყო განთავსებული შესაბამისი დოკუმენტი - იხილეთ საქართველოს რეფორმების ასოციაციის 2023 წლის წლიური ფინანსური ანგარიში „ფაქტ-მეტრის“ ვებგვერდზე, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი). ფაქტს, რომ კვლევის ავტორები ორგანიზაციებს ინფორმაციის მოძიების მიზნით არ დაჰკავშირებიან, ადასტურებენ სხვა ორგანიზაციებიც. კერძოდ, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ და „სასამართლოს გუშაგმა“ „ფაქტ-მეტრს“ დაუდასტურა, რომ მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კვლევის ფარგლებში არ დაჰკავშირებიან, ხოლო კვლევას საჯარო კომენტარით გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაციის განცხადებით, ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს წლიური ანგარიში, თუმცა „ქართული ოცნების“ კვლევაში მაინც მითითებულია, რომ ორგანიზაციას წლიური ანგარიში არ აქვს (იხილეთ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წლიური ანგარიში ბმულზე).
შესაბამისად, აღნიშნული და სხვა ლიმიტაციების გამო, კვლევა მეთოდოლოგიური თვალსაზრისით მანიპულაციურია.
საინტერესოა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ ე.წ. „მდიდარი ენჯეოების“ (მაგალითად, იხილეთ 1,2,3,4,5,6,7 და ა.შ.) და მათი გაუმჭვირვალობის შესახებ და რამდენიმე ორგანიზაციას ხშირად სახელდებითაც ესხმიან თავს. ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტშიც აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩანან, მათ შორის ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს აღმასრულებელი დირექტორი; ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი დავითური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი; პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი (GRASS-ის დაფუძნებულია პროექტი „ფაქტ-მეტრი“); ნონა ქურდოვანიძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. ედუარდ მარიკაშვილი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (DGI) თავმჯდომარე; თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ბაია პატარაია „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი და სხვ.
აღსანიშნავია, რომ მათივე კვლევის თანახმად, 8 ორგანიზაცია, რომელიც აკმაყოფილებდა სრულად 7 კრიტერიუმს, სწორედ ე.წ. „მდიდარ ენჯეოებს“ შორის მოიაზრება, ესენია: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), თანასწორობის მოძრაობა, მედიის განვითარების ფონდი, Research-Intellectual Club “Dialogue of Generations”, „ქალთა ფონდი საქართველოში“.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები, რომელთა ნაწილიც „ქართული ოცნების“ კრიტიკის საფუძველი ხშირად გამხდარან და წარმოადგენენ შედარებით დიდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, „ქართული ოცნების“ კვლევის თანახმად აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს, გარდა წლიური ანგარიშისა; თუმცა აღსანიშნავია, რომ თუ ისინი სხვა კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სხვა სახით ხელმისაწვდომი იქნება. ესენია: „დემოკრატიის მცველები“, „თბილისი პრაიდი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ („ფაქტ-მეტრის“ მშობელი ორგანიზაცია, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წლიური ფინანსური ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნებულია), „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, CRRC Georgia, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და ა.შ.
„ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, სრულიად გაუმჭვირვალე ორგანიზაციებად დასახელებულია ისეთი რეგიონული/ლოკალური, მცირე ზომის/მასშტაბის ორგანიზაციები, რომლებსაც, შესაძლოა, დაფინანსებული პროექტები საერთოდ არც ჰქონდეს ან ვებგვერდისა და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი რესურსები არ გააჩნდეს (და მხოლოდ სოციალურ მედიას ან ლოკალური ორგანიზაციების შემთხვევაში ადგილობრივებთან სხვა ტიპის კომუნიკაციას იყენებდეს). ასეთი ორგანიზაციებია: „ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები“, „ჯვარის სათემო განათლების ცენტრი“, „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა“, „ბათუმის ველომოყვარულთა ქსელი“, „ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი „ილაპარაკე“, „იპოდრომი - უბეტონო მხარე“, „ნაბიჯი ხარაგაული“ და ა.შ.
„ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტისა და მასში არსებული პრობლემების შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
გამჭვირვალობის საკითხზე საუბრისას მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობის საკითხის განხილვა, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ სიუჟეტში არასამთავრობო სექტორი ყველაზე დახურულ და გაუმჭვირვალე სექტორად არის მოხსენიებული.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიხედვით, შესწავლილი საჯარო უწყებების (პარლამენტი, მთავრობა, სამინისტროები) 71%-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს 2023 წელს მიღებული და გაცემული გრანტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, ხოლო 65%-ს 2023 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშები.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან ქვეყანაში საჯარო დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულება გაუჩნდათ, თუმცა, IDFI-ის თანახმად, საჯარო სექტორი სტანდარტის დამკვიდრების საწყის ეტაპზე, უფრო მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებდა მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ვიდრე ბოლო წლებში.
IDFI-ის მონიტორინგი მოიცავდა 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულების (მათ შორის საქართველოს პარლამენტის) ვებგვერდს, 7 გამოსაქვეყნებლად სავალდებულო საჯარო ინფორმაციის კატეგორიის მიხედვით (ვებგვერდი; წლიური ანგარიში; დასაქმებულთა რაოდენობა; შრომის ანაზღაურება/მივლინება; ავტოპარკი/საწვავის ხარჯი; მიღებული/გაცემული გრანტები; სარეზერვო ფონდებიდან მიღებული დაფინანსება). აღსანიშნავია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 472 მილიონ ლარს შეადგენს და 3 წელზე მეტია საკუთარი ვებგვერდი არ აქვს.
წყარო: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)
აღსანიშნავია, რომ საჯარო დაწესებულებებთან დაკავშირებით პრობლემურია საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხიც. მაგალითად, IDFI-ის მიხედვით, ორგანიზაციას 2023 წელს არც ერთმა ზემოთ ჩამოთვლილმა უწყებამ სრულყოფილად არ მოაწოდა სარესტორნო და სამივლინებო ხარჯების დოკუმენტაცია, შტატგარეშე მოსამსახურეთა სამუშაო პოზიციების ჩამონათვალი და სარგოები და სხვა (იხილეთ ცხრილი).
წყარო: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)
ცნობისთვის, IDFI 2010 წლიდან ახორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. ამავე ორგანიზაციის 2023 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2022 წელს 374 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 7,582 მოთხოვნიდან IDFI-იმ მხოლოდ 4,385 განცხადებაზე (58%) მიიღო პასუხი. 2022 წელს ინფორმაციის მოთხოვნაზე, საჯარო უწყებების გაცემული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი იყო.
წყარო:„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)
რაც შეეხება გასულ წელს, 2023 წლის საწყის 5 თვეში IDFI-მ სამინისტროებსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში 1,255 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა გაგზავნა, პასუხი 94 განცხადებაზე მიიღო, რაც მხოლოდ 7%-ს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 182 მოთხოვნა გაიგზავნა საქართველოს სამინისტროებში. მოთხოვნები სტანდარტული შინაარსის იყო, მაგალითად, შრომის ანაზღაურების ხარჯები; ბალანსზე რიცხული ავტომობილები; სამივლინებო ხარჯები; შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები და სხვა.
წყარო: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)
მტკიცება 4: გასულ წელს მმართველმა გუნდმა კანონპროექტი ერთი დათქმით ჩააგდო: არასამთავრობო სექტორს ფინანსები თავად უნდა გაესაჯაროებინა
სიუჟეტის ბოლო მონაკვეთში ჟურნალისტი სანდრო გამსახურდია გასულ წელს კანონპროექტი გაწვევასთან დაკავშირებით ამტკიცებს (13:18 წუთიდან): „მმართველმა გუნდმა კანონპროექტი ერთი დათქმით ჩააგდო, რომ მესამე სექტორი ფინანსებს თავად გაასაჯაროებდა. „ენჯეო“ სექტორმა პირობა არ შეასრულა, ამიტომ უცხოური გავლენებისგან ქვეყნის დასაცავად პარლამენტი დადგა აუცილებლობის წინაშე, რომ ერთი წლის თავზე კანონი მაინც მიიღო“.
რეალურად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობა ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გასული წლის 9 მარტს გამოქვეყნდა და კანონპროექტის გაწვევას ეხებოდა, ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება ყოველგვარი დათქმის გარეშე იქნა მიღებული: „როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“.
გარდა ამისა, 2023 წლის 9 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ გამჭვირვალობის საკითხის დღის წესრიგში დაბრუნება ვინმეს ესურვებოდა, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ თავად შეეძლოთ ნებისმიერი ინიციატივა წარმოედგინათ. დათქმის შესახებ კობახიძის განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი: „პირველ რიგში, გარანტიას გაძლევთ, რომ რუსული კანონი საქართველოში არასოდეს დაინიციირებულა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, „ნაცმოძრაობაზე“ თავს ვერ დავდებ, მაშინ იყო რუსული კანონები. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, კონკრეტულად კანონი, რომელიც მოაწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხებს, ჩვენი დღის წესრიგიდან არის მოხსნილი. თუ ვინმეს სხვას ენდომება, მაგალითად თვითონ „ენჯეოებს“, რომლებიც აპროტესტებდნენ, შეუძლიათ ნებისმიერი ინიციატივა წარმოადგინონ, მაგრამ ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიციირება აღარ შედის. ეს არის ჩვენი მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზეც დღეს დილით ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის პირობა, რომელიც არის მიცემული ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე. ეს არის მყარი პირობა, რომელიც ბუნებრივია, არ გადაიხედება“.
ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2023 წელს რაიმე დათქმით, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის მიერ ფინანსების თავად გასაჯაროების პირობებით, ჩააგდო.
--------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.