ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნება

„ქართული ოცნების“ დაპირება: ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნება

ვერდიქტი: არ შესრულდა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა ფორმით გააჟღერეს დაპირება, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა შეძლებდა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას. ზოგიერთ შემთხვევაში, დაპირება კონკრეტული ან მიახლოებითი თარიღის მითითებით გაკეთდა, ხოლო ზოგ შემთხვევაში, დრო განსაზღვრული არ ყოფილა.

მაგალითად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2024 წლის 23 აპრილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მიიღებდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს და წინ წაიწევდა ევროკავშირის მიმართულებით და გაიხსნებოდა მოლაპარაკებები:

„ბევრ რამეს ამბობდნენ, იმასაც, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით, ვერ მივიღებთ ვერაფერს ევროკავშირისგან. 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრეს, სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით, უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი ევროკავშირთან დაკავშირებული. აქაც ხდება იგივე, ამბობენ, რომ ეს კანონი არ ვარგა და არ უნდა მივიღოთ. მაშინ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ახლაც მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ, ევროკავშირის მიმართულებით გაიხსნება მოლაპარაკებები. მთელი ევროპა დარაზმული იყო სააკაშვილის გასათავისუფლებლად, რადგან იყო უცხო გავლენები ევროკავშირზე, მაგრამ ჩვენ ბოლომდე გავიტანეთ ჩვენი. სააკაშვილთან დაკავშირებით ტყუილი ვრცელდებოდა, ის სიმულირებდა და არ კვდებოდა. რასაც გვეუბნებოდნენ ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები, აღმოჩნდა ტყუილი. არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ სტატუსი. ამ კანონზე გვეუბნებიან, რომ არის ცუდი, ჩვენ გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები. ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძის 2023 წლის 28 ნოემბრის განცხადებაში ამბობს: „...ქვეყანა არ დაიქცევა თუ ამ 9 პუნქტის შესრულებაშიც არ ჩაერთვებიან. ჩვენი ქვეყანა წინ მაინც წაიწევს, თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ ყველა სუბიექტი ევროკავშირის მოთხოვნებს გაჰყვება და იმ პროცესებში ჩაერთვება, რომლებიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პირობების შესრულებასთანაა დაკავშირებული. ასე გაგრძელდება მუშაობა. ალბათ, კიდევ მარტო მოგვიწევს შემდეგ ეტაპზე გადასვლა, მოლაპარაკებების გახსნა და ა.შ. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი იმედი არ გვაქვს. წარსული გამოცდილება არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ყველა შემთხვევაში, ოპოზიცია ჩაერთვება თუ არა, მაინც გადავალთ შემდეგ ეტაპზე, შესრულდება 9 პრიორიტეტი, როგორც მოვახერხეთ მუშაობა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღება, ასევე მოვახერხებთ ამ სამუშაო პროცესის გაგრძელებას“.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის, 2024 წლის 2 მაისის განცხადებით, „...ძალიან მალე მესამე მოსმენით მივიღებთ აღნიშნულ [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ] კანონს და თქვენთვის ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემასაც გეტყვით, ვიცი, ძალიან გაგიხარდებათ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება. შემიძლია „დაგასპოილეროთ“ და გითხრათ, რომ აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, აუცილებლად გახდება საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ოღონდ ისეთი კი არა გაფარჩაკებული და „დაჩმორებული“, ამაყი, თავაწეული, ორ ფეხზე მდგომი, ღირსებით სავსე. ეს მინდა იცოდეს ყველამ!“.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის, 2024 წლის 13 ივნისის განცხადებით, „მოლაპარაკებების ნაწილი გაწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით. საქართველოს ევროკავშირისგან წარმოდგენილი აქვს ცხრაპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად შესრულდება. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ EU-სთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას. ჩვენ ყველა ქვეყანაზე - უკრაინაზე, მოლდოვაზე, გაცილებით წინ ვართ ყველანაირი სტატისტიკითა და მაჩვენებლით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება და ეს ფაქტიც არ იქნება გამოყენებული ისე, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა - მიდიოდა ქვეყნის შანტაჟი, რაც ძალიან მძიმე იყო. იმედი მაქვს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ იქნება“.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, განმარტა, რომ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე მოხდებოდა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე გადასვლა. გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს (ისევე როგორც ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების სხვა წარმომადგენლებსაც), იგივე პოზიცია ჰქონდა: მისი განცხადებით, საქართველოსთვის მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გახსნა შესაძლებელი იყო, თუ საქართველოს 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში პროგრესი ექნებოდა.

მიუხედავად ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის განცხადებებისა, რომ თითქოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირში მოლაპარაკებების გაწევრიანების გახსნას ხელს უწყობს და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მათ შორის შეასრულა 9-პუნქტიანი გეგმა, ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გასახსნელად, ევროკავშირის შეფასებები და ოფიციალური პოზიციები საპირისპიროზე მიუთითებს. მაგალითად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირთან არათუ აახლოებდა, არამედ პირიქით, რადგან ის არ შეესაბამებოდა ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებს. საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, აღნიშნული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების თანახმად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი ეწინააღმდეგება    9 ნაბიჯს (მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედებისა და ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლის   კუთხით) და   ევროკავშირის    ღირებულებებს, და საქართველოს გაწევრიანების გზაზე სერიოზულ დაბრკოლებას    შეუქმნიდა. საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის    თანახმად, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გერმანია მხარს არ დაუჭერდა საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების    გახსნას    (გადაწყვეტილების მიღებას კი ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება). ზოგადად კი, მისი    განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა შესაძლებელი იყო.

მსგავსად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო იყო ესტონეთის პოზიციაც. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი საქართველოს ევროკავშირისგან აშორებდა. ამასთან, ესტონეთის პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა პირობას შორის, მათ შორის, თუ საქართველო არ გააუქმებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს, ესტონეთს უნდა დაებლოკა ყველა შემდგომი პროცესი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. შესაბამისად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯი არ იქნებოდა მიღებული, თუ საქართველოს მთავრობა ქცევას არ შეიცვლიდა და, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს არ გააუქმებდა. უშუალოდ მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილების პირდაპირი ხსენების გარეშე ასევე არაერთმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ და ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება და საქართველოს ევროკავშირისგან აშორებდა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შემდგომ აცხადებდა, რომ კანონის მიღებით მოლაპარაკებების გახსნის შანსები 20-30%-ით გაიზარდა, თუმცა ევროკავშირის   განმარტებით, საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაყინვა სწორედუცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ კანონის მიღებას მოჰყვა.საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის    განცხადებით, ის წუხს, რომოფიციალური აქტორები ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ“. იგი პირდაპირ გამოეხმაურა კობახიძის მტკიცებას:„საქართველოს უმაღლესი დონიდან მოვისმინეთ ხმები, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. მინდა გარკვევით ვთქვა: არა. არა, ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს.უფრო მკაფიო, ლაკონიური ვერ ვიქნები.ეს საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

გარდა ევროკავშირის მკაფიო მოწოდებებისა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას, მათ შორის მოლაპარაკებების გახსნას, პრობლემებს შეუქმნიდა, ევროკავშირის 2024 წლის 9 ივლისის შეფასებით, საქართველოს 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში (რაც მოლაპარაკებების გახსნის წინა პირობას წარმოადგენს და კახა კალაძის 2024 წლის 13 ივნისის განცხადებით, რამდენიმე დღეში შესრულდებოდა) მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესი ჰქონდა (ასევე იქამდე გაკეთებული შეფასებებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღება 9 ნაბიჯიდან რამდენიმე მიმართულებით არსებულ სიტუაციას აუარესებდა).

9 ნაბიჯის შესრულებაში უმნიშვნელო პროგრესი და „საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები“ გახდა მიზეზი იმისა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეეჩერებინათ. კერძოდ, 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, ევროპულმა საბჭომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა. კერძოდ, ევროპული საბჭოს[1] თანახმად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება წარმოადგენს უკუსვლას ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციაში განსაზღვრულ ნაბიჯებთან მიმართებით (იგულისხმება 9 ნაბიჯი). ევროპულმა საბჭომ საქართველოს მთავრობას არსებული კურსის შეცვლისკენ მოუწოდა, რაც განმარტავდა მათ ზრახვებს, ვინაიდან, არსებული კურსი აზიანებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, რაც დე ფაქტო „იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“.

შესაბამისად, „ქართული ოცნების“ დაპირება 9 ნაბიჯის შესრულებასთან და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით არ შესრულდა. ევროკავშირის თანახმად, 9 ნაბიჯის შესრულების მხრივ მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებამ ამ მხრივ სიტუაცია უფრო გააუარესა და საბოლოო ჯამში, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესი საერთოდ შეეჩერებინა (აღნიშნული პოზიცია დააფიქსირა ევროკავშირის წევრმა რამდენიმე სახელმწიფომ ინდივიდუალურადაც, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი აღნიშნული კანონის მიღების გამო, მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერდნენ. გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას კი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა ესაჭიროება). აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ დაპირება არ შესრულდა - საქართველომ არათუ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნა, არამედ ევროკავშირმა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.



[1] საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო, რომელიც შედგება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებისგან. გადაწყვეტილება მიიღება ევროპული საბჭოს სხდომაზე ერთსულოვნად - ე.ი. თუ ერთი წევრი მაინც წინააღმდეგი იქნება, გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომელიც საბჭოში ხმის უფლებით არ სარგებლობს, მაგრამ თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს და ევროკავშირს წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე. ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. ევროკომისია გაფართოების პოლიტიკაში ჩართულ ქვეყნებზე ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს (ე.წ. გაფართოების ანგარიშს), რომელზე დაყრდნობითაც ის რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარს, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტებიც შეიმუშავებენ აღნიშნულ ანგარიშს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, რომელიც არის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ამავდროულად თავმჯდომარეობს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (შედგება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან) და აკოორდინირებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, და ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს (და შესაძლოა, სხვა ევროკომისრებსაც, მაგალითად, ევროკომისიის სხვა ვიცე-პრეზიდენტებს).