ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წევრმა ბესო ქათამაძემ 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა (არქივირებული ბმული). „დაიწყო ოცნებამ არჩევნების გაყალბებისთვის მეცადინეობა, ბათუმში საუბნო კომისიებში დასანიშნად გამზადებულ წევრებს ამეცადინებენ, როგორ შეიძლება ორი ბიულეტენის შეშვება ელექტრონულ ყუთში, გატესტეს და ორივე ბიულეტენი წარმატებით მიიღო აპარატმა, ამის იმედათ დარჩენილ ქოცობას მინდა უთხრა არ გამოვა ეგ ამბავი რუსებო. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის ნებით წახვალთ სახლში“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

გავრცელებული მტკიცება, თითქოს ხმის მთვლელ აპარატში 2 ბიულეტენის ერთდროულად მიღებაა შესაძლებელი, არის დეზინფორმაცია. რეალურად, ხმის მთვლელ აპარატს, სადაც ბიულეტენის განთავსება ხდება, ორი ბიულეტენის ერთდროულად მიღება და სკანირება ტექნიკურად არ შეუძლია. გარდა ამისა, ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ რეგისტრატორი აძლევს მხოლოდ ერთ ბიულეტენს და ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

ამომრჩეველს ერთზე მეტი ბიულეტენი ვერ ექნება, თუმცა დავუშვათ, რომ ამომრჩევლის ხელში, როგორღაც ორი ბიულეტენი აღმოჩნდა. მათი ერთდროულად მოთავსება სკანერის აპარატში შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, ამომრჩეველმა ჯერ ერთი ბიულეტენი უნდა შეაცუროს, დაელოდოს, სანამ აპარატი დაადასტურებს ბიულეტენის მიღებას და მეორე ბიულეტენის შეშვებას მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ხმის მიცემის პროცესს არაერთი დამკვირვებელი აკვირდება.

გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად „ფაქტ-მეტრი“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა. ცესკოს განმარტებით, აპარატი იმგვარად არის მოწყობილი, რომ ფიზიკურად შეუძლებელია, ერთზე მეტი ბიულეტენი წაიკითხოს (ბათილ ან ნამდვილ). ხმის დათვლის აპარატზე არსებული სკანერის მექანიზმი კი ერთზე მეტ ბიულეტენს ფიზიკურად ვერ იღებს. ასეთი მცდელობის შემთხვევაში, აპარატის ეკრანზე გამოისახება შეტყობინება, რომ ვერ ხდება ბიულეტენების მიღება“.

ცესკოს თქმით, ამჟამად, მიმდინარეობს ტრენინგი როგორც საარჩევნო უბნის წევრებისთვის, სადაც ხდება მონაწილეების კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე საინფორმაციო კამპანია - „საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება“, რომელიც განკუთვნილია ამომრჩევლებისთვის. მათი განმარტებით, ცესკოს მიერ ორგანიზებულ საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია იმის გადამოწმება, რომ აპარატი ერთზე მეტ ბიულეტენს არ იღებს.

გარდა ამისა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამართულობა დადასტურებულია შესაბამისი აუდიტის მიერ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების აუდიტი ჩატარდა, აშშ-ში რეგისტრირებული და აკრედიტებული კომპანია Pro V&V-ის მიერ. 1 ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართულ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე, Pro V&V აკვირდებოდა ხმების მთვლელებს ექვს საარჩევნო უბანზე, ჩაატარა ფიზიკური აუდიტი და დაადასტურა, რომ ა) თითოეული მიცემული ხმა უდრის ერთ ხმას და მხოლოდ ერთ ხმას. ბ) ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა ზუსტად ანიჭებს თითოეულ ამომრჩეველს ხმების შესაბამის რაოდენობას (ერთი), უსაფრთხოდ ინახავს ამ ინფორმაციას ელექტრონულ ყუთში და აისახება არჩევნების შედეგებში.

ამრიგად, მტკიცება, თითქოს შესაძლებელია ორი ბიულეტენის შეშვება ელექტრონულ ყუთში და ამ გზით არჩევნების გაყალბება, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ეს უკანასკნელი ტექნიკურად შეუძლებელია, ხმის მთვლელ აპარატს მხოლოდ ერთი ბიულეტენის მიღება და დასკანერება შეუძლია. აქვე გთავაზობთ აღნიშნულის დამადასტურებელ ვიდეომასალას, რომელიც „ფაქტ-მეტრმა“ საარჩევნო ტექნოლოგიების სადემონსტრაციო შეხვედრაზე გადაიღო.

თეგები: