ირაკლი კობახიძე: რუსული კანონის საფუძველზე ორგანიზაციებს მოუწევთ შავი ფულის გასაჯაროება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი:
2024 წლის 7 ივლისს სამოქალაქო აქტივისტი დავით ჩხობაძე ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს საჯარო სივრცეში სიტყვიერად დაუპირისპირდა. მან შეახსენა სარჯველაძეს „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ მიღება და მას რუსი უწოდა. 2024 წლის 11 ივლისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამ საკითხს გამოეხმაურა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის მიღება ე.წ. „შავი ფულის“ გასაჯაროებას დაუკავშირა. „ამ თავდასხმის ავტორი იყო ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდა, რომელიც შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, კერძოდ, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯის“, ლიდერი, ვინმე ჩხობაძე. საინტერესოა, რომ ეს ორგანიზაცია პარალელურ რეჟიმში ფინანსდება, ჩვენი ინფორმაციით, ერთი მხრივ, კეზერაშვილი- დიმა ჩიქოვანის მხრიდან და მეორე მხრივ, კონკრეტული უცხოური დონორების მხრიდან. ეს ადამიანი აპროტესტებდა იმ კანონის მიღებას, რომლის საფუძველზეც მას მოუწევს საკუთარი შავი ფულის გასაჯაროება. მესმის, რომ არ მოსწონს არავის გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა არ არის კომფორტული და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ასეთი ადამიანებისთვის არ არის კომფორტული, თუმცა მოვუწოდებ ყველას, რომ მოთოკონ ემოციები და შეეგუონ გამჭვირვალობას, რომელიც 1945 წლის შემდეგ, არის ერთ-ერთი საკვანძო ევროპული პრინციპი, ასეთად არის აღიარებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.
ირაკლი კობახიძე საკუთარ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ორგანიზაციებს მოუწევთ საკუთარი „შავი ფულის“ გასაჯაროება.
რეალურად, ეს კანონიიმ ორგანიზაციების „უცხოეთის ინტერესების გამტარებლად“ გამოცხადებას ისახავს მიზნად, რომლებიც საკუთარ დაფინანსებას „უცხო ძალისგან“ იღებენ. შესაბამისად, კანონი ყველა იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ მედია ორგანიზაციას შეეხება, რომლებიც დაფინანსებას აშშ-დან, ამერიკული ფონდებიდან, ევროკავშირიდან, ევროპული ფონდებიდან თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან იღებს.“[1]
აშშ-სა და ევროპული სახელმწიფოების მხრიდან მიღებული დაფინანსება ისედაც ექვემდებარება მკაცრ კონტროლს. პირველ ეტაპზე - დაფინანსების გამცემ სახელმწიფოში, ხოლო შემდგომ - საქართველოში. თავად ტერმინი „შავი ფული“ იმას ნიშნავს, რომ ეს ფული არალეგალური გზით, ან დამალული გადასახადების შედეგადაა მიღებული.
თავის მხრივ, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო ფულის გათეთრებას განმარტავს, როგორც არალეგალური წარმოშობის ფინანსური აქტივების შენიღბვისპროცესს.ქართული კანონმდებლობით, შავი ფულის შემოტანა ან შავი ფულის გათეთრება ისედაც აკრძალული საქმიანობაა.[2] დასავლური პარტნიორების მხრიდან მიღებული დაფინანსება, ძირითადად, პარტნიორი ქვეყნების გადასახადის გადამხდელთა ფულია. შესაბამისად, ფული, რომელიც გადასახადის გზით ლეგალურად არის აკრეფილი და შემდგომ, საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, გრანტად არის გაცემული, ვერ იქნება „შავი ფული“, ვინაიდან, თავისი შინაარსით, შავი ფული გულისხმობს არალეგალურ წარმომავლობას.
დასავლური სახელმწიფოებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსებისთვის განსაზღვრული თანხა საქართველოში ოფიციალური გზებით - გადარიცხვით შემოდის და ეს ფინანსური რესურსები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იბეგრება. ამ ფულის მიმღები ორგანიზაციები, თანხის განკარგვისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ყველა გადასახადს იხდიან. აღნიშნულისთვის თავის არიდება უკვე მოქმედი კანონმდებლობით[3] ისჯება.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს არანაირ ბერკეტს შავი ფულისა თუ ფულის გათეთრების პრევენციისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მიზანს შავ ფულთან ბრძოლის გაძლიერება წარმოადგენდა, მათ საერთოდ სხვა, შესაბამისი კანონი უნდა მიეღოთ. რეალურად, შავ ფულზე აპელირება მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ემსახურება. უფრო დეტალური ინფორმაცია, თუ რას არეგულირებს საქართველოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და რატომ არაა ევროკავშირში ინიციირებული დირექტივის პროექტისა თუ საუკეთესო დასავლური პრაქტიკის ანალოგი, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული1;ბმული2).
ასევე, შავ ფულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი შავი ფულის წინააღმდეგ ბრძოლის ბერკეტებს, სინამდვილეში, არ შეიცავს და ამგვარ დანაშაულთან ბრძოლა უკვე ისედაც რეგულირებულია სისხლის სამართლის კოდექსით. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
[2] სსკ მუხლი 194 - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) - ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი ჯგუფურად; ბ) ჩადენილი არაერთგზის; გ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ხოლო იგივე ქმედება: ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
[3] სსკ მუხლი 218 - გადასახადისთვის თვის არიდება - 1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 3. ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან სამ წლამდე.