მამუკა მდინარაძე: საქართველოს ეკონომიკა ევროპულს უახლოვდება, რადგან ევროპის ეკონომიკა აღარ იზრდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არისნახევრად სიმართლე
ევროკავშირი ცხოვრების დონით საქართველოს მნიშვნელოვნად უსწრებს. თუ ეკონომიკას მიმდინარე ფასებში გავზომავთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ 2023 წელს საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 20%-ს შეადგენდა, თუ PPP მეთოდით (მსყიდველუნარიანობის პარიტეტი) დავითვლით, ფარდობა 41% იქნება. რადგან საქართველოს ეკონომიკა, უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ევროკავშირის, სხვაობა ნელ-ნელა მცირდება და განცხადების ეს ნაწილი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა მცდარია მტკიცება, რომ ევროკავშირის ეკონომიკა აღარ იზრდება, ისიც იზრდება, ოღონდ უფრო დაბალი ტემპით, 2013-2023 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა 19.4%-ით გაიზარდა, საქართველოსი 71%-ით.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროკავშირთან და მის ცალკეულ წევრებთან ეკონომიკურ ჩამორჩენას ამცირებს და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ეკონომიკა უფრო დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება „ფაქტ-მეტრმა“ მამუკა მდინარაძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
ანალიზი: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „ძალიან კარგია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა უახლოვდება ევროპულ მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ეს იმის ხარჯზე თუ არის, რომ სამწუხაროდ ევროპის ეკონომიკა დიდი ხანია წინ არ წაწეულა, ეს ადამიანებს უნდა ვუთხრათ“.
მამუკა მდინარაძემ განცხადება AIESEC-ის კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში საშუალო პენსია 13-ჯერ მეტი იყო, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, კონტექსტის გათვალისწინებით, პოლიტიკოსის მიერ ნახსენებ „ევროპა“-ში „ევროკავშირი“ უნდა ვიგულისხმოთ. ამასთან რადგან გერმანიის მოსახლეობა 80 მლნ-ს აღემატება, მალტის კი 0.5 მლნ-ია, შედარება ერთ სულ მოსახლეზე უნდა გაკეთდეს და არა მთლიან ეკონომიკაზე.
საქართველო, როგორც განვითარებადი სახელმწიფო, ერთ სულ მოსახლეზე დათვლილი მშპ-ის მხრივ ევროკავშირის 27-ივე სახელმწიფოს ჩამორჩება, მათ შორის, ყველაზე ღარიბ ბულგარეთსაც. მნიშვნელოვანი სხვაობა აღინიშნება როგორც მიმდინარე ფასებში, ასევე მსყიდველუნარიანობის პარიტეტით დათვლისას.
მიმდინარე ფასებში, საქართველოში 2023 წელს მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 8,120 დოლარი შეადგინა, ევროკავშირში - 40,800 დოლარი, PPP დათვლით, შესაბამისად - 24,700 საქართველოში და 60,300 დოლარი[1] ევროკავშირში.მსყიდველუნარიანობის პარიტეტითაც კი ევროკავშირში საშუალო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2.44-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში, მიმდინარე ფასებში კი 5-ჯერ.
პანდემიამდე, 2019 წელს, ევროკავშირში მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მაჩვენებელს PPP დათვლით 2.9-ჯერ და მიმდინარე ფასებში 7.4-ჯერ აღემატებოდა.
გრაფიკი 1: საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის წილი ევროკავშირთან მიმართებით
წყარო: მსოფლიო ბანკი
საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვაობა ნამდვილად მცირდება, რადგან საქართველოს ეკონომიკა ნამდვილად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ევროკავშირის (მიმდინარე ფასებში 2022 წლამდე პერიოდული კლება, ვალუტის კურსთანაა დაკავშირებული. როცა ლარი მკვეთრად უფასურდებოდა დოლარში დათვლილი ეკონომიკა მცირდებოდა). ზოგადად, განვითარებად ქვეყანას, ზრდის მეტი რესურსი გააჩნია. მდიდარ ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა მისასალმებელია, თუმცა თავად ამ ფაქტში გასაოცარი არაფერია.
ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბულგარეთია და შესაძლოა მამუკა მდინარაძე „მინიმალურ სტანდარტში“ სწორედ მას გულისხმობდა. მსყიდველუნარიანობის პარიტეტით თუ 2013 წელს საქართველოში მშპ 1 სულ მოსახლეზე ბულგარეთის მაჩვენებლის 61%-ს შეადგენდა, 2019 წელს ის 65%-მდე და 2023 წელს 67%-მდე გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირისა და მისი ცალკეული წევრების ეკონომიკაზე უფრო სწრაფად იზრდება, მამუკა მდინარაძის განცხადების მეორე ნაწილი,მაინც არ შეესაბამება სიმართლეს. ევროპის ეკონომიკაც იზრდება, ოღონდ უფრო ნელი ტემპით.
2023 წელს ევროკავშირის ეკონომიკა 2019 წელთან შედარებით 4.5%-ით, 2013-2023 წლებში კი 19.4%-ით იყო გაზრდილი. იმავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკა შესაბამისად 23.4%-ითა და 71%-ით გაიზარდა.
გრაფიკი 2: ეკონომიკის ზრდის ტემპი
წყარო: მსოფლიო ბანკი
მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკა როგორც ბოლო 4, ასევე ბოლო 10 წელიწადში უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირის ეკონომიკა, რამაც საქართველოს ეკონომიკური ჩამორჩენა ევროკავშირთან შეამცირა. ამავე დროს, ევროკავშირის ეკონომიკა უფრო დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ მამუკა მდინარაძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.