მიმდინარე წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. პროექტის ავტორი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაა, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებები 2019 წელს შევიდა. კერძოდ, 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ძირითადი დებულებით დადგენილი განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი შეიძლება გადამეტებულ იქნეს განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, თუ ეს კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით, ამას მოითხოვს ქალაქმშენებლობითი განვითარების განსაკუთრებული მიზეზები (მაგალითად, ურბანული ღირებულების დაცვა და განვითარება), ამას არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივი ინტერესები და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას. ამასთანავე, კოდექსში ჩაიწერა, რომ 2028 წლის 1 იანვრამდე ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება. 22 ივნისს პარლამენტის მიერ განხილული კანონპროექტის მიხედვით კი, კოდექსის 141-ე მუხლს დაემატება შემდეგი შინაარსის 23-ე ნაწილი: „ქ. ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეჩერდეს კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტების ნაწილში. ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძლება გადამეტებულ იქნას ქ. ბათუმის მერის გადაწყვეტილებით ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებითა და დადგენილი წესების შესაბამისად“.

ასევე ემატება 1416 მუხლი, კერძოდ, „სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისა და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი ან/და მრავალფუნქციური სახლების მშენებლობის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებები:

1. 2027 წლის პირველ იანვრამდე, სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისა და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი ან/და მრავალფუნქციური სახლების მშენებლობის მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება. ასევე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისგან (შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა) განსხვავებული პირობებით ქალაქმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილებების შეტანა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშემწყობი ღონისძიებების ფარგლებში დადგენილი განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი, ქ. ბათუმის მერის გადაწყვეტილებით, შეიძლება გადამეტებული იქნეს განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე.

3. ამ მუხლის პირველი ან/და მეორე ნაწილით განსაზღვრული ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, თუ ეს კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით, არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივი ინტერესები და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოსა და სამუშაო გარემოს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას.“

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ, აჭარის ა/რ მხარდაჭერით, შემუშავებულია ავარიული სახლების ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ოთხწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი ჯამში 80 მლნ ლარია. ასევე აღნიშნულია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ურთულეს პრობლემურ და გადაუჭრელ საკითხს წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების არსებობა. მათ შორის, ზოგიერთი იმდენად ავარიულია, რომ გამაგრებას არ ექვემდებარება და ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ, დღეის მდგომარეობით, დასკვნა მომზადებულია 118 ავარიულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, რომლებშიც დაახლოებით 3 000 ოჯახი ცხოვრობს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელია მიწის ნაკვეთის ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება. ასევე, მერია მიიჩნევს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, პოსტპანდემიურ პერიოდში, ხელი უნდა შეეწყოს ინვესტიციების მოზიდვას, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირებას, მოსახლეობის დასაქმებას და ეკონომიკის განვითარებას. სწორედ ამით ხსნის ბათუმის თვითმმართველობა იმ ცვლილების აუცილებლობას, რომლითაც განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება უნდა შეჩერდეს და შემოვიდეს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითადი დებულებებით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტება შესაძლებელი გახდება ბათუმის მერის გადაწყვეტილებით.

განმარტებით ბარათში ასევე წერია, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს შემდეგი პრობლემების მოგვარებას: ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავარიული შენობების ლიკვიდაციის ხელშეწყობა; ავარიული შენობების თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლება; მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხო საცხოვრისი გარემოს შექმნა; ქალაქის იერსახის გაუმჯობესება; ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება.

მერიას აქვს მოლოდინი, რომ კ2 კოეფიციენტის გაზრდის გზით, დეველოპერული კომპანიების დაინტერესება გაიზრდება და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, სამშენებლო მოსაკრებლის სახით, დამატებით 3 მლნ ლარზე მეტი შევა.

მერია მიუთითებს, რომ კანონპროექტი აჭარის ა/რ მთავრობის ჩართულობით შემუშავდა.

განიხილება მეორე ცვლილებაც - „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების წესის ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში ერთი ქვეპუნქტის დამატება. კონკრეტულად კი, აღნიშნული მუხლით განსაზღვრულ სამუშაოების ჩამონათვალს, რომელთა წარმოების შემთხვევაშიც ექსპროპრიაცია გამოიყენება, დაემატება „ლ“ ქვეპუნქტი“, რომლის თანახმადაც, მესაკუთრისთვის ქონების ჩამორთმევა, ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით, ნებადართული იქნება სახელმწიფო/მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისთვის. ამ ცვლილების განმარტებით ბარათში წერია, რომ საკუთრების ჩამორთმევა გაზრდის სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების ინტერესსა და ჩართულობას, სამშენებლო სექტორის სტიმულირებას.

შეგახსენებთ, რომ „ფაქტ-მეტრმა“ უკვე რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც საუბარია პროგრამაზე „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. მათ შორის ერთ-ერთში მკითხველს გავაცანით აღნიშნული პროგრამის წინამორბედი, რომლის განხორციელებაც „ქართულმა ოცნებამ“ 2014 წელს დაიწყო და რომელსაც მაშინ „არასათანადო არასტანდარტული საცხოვრისების ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამა“ ერქვა. აღნიშნული პროგრამის მიზნებს შორის იყო ბათუმის გაწმენდა უსახური შენობებისგან. მიღებული შედეგიდან გამომდინარე, პროგრამის მიმართ არაერთი კითხვა გაჩნდა, რომლებიც პასუხგაუცემელია. სწორედ ხელისუფლების მიერ პროგრამის პირადი ინტერესების მიზნით გამოყენებას მიიჩნევს არაერთი ორგანიზაცია, სპეციალისტი და მოქალაქე ბათუმის ქაოსურად განაშენიანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად. აღნიშნულ საკითხზე 2018 წელს სტუდია Rec-მა მოამზადა საგამოძიებო ფილმი, რომელშიც საუბარია პროგრამის ჩრდილოვან მხარეებზე, მათ შორის, როგორ აითვისეს დეველოპერებმა ბათუმის ყველაზე მიმზიდველი ადგილები და როგორ იღებდნენ ისინი კ2 კოეფიციენტის გაზრდის ნებართვებს იმ ზონებში, რომლებშიც, სპეციალისტების აზრით, ეს დაუშვებელი იყო. მაგალითად: მრავალსართულიანი შენობები ისეთ ადგილებში ააშენეს, სადაც ბარაკული ტიპის საცხოვრებლები არ იყო. პროგრამის საფუძველი კი სწორედ ბარაკების თანამედროვე კორპუსებით ჩანაცვლება და იქ მცხოვრები ოჯახებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა იყო.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ მთავრობა ახლაც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და კანონპროექტისთვის ხმის მიცემა ნიშნავს, რომ ისედაც ბეტონის ჯუნგლებად ქცეულ ქალაქში კიდევ უფრო გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნება. ისინი ბათუმის მერისთვის ერთპიროვნული უფლებამოსილების მინიჭების წინააღმდეგი არიან. პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. არმაზ ახვლედიანმა კოლეგებს მოუწოდა, რომ აღნიშნული ცვლილება კორუფციის წყარო გახდება და ბათუმი კიდევ უფრო გაუბედურდება. მოგვიანებით პოლიტიკოსმა საკუთარი აზრი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.

ცვლილებების მიმართ შენიშვნები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც ჰქონდათ. მაგალითად, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ თუ ყველა პრობლემური საკითხი არ დაიხვეწება და ყველა რისკი არ იქნება დაზღვეული, ისე კანონპროექტი საბოლოო მხარდაჭერას ვერ მიიღებს. სავარაუდოდ, მეორე მოსმენა 24 ივნისს იქნება.

რაც შეეხება ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, ისინი მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ქმნის ქალაქის მერიის მიერ დაუსაბუთებელი, პოტენციურად კორუფციული გადაწყვეტილებების რისკებს. ასევე, სამშენებლო კომპანიებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭების გზით, მათ სამშენებლო რეგულაციებისთვის თავის არიდების შესაძლებლობა ექნებათ. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, შეაჩეროს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა; გახსნას სივრცე შემოთავაზებული ცვლილებების კრიტიკული განხილვისთვის; პროცესში ჩართოს როგორც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამით დაინტერესებული ბენეფიციარები, ისე - საექსპერტო ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება. მიმართვას ხელს რვა ორგანიზაცია აწერს.

ურბანული განაშენიანებით უკმაყოფილო მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე წლებია, რაც ბათუმის იერსახის დამახინჯების წინააღმდეგ იბრძვიან. ამ ხნის განმავლობაში მერიამ ვერ უზრუნველყო, რომ ქალაქი ქაოსური განაშენიანებისგან დაეცვა. არაერთი შემთხვევაა, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფა ხდება, ან ისეთი შენობები ინგრევა, რომლებსაც სტატუსი არ აქვს, თუმცა ბათუმისთვის ავთენტურია და მისი რესტავრაცია შესაძლებელია. ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია, ხოლო კომპანია თავს იმართლებს, რომ რესტავრაციის მიზნით დაწყებული სამუშაოების დროს, შენობა თვითონ ჩამოინგრა. მაგალითად, 22 ივნისს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა აღნიშნულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, ერთ-ერთმა კომპანიამ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა დაანგრია. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიაში წილს ფლობს ბათუმის საკრებულოს წევრის მეუღლე. ასევე გახმაურებული ამბავია ბათუმის ბულვარში ოცდაერთსართულიანი ნაგებობის „აღმოცენება“. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, შენობა ოთხსართულიანი უნდა ყოფილიყო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციამ და აქტივისტებმა მშენებლობა არაერთხელ გააპროტესტეს, თუმცა ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. „ფაქტ-მეტრი“ ამის შესახებ წერდა.

კანონპროექტს არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. ისინი თვლიან, რომ ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის მიღებამდე, ხელისუფლება ქალაქს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი