სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და სხვადასხვა Facebook-გვერდი (1; 2; 3) ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ, პარიზში 4.5 მილიონ ევროდ Bugatti-ის უახლესი მოდელი - Bugatti Tourbillon, შეიძინა. ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედმაც“ გაავრცელა, თუმცა პოსტი მალევე წაშალა (არქივირებული ვერსია). გარდა ამისა, ინფორმაცია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკამ“ გააშუქა. ამავე ინფორმაციას ავრცელებენ რუსული პროპაგანდისტული გამოცემებიც, კერძოდ, Sputnik Armenia, Аргументы и Факты, Московский комсомолец, РИА Новости და სხვები.

მტკიცებასთან დაკავშირებული რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. მაგალითად, დავით ქართველიშვილი და რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ინფორმაციის პირველწყაროდ ფრანგულ გამოცემა, Verite Cachee-ს უთითებენ. მათ ვებგვერდზე არ იძებნება გამოცემის შესახებ ინფორმაცია, მაგალითად, „ჩვენ შესახებ“ სექცია და საკონტაქტო ინფორმაცია. გარდა ამისა, ფრანგული გამოცემის ვებგვერდი 2024 წლის 22 ივნისს შეიქმნა - დეზინფორმაციის გავრცელებამდე 9 დღით ადრე.

ზოგიერთ პოსტში ვრცელდება ფოტო, რომელიც, თითქოს შესყიდვის დოკუმენტს წარმოადგენს. დოკუმენტის ფოტოს პირველწყარო ნიგერიული არასანდო ვებგვერდი „Nairaland Forum-ია“. დოკუმენტზე მითითებულია გადახდილი თანხის რაოდენობა, თუმცა არ არის მოცემული დღგ-ის რაოდენობა, ვალუტა და ფრანგული კანონით მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია. ამავდროულად, ეჭვს აჩენს ის ფაქტიც, რომ საფრანგეთში შესყიდვის დოკუმენტი ინგლისურ ენაზე იქნა დაბეჭდილი. შესაბამისად, შესყიდვის დოკუმენტი ყალბია.

შესყიდვის დოკუმენტის გარდა, ვრცელდება ვიდეოც, რომელშიც თითქოს Bugatti-ის თანამშრომელი საუბრობს და ამ ინფორმაციას ავრცელებს. ვიდეო Instagram-ის ე.წ. „სთორის“ წარმოადგენს, რომელზეც მწვანე ნიშანს ვხედავთ, რაც იმას მიუთითებს, რომ ამ „სთორის“ ნახვა მხოლოდ ანგარიშის მფლობელის მიერ არჩეულ ადამიანებს შეუძლიათ და არა ყველას.

ვიდეოს ნამდვილობაც საეჭვოა. მოსაუბრე პიროვნების თავისა და თვალების არაბუნებრივი მოძრაობა ეჭვს აჩენს, რომ ვიდეო ე.წ. deepfake-ს წარმოადგენს. ამასთან, მსგავსი გარეგნობის ადამიანის ფოტოსურათი ვებგვერდზე Shutterstock.com-ზე იძებნება. ვებგვერდი ფოტოების „საწყობს“ წარმოადგენს, სადაც თანხის გადახდის შემთხვევაში ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია, ნებისმიერი ფოტოსურათი გამოიყენოს.

ინფორმაციას უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი გამოეხმაურა. მათ განაცხადეს, რომ ოლენა ზელენსკას მიერ ავტომობილის შეძენის შესახებ ინფორმაცია ყალბია, ხოლო Bugatti-ის ე.წ. თანამშრომლის ვიდეო Deepfake-ს წარმოადგენს.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. რუსული დეზინფორმაცია აქტიურად იყენებს ტექნიკას, რომელიც გულისხმობს ინგლისურენოვანი ან ფრანგულენოვანი ყალბი გამოცემების შექმნას და მათი საშუალებით უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის შემცველი სტატიების გამოქვეყნებას, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში ვრცელდება. მიზანი კი უკრაინის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციაა.

დეზინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მიერ ძვირადღირებული შენაძენების შესახებ„ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (იხ. ბმული 1; 2; 3; 4). 2023 წლის ოქტომბერში უკრაინის პირველი ლედის შესახებ გავრცელდა ყალბი ამბავი, თითქოს მან ნიუ-იორკში, Cartier-ის მაღაზიაში მილიონ დოლარზე მეტ დახარჯა. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი რუსულმა დეზინფორმაციულმა წყაროებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კვიპროსში 150 მილიონი ფუნტის ღირებულების სასტუმრო-კაზინოს, ყირიმში 25 მილიონი ევროს ღირებულების სახლის და 75 მილიონი დოლარის ღირებულების იახტების შეძენა მიაწერეს.

-----------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია