სოციალურ ქსელში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4) წერს: „ევროკავშირმა დაგმო რუსეთი დანიის პრემიერ-მინისტრზე პოლონელის თავდასხმის გამო. დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით პოლონელი დააკავეს”. რეალურად, ევროკავშირის წარმომადგენლებმა დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა დაგმეს, თუმცა მათ რუსეთის შესაძლო როლზე არ უსაუბრიათ. მეტიც, გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდამსხმელს პოლიტიკური მოტივები არ ჰქონია.

მიმდინარე წლის 7 ივნისს დანიის პრემიერ-მინისტრს თავს 39 წლის პოლონელ მამაკაცი დაესხა. კოპენჰანგენის ცენტრში მომხდარი შემთხვევის შედეგად, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მცირე დაზიანება მიიღო. მამაკაცს 12 დღით პატიმრობა შეუფარდეს. ის სასამართლომ საჯარო სამსახურში მყოფი პირის მიმართ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო. თავდამსხმელის თქმით, მან არ იცოდა, რომ მსხვერპლი დანიის პრემიერ-მინისტრი იყო. თავდამსხმელის ადვოკატმაც განაცხადა, რომ საქმეში პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. ამავდროულად, დანიის პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პირი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ინციდენტი ორი დღით ადრე მოხდა, სანამ დანიელები ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებდნენ მონაწილეობას. თავდასხმა დაგმეს როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა, მათ შორის, ფინეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებმა, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ლაიენმა X პლატფორმაზე აღნიშნა: „მე ვგმობ ამ საზიზღარ აქტს, რომელიც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც ჩვენ გვჯერა და ვიბრძვით ევროპაში“.

თავდასხმას ასევე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, რომელმაც დაგმო პოლიტიკურ ლიდერზე მორიგი ფიზიკური თავდასხმა. აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დანაშაულის ბრალდებით, მალევე, სლოვაკი მწერალი და პოეტი დააკავეს. პრემიერ-მინისტრი ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის.

ამდენად, ევროკავშირის წარმომადგენლებს თავდასხმაში რუსეთის შესაძლო კავშირებზე არ უსაუბრიათ, შესაბამისად, Facebook-ანგარიშის მტკიცება მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.