სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4), ეროვნული ნაკრების უცხოელი გულშემატკივრის კომენტარის ფოტოანაბეჭდს ავრცელებს. Facebook-მომხმარებლის მტკიცებით, ქომაგი, რომელმაც ქართველებს „გული გაუკეთა“, რუსია.
სინამდვილეში, გულშემატკივარი, რომელიც წერდა, „თურქეთმა მატჩი მოიგო და საქართველომ - ჩვენი გულები“, არა რუსი, არამედ ბანგლადეშელია.მან UEFA EURO 2024-ის Facebook-პოსტზე გაკეთებულ კომენტარს ბანგლადეშის დროშაც დაურთო, წარმომავლობის აღსანიშნად.
არაფატს წარმომავლობა Facebook-ანგარიშის აღწერაშიც აქვს მითითებული, რომლის თანახმადაც, წარმოშობით ბანგლადეშის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან, სილჰეტიდან არის.
იგი საკუთარ გვერდზე ბენგალურ-ინგლისურ ენაზე განცხადებასაც აქვეყნებს, რომელშიც ქართველებს მის კომენტარზე დადებითი გამოხმაურებისთვის მადლობას უხდის.
„თურქეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ კომენტარი დავტოვე, რომელმაც ათასობით ქართველის სიყვარული დაიმსახურა. ბევრი მათგანი მადლობის წერილებს მიგზავნის. მადლობას ვუხდი ყველა ქართველს. საუკეთესო სურვილები ბანგლადეშიდან შემდეგი მატჩისთვის“, - წერს იგი სოციალურ ქსელში.
ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ ქომაგის წარმომავლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.