მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 29% უცხოური გრანტები და კრედიტებია
საქართველოში ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი განიხილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე სამი მოსმენით მიიღო. როგორც ვიცით, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოური ქვეყნის გავლენის გამტარებლად ყველა არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციას აცხადებს, რომლის დაფინანსების 20% უცხოურია.
2013-2023 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში საგარეო სესხებისა და გრანტების წილი საშუალოდ 16%-ს აღწევდა. 11 წელიწადში ქვეყნის ბიუჯეტმა უცხოეთიდან კრედიტის სახით ჯამურად 23 მლრდ ლარი და გრანტის სახით 3.4 მლრდ ლარი მიიღო. 2024 წლის გეგმის მიხედვით, 2 მლრდ-ზე მეტის უცხოური დაფინანსების მიღებაა გათვალისწინებული (დაწვრილებით იხ. სტატია)
საქართველოში ყველაზე მსხვილი პროექტების განმახორციელებელი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უცხოური დაფინანსების დიდი წილი სწორედ ამ სამინისტროზე მოდიოდეს.
„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, უცხოური გრანტები და კრედიტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის რა ნაწილს შეადგენდა.
2024 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის გეგმა 3.4 მლრდ ლარით განისაზღვრა, საიდანაც 2.4 მლრდ საბიუჯეტო სახსრები, 18.4 მლნ - გრანტები, 959 მლნ კი კრედიტებია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წლის დაფინანსების 28.7% უცხოეთიდან შემოსული სახსრებია (გრანტები და კრედიტები ერთად).
თუ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბოლო წლების ბიუჯეტის სტრუქტურას გავაანალიზებთ, შემდეგ სურათს მივიღებთ:
გრაფიკი 1: უცხოური კრედიტების და გრანტების წილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტში (მლნ ლარი)
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებაში უცხოური კრედიტების და გრანტების წილი საშუალოდ 47%-ს აღწევს. 2013-2018 წლებში ეს მაჩვენებელი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი იყო, 2019-2024 წლებში 29%-43%-ს შორის მერყეობს. ბოლო წლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მიმდინარე წელსაა, როცა სამინისტროს ბიუჯეტში უცხოური კრედიტების და გრანტების წილი 29%-მდეა, თუმცა თავისთავად, დაბალი არც ეს მონაცემია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს თითქმის 1 მლრდ-იანი კრედიტიდან 689 მლნ ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება, 73 მლნ - რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, 94 მლნ - წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციას, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამას -31.1 მლნ. შესაბამისად, ყველაზე სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების 36%, 23%, 17% და 48% უცხოური კრედიტები და გრანტებია.
ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ხორციელდება (რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს - „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაიწყო და 68 კმ გზაც აშენდა), ჩქაროსნული ავტომაგისტრალია. მიმდინარე წლის ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნული პროექტის დაფინანსება 1,225 მლნ-ია, საიდანაც უცხოური გრანტები და კრედიტები ჯამში, 689 მლნ ლარია, მთლიანი დაფინანსების 56%. პროექტის ძირითადი დამფინანსებლები ADB – აზიის განვითარების ბანკი, EIB - ევროპის საინვესტიციო ბანკი, WB - მსოფლიო ბანკი, EBRD - ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი არიან.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პერიოდის განმავლობაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსების საშუალოდ 47% უცხოური სახსრებია. ყველა მსხვილი პროექტის ძირითადი დამფინანსებლები უცხოური ფინანსური ინსტიტუტები არიან, მხოლოდ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, რომლითაც „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით ამაყობს, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი - 56%, უცხოური კრედიტია.