სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში, Gvan Ca, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კლიმატურ მოვლენებთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), ავრცელებს პოსტს, სადაც ამტკიცებს, რომ ავსტრალიაში 300 კილომეტრზე გადაჭიმული, უჩვეულო ფორმის ღრუბელი ქიმტრეილს წარმოადგენს. ,,როგორ წარმოუჩენს მედია მძინარე ხალხს ქიმტრეილებს“, - ვკითხულობთ პოსტში. რეალურად, მსგავსი ფორმის ღრუბლები ბუნებრივი მოვლენა არის და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში აქამდეც დაფიქსირებულა (1, 2, 3).

2024 წლის 4 ივნისს 300 კმ-ზე გადაჭიმული ჰორიზონტალური, სხვა ღრუბლებისგან განცალკევებული, მილის ფორმის ღრუბლის მასა ავსტრალიის ცაზე მართლაც გამოჩნდა. ავსტრალიის მეტეოროლოგიურმა ბიურომ განმარტა, რომ მსგავსი ფორმის ღრუბლები, რომელსაც მეცნიერები Altocumulus Volutus-ს უწოდებენ, იშვიათი მოვლენა არის. მსგავსი ფენომენი წარმოიქმნება, ტემპერატურის ინვერსიის დროს, როდესაც ტროპოსფეროში ჰაერის ტემპერატურა სიმაღლის ზრდასთან ერთად იმატებს, ნაცვლად ჩვეულებრივი კლებისა, ამავდროულად კი მოკლე დროში ქარის სიჩქარე და მიმართულება სწრაფად იცვლება. ტემპერატურის ინვერსიის გამო ჰაერი, რომელიც იწყებს ატმოსფეროში ასვლას და ღრუბლების ფორმირებას, უფრო გრილია, ვიდრე მის გარშემო მყოფი ჰაერი, ამიტომ ატმოსფეროს ქვედა დონეზე ჩაძირვას იწყებს, რაც ბრტყელი ფორმის ღრუბლებს წარმოქმნის. თავის მხრივ, ქარის სიჩქარის და მიმართულების სწრაფი ცვლილება ღრუბლის ზედა ფენაზე ზემოქმედებს, ხოლო ქვედა ფენაზე ნაკლებად, რაც ღრუბლის მილისებრ ფორმას განაპირობებს.

უცნაური ფორმის ღრუბლების გამოჩენის შემდეგ, კონსპირაციული პოსტები ქიმტრეილების შესახებ ავსტრალიაშიც გავრცელდა, რაც ავსტრალიურმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ, AAP Factcheck-მა გადაამოწმა. ექსპერტებთან საუბრის შედეგად გაირკვა, რომ გრძელი, ჰორიზონტალური ღრუბელი, რომელიც წყლის წვეთებს შეიცავდა, ბუნებრივად წარმოქმნილი იყო. აღნიშნული ასევე დაადასტურა ავსტრალიურმა გამოცემა Coast Community News-მა, რომლის მიხედვით, მსგავსი ღრუბლები უჩვეულოა, რადგან მისი ფორმირებისთვის მრავალი სპეციფიკური ატმოსფერული პირობის დამთხვევა არის საჭირო, ამიტომ ადამიანები მსგავს ღრუბლებს ხშირად ვერ ხედავენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის „არამიწიერ ფენომენს“ ან ქიმტრეილებს წარმოადგენს. მსგავსი დეზინფორმაცია ავსტრალიაში ქიმტრეილების შესახებ ადრეც გავრცელებულა. კოვიდ-19 პანდემიის დროს, შეთქმულების თეორიის მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ ავსტრალიის მთავრობამ ქიმტრეილები ადამიანების იძულებითი ვაქცინირებისთვის გამოიყენა, თუმცა მსგავსი მტკიცებები მარტივად გადამოწმდა და უარყოფილ იქნა.

ქიმტრეილების შეთქმულების თეორიის შესახებ დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრსაც“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3). აღნიშნული შეთქმულების თეორია გარკვეულ ჯგუფებში პოპულარობით 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სარგებლობს და არაერთხელ იქნა უარყოფილი. ჰარვარდის უნივერსიტეტის დევიდ კეითის კვლევითი ჯგუფის მიხედვით, ქიმტრეილების გამოყენების დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს და ასეთი მასშტაბური პროექტის საიდუმლოდ განხორციელება, სადაც ათასობით ან ათი ათასობით ადამიანის ჩართულობა არის საჭირო, შეუძლებელია.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ავსტრალიაში 300 კმ-ზე გადაჭიმული მილისებრი ფორმის ღრუბელი ქიმტრეილს წარმოადგენს, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5529 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი