სოციალურ ქსელში Facebook-გვერდები (ბმული 1, 2, 3, 4) და Facebook-მომხმარებლები (ბმული 1, 2) მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის ვიდეოს ავრცელებენ, მტკიცებით, რომ მსახიობს „უკრაინელების შურს“. გავრცელებული ვიდეო ქმნის წარმოდგენას, თითქოს, იგი უკრაინელების დღევანდელ მდგომარეობას შენატრის და სურს, რომ საქართველოც მსგავს ანუ ომის ვითარებაში იხილოს. იდენტური შინაარსის ვიდეო TikTok-პლატფორმაზეც გავრცელდა. რეალურად, ინტერვიუში მსახიობი უკრაინელების მიერ 2014 წელს მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების ცვლილებაზე საუბრობს. მას „შურს“ არა უკრაინაში მიმდინარე ომის, არამედ, მისი თქმით, იმ ერთობისა და მშვიდობიანი ძალისხმევის, რომლითაც უკრაინელებმა პრორუსი ხელისუფლება შეცვალეს.

ინტერვიუ, რომლის ამონარიდიც ინტერნეტსივრცეში მანიპულაციურად ვრცელდება, 2023 წლის 19 მაისს ტელეკომპანია „ფორმულას“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. კადრები ამავე დღეს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე - „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“, იყო გადაღებული. ინტერვიუში ნანკა კალატოზიშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ ბრიყვი ან გარიგებული ადამიანი არ აღიარებს იმ ფაქტს, რაც საქართველოში ხდება. იგი ხელისუფლების ნაბიჯებს აკრიტიკებდა.

„ძალიან მშურს უკრაინელების. მაიდანი იყო მშვიდობიანი აქცია. ჩვენზე მეტად პრორუსი და რუსი ხელისუფლება ჰყავდათ და თავისი ერთობით, ერთად დგომით და იმით, რომ ვერ გატეხეს ისინი, მიაღწიეს იმას, რომ ხელისუფლება შეიცვალა. ჩვენ გვყავს ღიად, პრორუსულს ვერაფრით ვერ დავარქმევ, ღიად რუსული ხელისუფლება, რომელიც ყველანაირ ღალატს აწერს ხელს“, - განაცხადა მსახიობმა (იხილეთ ჩანაწერი 00:30-დან).

მან ასევე მიმართა სამხედროებს, ქართულ ჯარს, პოლიციას, სპეცრაზმს, რომ მათი გმირები ოთხოზორია და ანწუხელიძე უნდა იყვნენ და არა - „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები. „ძალიან გთხოვთ გამოფხიზლდით! არ შეიძლება ბრძოლის სხვადასხვა ბარიკადებზე ვიყოთ, როდესაც რუსეთზეა საუბარი“, - განაცხადა მან (იხილეთ ჩანაწერი 00:57-დან).

ამრიგად, Facebook-მომხმარებლების მიერ ნანკა კალატოზიშვილის ვიდეო მანიპულაციურად, კონტექსტის გარეშე ვრცელდება. მსგავსი შინაარსის პოსტები ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.