დეზინფორმაცია: საქართველოში დაინიციირებული კანონპროექტი ამერიკულის მსგავსია და FARA-ს რეესტრში შეყვანილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში, Facebook-ანგარიშზე „შიგ ევროპაში“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკული FARA-ს რეესტრში, რომელიც ქართული გამჭვირვალობის კანონის მსგავსია, შეყვანილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.

გავრცელებული ინფორმაცია ორ მტკიცებას შეიცავს. პირველი - თითქოს, აშშ-ი არსებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) საქართველოში მესამე მოსმენით მიღებული კანონის მსგავსია და მეორე - თითქოს, FARA-ს რეესტრში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა შეყვანილი.

რეალურად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოში მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტი და აშშ-ში მოქმედი FARA ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავებული აქტებია და მათი ანალოგებად ან მსგავსებად წარმოჩენა მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

გასულ წელს, „რუსული კანონის“ გაანალიზებისას, არაერთმა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „FARA ფუნდამენტურად განსხვავდება და არ უნდა იყოს შედარებული ისეთ კანონმდებლობასთან, რომელიც შექმნილია კონკრეტულად ა(ა)იპ-ებისა და მედიის შეზღუდვის მიზნით“[1].

აშშ-მა FARA (Foreign Agents Registration Act) 1938 წელს უცხოური პროპაგანდისა და პოლიტიკური დივერსიების საპასუხოდ მიიღო, რომელიც განსაკუთრებით ნაცისტური წყაროებიდან და ბოლშევიკური საბჭოთა კავშირიდან მოდიოდა. FARA არ არის მიმართული მოკავშირეების წინააღმდეგ.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, FARA მიზნად ისახავს, აშშ-ს მთავრობისა და ხალხისთვის ცნობილი იყოს, უცხო ქვეყნის სახელით, ვინ ცდილობს პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენის მოხდენას. FARA-ს შინაარსი შემდეგია: ის მოითხოვს ნებისმიერი (ფიზიკური თუ იურიდიული) პირი იუსტიციის დეპარტამენტში უცხოეთის აგენტად დარეგისტრირდეს, თუ ის საქმიანობას უცხოური ძალის კონტროლის ქვეშ ახორციელებს და ჩართულია პოლიტიკურ ან სხვა, კანონით განსაზღვრულ, საქმიანობაში.[2]

FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში [3] მოქმედებს. ამისგან განსხვავებით, ქართული კანონპროექტი, მიზნობრიობის გათვალისწინების გარეშე, „უცხოური ძალისგან“ მიღებულ დაფინანსებას ნებისმიერ შემთხვევაში გასაკონტროლებლად მიიჩნევს.

არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL, რომელიც მსოფლიოში სამოქალაქო საზოგადოების, ფილანთროპიის და საზოგადოებრივი მონაწილეობის შესახებ იურიდიული გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობს) მიერ მომზადებული შედარებითი სამართლებრივი ანალიზის თანახმად:

• FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი მოქმედებს უცხოური მთავრობის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში.

• აშშ-ში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაორგანიზაცია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, მაგრამ FARA არ მოითხოვს მათგან უცხოურ აგენტად რეგისტრაციას.

• აშშ-ში FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, რეგისტრირებულია არაკომერციული ორგანიზაციების 5%-ზე ნაკლები. რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოური პოლიტიკური პარტიების ფილიალებია.

ის, რომ ამერიკული FARA და საქართველოში დარეგისტრირებული კანონპროექტი რადიკალურად განსხვავდება, აღნიშნულია აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის 2024 წლის 10 აპრილის განცხადებაშიც. „მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონმდებლობის მსგავსი. აშშ მიესალმება ჩვენი სამოქალაქო ორგანიზაციების როლს და იმას, როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა კონკრეტულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და პირები, რომელთაც ფულს უხდიან უცხო ქვეყნის მთავრობისა და მათი ინტერესების ლობირებაში, იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ძალიან განსხვავებული კანონია. ამით კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს, მისი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას“, – განაცხადა დანიგანმა.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, FARA უცხო ქვეყნებიდან მომდინარე მავნე ზეგავლენისგან დასაცავად და საფრთხეების ასარიდებლად გამოიყენება, ხოლო ამისათვის ის ხელმძღვანელობს არა ცალკეულად დაფინანსების ფაქტით, არამედ კონკრეტული აქტივობით, რომელიც მესამე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდა. FARA-ს სამიზნე არა საზოგადოებრივი და მედია-ორგანიზაციების საქმიანობა, არამედ ის რისკებია, რომელიც მტრული სახელმწიფოებიდან შეიძლება მომდინარეობდეს. შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი მტკიცება დეზინფორმაციულია და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც FARA-ს რეესტრში გიული ალასანიას სახელის არსებობას ამტკიცებს, ამ რეესტრში მართლაც ვხვდებით გიული ალასანიას, ასევე ტელეკომპანია „ფორმულას“ სახელებს, თუმცა ისინი სქემაში დარეგისტრირებულები არ არიან. სქემაში რეგისტრირდებიან აშშ-ში მოქმედი ის პირები, რომელთაც უცხო ძალის დაკვეთითა და დავალებით/კონტროლით განახორციელეს კონკრეტული აქტივობები. შესაბამისად, სინამდვილეში, სქემაში დარეგისტრირებულია ორი ადგილობრივი - აშშ-ში რეგისტრირებული კომპანიის: Cornerstore Government Affairs და GP International LLC / DBA GlobalPoint International კონკრეტული აქტივობები, რომლებიც მათ უცხო ძალის, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით განახორციელეს. ამრიგად, გავრცელებული მტკიცებისგან განსხვავებით, სქემაში არა გიული ალასანია, არამედ უცხოეთის აგენტად რეგისტრირებული ლობისტური კომპანიის მიერ მისი დაკვეთით განხორციელებული აქტივობა, ამავე კომპანიის მიერაა რეგისტრირებული (აღნიშნულ საკითხზე უფრო ვრცლად იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია).

გიული ალასანიას შემთხვევაში, რეგისტრირებულია აქტივობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა: 1. პრესრელიზის გავრცელება იმის თაობაზე, რომ სამედიცინო ექსპერტებმა დაადასტურეს პოლიტიკური პატიმრის მიხეილ სააკაშვილის მოწამვლისა და წამების ფაქტები, როდესაც ის პატიმრობაში იმყოფებოდა; 2. პრესრელიზის გავრცელება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის გადასარჩენად შექმნილ კოალიციას ლიდერობს (leads the coalition). [4] შესაბამისად, სქემაში რეგისტრირებულია არა მიხეილ სააკაშვილი ან მისი დედა გიული ალასანია, არამედ კომპანია GP International LLC / DBA GlobalPoint International და მისი კონკრეტული აქტივობა, რომელიც კომპანიამ უცხო ძალის, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოქმედი მისი დედის გიული ალასანიას დაკვეთითა და დაფინანსებით განახორციელა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“, FARA-ში რეგისტრირებული ფაილების მიხედვით, ტელეკომპანიის დავალებით, აშშ-ში მოქმედი საკონსულტაციო კომპანია, ტელეკომპანიის სახელით, განახორციელებდა პროგრამას და ჩაერთვებოდა იმგვარ აქტივობებში, რაც, საქართველოში თავისუფალი მედიის მდგომარეობას ადვოკატირების გზით შეუწყობდა ხელს. სინამდვილეში, FARA-ში რეგისტრირებულია კონკრეტული ლობისტური კომპანია - Cornerstone Government Affairs და მის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაფინანსებული და მისი დაკვეთით განხორციელებული აქტივობა.

ორივე ამ შემთხვევაში, როგორც დოკუმენტებიდან ცხადი ხდება, რეგისტრირებას ექვემდებარება კონკრეტული ღონისძიება, რომლის განხორციელებაც უცხო ძალამ (ამ შემთხვევაში, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულმა ტელეკომპანიამ ან პოლიტიკური პარტიის ლიდერმა) აშშ-ში მოქმედ კომპანიას დაავალა. ღონისძიების შინაარსი, რეგისტრირებული ფაილების მიხედვით, კონგრესმენებთან საკითხის ლობირებასაც გულისხმობდა.

ამგვარად, აშშ-ს კანონმდებლობა დასარეგისტრირებლად მიიჩნევს იმ კონკრეტულ აქტივობებს, რომლებიც უცხო ძალის დაკვეთით და კონტროლით/დავალებით ხორციელდება. ამ შემთხვევაში, უცხო ძალა აშშ-ს გარეთ რეგისტრირებული კომპანია და პოლიტიკური პარტიაა. აშშ-ს კანონმდებლობა აგენტად რეგისტრირების ვალდებულებას მხოლოდ დაფინანსების მიღების ფაქტზე არ აწესებს.

უფრო მეტი დეტალი საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტზე და რით განსხვავდება ის ევროპაში ინიციირებულ დირექტივის პროექტისგან თუ დასავლური პრაქტიკისგან, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).

-------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) და არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) ანალიზი საქართველოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შესახებ.

[2] კანონის თანახმად, უცხოურ ძალად მოიაზრება უცხო ქვეყნის ხელისუფლება, პოლიტიკური პარტია, პირი, ორგანიზაცია, კორპორაცია და ა.შ. უცხო ქვეყნის აგენტად კი, შეიძლება მოიაზრებოდეს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც: მოქმედებს/საქმიანობას ახორციელებს უცხოური ძალის მოთხოვნით, მითითებით, კონტროლქვეშ (და ა.შ); რომლის აქტივობას პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, აკონტროლებს, აფინანსებს (და ა.შ) უცხოური ძალა; რომელიც აშშ-ში ჩართულია პოლიტიკურ აქტივობაში უცხოური ძალის სასარგებლოდ, და ა.შ.

[3] ეუთო/ოდირის მოსაზრება საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ასოციაციების გამჭვირვალობისა და რეგულირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების ან ე.წ. „უცხოელი აგენტების შესახებ კანონების“ და მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ხელმისაწვდომია:TRANSLATION 2023-07-25 FINAL Note on foreign agents legislation_Georgia_GEORGIAN.pdf (legislationline.org)გვ.6

[4] აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის რეესტრში FARA-ს საფუძველზე რეგისტრირებული განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ხელმისაწვდომია: https://efile.fara.gov/docs/7193-Supplemental-Statement-20230606-1.pdf გვ. 7


მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია