სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მაიკლ როთის თქმით, მართლმადიდებლობით საქართველოს ევროკავშირში არაფერი ესაქმება. რეალურად, მაიკლ როთს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. გერმანიის საელჩოში ე.წ. „რუსული კანონის“ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ქვეყნიდან ტვინების გადინება დაიწყება და საკითხავია, როგორ უნდა შექმნას საქართველომ ნათელი მომავალი ახალგაზრდების გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მჭიდრო კავშირშია მმართველ პარტიასთან.
მაიკლ როთი თბილისში 13 მაისს ჩამოვიდა. ის აქტიურად უჭერს მხარს ე.წ. „ რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს და მთავრობასაც უკვე არაერთხელ მოუწოდა კანონპროექტის გაწვევისკენ. მისი თქმით, სწორედ თბილისში იწერება დღეს ევროპის ისტორია, ხალხი ქუჩაში რუსიფიკაციის საფრთხის წინააღმდეგ, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოდის და ისინი „ქართულ კოშმართან“ მარტო არ უნდა დატოვონ.
ვიზიტის ფარგლებში, მაიკლ როთი ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა, თუმცა შეხვედრაზე მთავრობამ უარი განაცხადა. მათ „ქართული ოცნების“ ოფისში მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა.
დელეგაციის წარმომადგენლებმა 14 მაისს გერმანიის საელჩოში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ვიზიტი შეაჯამეს. მაიკლ როთმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არიან ნიჭიერები, განათლებულები, ერთგულნი ევროპული ღირებულებებისადმი, დაკარგავენ ნდობას მათი ქვეყნის მიმართ, დატოვებენ ქვეყანას და დაიწყება ტვინების გადინება. „როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მოკავშირით? სცადეთ აბა ამის გაკეთება. ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის, ეს არის ჩემი გზავნილი“. მე ვარ მუშათა კლასის წარმომადგენელი, მე ვიცი, რა სურს ამ ხალხს, მათ სურთ პერსპექტივა ბავშვებისთვის, სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება, მშვიდობა, მაგრამ ამ გარემოებებით ძალიან ძნელია ქვეყნის დაცვა, იმიტომ რომ რუსული იმპერიის მადა, რომ თქვენც გადაგყლაპოთ უკრაინის შემდეგ, არის ძალიან მაღალი“,-აღნიშნა როთმა.
ამდენად, მტკიცება, რომ მაიკლ როთის განცხადებით, მართლმადიდებლობით საქართველოს ევროკავშირში არაფერი ესაქმება, მცდარია.
დეზინფორმაცია, რომ ევროკავშირი მართლმადიდებლურ რელიგიას ებრძვის ან რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მართლმადიდებლობა ხელს შეუშლის, აქამდეც გავრცელებულა. სინამდვილეში, ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია რელიგიისა და რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს. ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.