3 იანვარს ქართულ Facebook-სივრცეში გავრცელდა 21-პუნქტიანი ჩამონათვალი, რომლის წანამძღვარშიც ვკითხულობთ, რომ ეს იყო სია იმ ცვლილებებისა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გახდება აუცილებელი.
სიის პირველი პუნქტი საკმაოდ ზოგადია და მის სისწორეში სადავო არაფერია:
1. წევრობა მოითხოვს, რომ ქვეყანამ მიიღოს საერთო ევროპული კანონმდებლობა, მიაღწიოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, უმცირესობების პატივისცემისა და დაცვის გარანტიებს.
მეორიდან 21-ეს ჩათვლით კი ყველა პუნქტი ყალბია და რეალურად, საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების/ევროინტეგრაციისთვის (წინა) პირობა არც ერთი მათგანი არ იქნება. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე სახელმწიფოს, შესაბამისი კრიტერიუმების - ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება ევალება. ესენია:
- ინსტიტუტების სტაბილურობა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას,
- ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და უნარი, გაუმკლავდეს ევროკავშირში არსებულ კონკურენციისა და საბაზრო ძალების ზეწოლას,
- უნარი, იკისროს წევრობის ვალდებულებები, მათ შორის იმ წესების, სტანდარტებისა და პოლიტიკების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას შეადგენს, და [ევროპის] კავშირის პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული მიზნებისადმი ერთგულება.
გავრცელებული პოსტის პირველი პუნქტი პირველი კრიტერიუმის ერთგვარი პერიფრაზია და შესაბამისად, ის სადავო არაა. გავრცელებულ სიაში, ფაქტობრივად, არც ერთი ნაწილი ეკონომიკურ კრიტერიუმს არ ეხება. დარჩენილი 20 პუნქტი თეორიულად ევროკავშირის კანონმდებლობის გადმოტანის/დანერგვის და აღსრულების კრიტერიუმის ქვეშ მოიაზრება.
გაწევრიანების პროცესის მოლაპარაკებებისთვის ევროკავშირის კანონმდებლობა 35 თავად არის დაყოფილი და კანდიდატ ქვეყნებს გასაწევრიანებლად 35-ვე სფეროში ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება ევალებათ. თუმცა, რეალურად, გავრცელებულ პოსტში მოცემული პუნქტებიდან არც ერთი მათგანი ევროკავშირის კანონმდებლობაში არ გვხვდება და ისინი ქართული საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში ევროკავშირში გაწევრიანების დისკრედიტაციისთვის არის გამოგონილი.
სიის დარჩენილი 20 პუნქტი, რომელიც თითქოს საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უნდა დააკმაყოფილოს, თუმცა რეალურად, თითოეული მათგანი ყალბ ამბავს წარმოადგენს, შემდეგია:
2. „მიგრანტთა მიღება/გადანაწილება საქართველოს ტერიტორიაზე და მათთვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა“ - ევროკავშირში მიგრაციის საკითხზე ახალი პოლიტიკის შესახებ შეთანხმებას ქვეყნებმა 2023 წელს მიაღწიეს. ახალი პოლიტიკის თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეძლევათ არჩევანი, რომ გადანაწილების სქემის მიხედვით, ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის მიგრანტები მიიღონ ან თითოეულ მიგრანტზე, რომლის მიღებაზეც ქვეყანა უარს განაცხადებს ევროკავშირის ფონდში გარკვეული თანხა (20 ათასი ევრო) გადაიხადოს. გადანაწილების სქემით, საქართველოზე გადასანაწილებელი მიგრანტების რაოდენობა ევროკავშირში მიგრანტების სრული რაოდენობის გარკვეული პროცენტით დაითვლება, ქვეყნის ზომის მიხედვით. ეს რიცხვი საქართველოსთვის მისი ზომიდან გამომდინარე თეორიულად შედარებით მცირე იქნება. ევროკავშირის მიზანია, რომ ყოველ წელს 30 ათასი მიგრანტის გადანაწილება მოხდეს. ჰიპოთეზურად, აღნიშნული რაოდენობა, რომ მომავალში 30-ზე მეტ ევროკავშირის ქვეყანაზე პროპორციულად გადანაწილდეს, საქართველოსთვის დიდი რიცხვი არ გამოვა (თეორიულად, ათას კაცზე საკმაოდ ნაკლები). შედარებისთვის, 2022 წელს საქართველომ უცხო ქვეყნის, დაახლოებით, 125 ათასი მიგრანტი მიიღო. მეტიც, საქართველოს შეეძლება ალტერნატიული სოლიდარობის გზების გამოყენებით (უკვე დასახელებული ფინანსური კონტრიბუცია; ასევე მოიაზრება აღჭურვილობითა და პერსონალით დახმარებაც) რელოკაციის სქემით მიგრანტების მიღება თავიდან აიცილოს.
3. „საეკლესიო კალენდრის შეცვლა. შობის დღესასწაულის გადატანა 25 დეკემბერს და შესაბამისი ცვლილებები საეკლესიო კალენდარში“ - ევროკავშირის კანონმდებლობა მსგავს რელიგიურ საკითხებს არ არეგულირებს და დასახელებული პუნქტი ევროკავშირის კანონმდებლობაში არ გვხვდება. შესაბამისად, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილების მიღება საქართველოს არ დაევალება.
4. „ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციის დაკანონება“ - მტკიცება, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას სთხოვს და ეს ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა, პროპაგანდის მიერ ხშირად გამოყენებადი ყალბი მტკიცებაა, რომელიც „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (იხილეთ სტატია 1, სტატია 2, სტატია 3). ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებას არ ავალდებულებს. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებით, წევრმა ქვეყნებმა უნდა დაიცვან ერთნაირსქესიანი წყვილების თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლებები. ამასთან, 2013 წლის ევროპარლამენტის ანგარიში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ „მოუწოდებს“ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, აღიარონ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან სამოქალაქო გაერთიანებები, როგორც „პოლიტიკური, სოციალური და ადამიანის და სამოქალაქო უფლებების საკითხი“. თუმცა, ევროკავშირს არ აქვს უფლება მსგავსი პოლიტიკის ცვლილება მის წევრ სახელმწიფოებს დაავალდებულოს. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში (მაგალითად, ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, სლოვაკეთი) ერთნაირსქესიანთა ქორწინება ამჟამად დაშვებული არაა, შესაბამისად, მოცემული მდგომარეობით, ეს არც საქართველოსთვის იქნება გაწევრიანების წინაპირობა. აღნიშნული ვალდებულება არც ევროკავშირის კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
5. „ერთსქესიანთა ჯვრისწერის დაკანონება ეკლესიებში“ - როგორც წინა პუნქტში აღინიშნა, ევროკავშირი ქვეყნებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ავალდებულებს. ასევე, ევროკავშირის კანონმდებლობა მსგავს რელიგიურ საკითხებს არ არეგულირებს. ბუნებრივია, ევროკავშირის კანონმდებლობა არც ერთნაირსქესიანთა ჯვრისწერის დაკანონებას მოითხოვს.
6. „ქალები შესაძლებლობას მიიღებენ გახდნენ მღვდლები და ეპისკოპოსები“ - ევროკავშირის კანონმდებლობა მსგავს რელიგიურ საკითხებს არ არეგულირებს და დასახელებული პუნქტი ევროკავშირის კანონმდებლობაში არ გვხვდება. შესაბამისად, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილების მიღება საქართველოს არ დაევალება.
7. „ლიტურგიის ჩატარება შესაძლებელი გახდება ხელოვნური ინტელექტის მიერ, ეკლესიებში დამონტაჟებული მონიტორების მეშვეობით“ - ევროკავშირის კანონმდებლობა მსგავს რელიგიურ საკითხებს არ არეგულირებს და დასახელებული პუნქტი ევროკავშირის კანონმდებლობაში არ გვხვდება. შესაბამისად, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილების მიღება საქართველოს არ დაევალება. ამასთან, გავრცელებულ პოსტშიც არაა საუბარი ხელოვნური ინტელექტის მიერ ლიტურგიის ჩატარების სავალდებულოობაზე და თუ რომელიმე კონფესია ამას თავად გადაწყვეტს, ეს მისი პრეროგატივა იქნება, რადგან აღნიშნულს არც უმეტესი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა და არც ევროკავშირის კანონმდებლობა არ არეგულირებს.
8. „დაკანონდება ლგბტ+ მსვლელობები საჯარო ტერიტორიებზე (ქუჩა, სკვერი ა.შ.). წინააღმდეგობის გაწევა დაისჯება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსით“ – ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები ადამიანის უფლებების დაცვასა და უმცირესობების დაცვას ნამდვილად მოიაზრებს. თუმცა გავრცელებული პოსტის აღნიშნული მე-8 პუნქტი ბუნდოვანია, რადგან რეალურად, საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ლგბტ+ მსვლელობები საჯარო ტერიტორიებზე აკრძალული არაა და ლგბტ+ ჯგუფებს მსგავსი მსვლელობების ჩატარების უფლება ისედაც აქვთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. მათი შეკრებისა და გამოხატვის უფლების რეალიზაციის გაპროტესტება დასჯადი არაა ასევე გამოხატვის და შეკრების თავისუფლების კონტექსტში და ამის დასჯადობას არც ევროკავშირის კანონმდებლობა მოითხოვს. თუმცა მსვლელობის ჩატარების ხელის შეშლა უკვე სხვა ჯგუფის უფლების რეალიზაციაში ჩარევაა. გამოხატვის და შეკრების თავისუფლებაში ხელისშეშლა და საჯარო მსვლელობების ფიზიკური/არაკანონიერი გზებით წინააღმდეგობის გაწევა საქართველოში არსებული კანონმდებლობით უკვე ისჯება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსით. შესაბამისად, გავრცელებულ პოსტში მოცემული აღნიშნული პუნქტი საქართველოსთვის არსებითად ახალი საკანონმდებლო ცვლილების ვალდებულებას არ წარმოშობს.
9. „სკოლებში სავალდებულო გახდება ინკლუზიური სწავლება. ლგბტ+ გაკვეთილის დამატება სკოლის 1 კლასიდან და აგრეთვე საბავშვო ბაღებში“ - აღნიშნული პუნქტი ასევე ბუნდოვანია. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განმარტებით, „ინკლუზიური განათლება – გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას“. ინკლუზიური სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სავალდებულო კანონმდებლობა არ არსებობს. თუმცა ევროკავშირი ინკლუზიური განათლების დანერგვას ხელს უწყობს დირექტივებით, რეკომენდაციებით, პოლიტიკებითა და დაფინანსებით, თუმცა ინკლუზიური განათლების დანერგვის საკითხებს, საბოლოო ჯამში, წევრი სახელმწიფოები წყვეტენ.
შესაბამისად, სავარაუდოდ, მე-9 პუნქტში ლგბტ+ ინკლუზიური განათლება მოიაზრება, რომელიც, მათ შორის უნდა მოიცავდეს, ლგბტ+ გაკვეთილის სწავლებას საბავშვო ბაღებში და სკოლებში პირველი კლასიდან. ევროკავშირის კანონმდებლობაში მსგავსი ტიპის სავალდებულო ხასიათის კანონი, რომელიც ლგბტ+ ინკლუზიურ სწავლებას ავალდებულებს და სკოლებისა და საბავშვო ბაღების სასწავლო სილაბუსებში ლგბტ+ საგნის დამატებას მოითხოვს, არ არსებობს. ზოგადად, ევროკავშირი მსგავს საკითხებში წევრ ქვეყნებს სასწავლო მასალების შეცვლასა და ლგბტ+ საკითხების სწავლებას არ ავალდებულებს - ეს ქვეყნების განათლების სამინისტროების ან უშუალოდ კონკრეტული სკოლების დისკრეციაა.
10. „ოფიციალურად დაიბეჭდება ინკლუზიური ლიტერატურა ბავშვებისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის“ - მე-10 პუნქტი მე-9-ს გაგრძელებაა და ამ შემთხვევაშიც მსგავსი სავალდებულო ხასიათის ჩანაწერი, რომლის გადმოტანაც საქართველოს დაევალებოდა, ევროკავშირის კანონმდებლობაში არ არსებობს. ზოგადად, ბავშვებისთვის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა ხდება როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში. მე-10 პუნქტში, მე-9-სგან განსხვავებით, არაა დაკონკრეტებული, რომ საუბარი ლგბტ+ ინკლუზიურ სწავლებას ეხება. ინკლუზიური ლიტერატურა საქართველოში დღესაც იბეჭდება. ხოლო ევროკავშირის კანონმდებლობა, ამ მხრივ, რაიმე დამატებით სავალდებულო ნორმას არ მოიცავს.
11.„შეიქმნება ახალი პროფესიები და სამუშაო ადგილები: დაწესდება ინკლუზიური სწავლების კურსის შემდგენლის, ფსიქოლოგის და მხატვარ-დეკორატორის ვაკანსიები“ - მე-11 პუნქტიც წინა ორის გაგრძელებაა და როგორც უკვე წინა პუნქტების განმარტებაშია აღნიშნული, მსგავს საკითხებზე ევროკავშირის კანონმდებლობაში სავალდებულო ხასიათის ჩანაწერები არ არსებობს. მეტიც, აღნიშნული პუნქტი კონკრეტული სამუშაო ადგილების შექმნას და ვაკანსიების გამოცხადებას ეხება, რაც ევროკავშირის რეგულირების ქვეშ არ ხვდება.
12.„მოსწავლეების მიერ ლგბტ+ საგნის გაცდენა დაისჯება ადმინისტრაციული წესით. განმეორების შემთხვევაში მშობლებს შესაძლოა ჩამოერთვათ უფლება და ბავშვი (ბავშვები) ჩამოართვას მზრუნველობის სამსახურებმა“ - აღნიშნული პუნქტიც სრულებით ყალბია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. როგორც წინა პუნქტების განხილვაში იყო აღნიშნული, ლგბტ+ საგნების სწავლება საერთოდ არ ატარებს სავალდებულო ხასიათს ევროკავშირში და ევროკავშირის კანონმდებლობით არ რეგულირდება. შესაბამისად, ევროკავშირის კანონმდებლობაში არ არსებობს ლგბტ+ „საგნის“ გაცდენისთვის მოსწავლეების დასჯის და მათი მშობლებისთვის ჩამორთმევის რეგულაციები. ზოგადად, ევროპულ სახელმწიფოებში მოსწავლეების მიერ საგნების გაცდენა ადმინისტრაციული კანონმდებლობით დასჯადი არაა და ეს ვერც მშობლებისთვის შვილის ჩამორთმევის საბაბი გახდება (ზოგადად, მშობლებისთვის შვილზე მეურვეობის ჩამორთმევა უკიდურეს შემთხვევებში ხდება, რისთვისაც სერიოზული მიზეზები/საფუძვლებია საჭირო, ხოლო რომელიმე კონკრეტული საგნის ორჯერ გაცდენა მსგავს მიზეზად ვერ კლასიფიცირდება).
13.„აიკრძალება რელიგიური ნიშნების/სიმბოლიკის ტარება სასწავლო დაწესებულებებში, სპორტულ ღონისძიებებზე და ა.შ.“ - აღნიშნული აკრძალვა ევროკავშირის კანონმდებლობაში არ გვხვდება და შესაბამისად, ეს პუნქტიც გამოგონილია. პირიქით, ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია რელიგიისა და რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს. ევროკავშირი არათუ რელიგიური სიმბოლიკის ტარების აკრძალვას მოითხოვს, არამედ ის ზოგიერთ ქვეყანას დაწესებული შეზღუდვების გამო აკრიტიკებს (ძირითადად, ეს ეხება ხოლმე ისლამური თავსაბურავების ტარების აკრძალვებს). ანუ სიტუაცია მე-13 პუნქტის მტკიცების საწინააღმდეგოდაა: ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს (მაგალითად, საფრანგეთს, ავსტრიას, ბელგიას) გარკვეული რელიგიური სიმბოლიკის (ძირითადად, ისლამურის) ზოგიერთ სივრცეში, მათ შორის, სკოლებში, შეზღუდვა სურს, მაგრამ ეს ევროკავშირისთვის პრობლემურია. მსგავსი საკითხი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში იყო გასაჩივრებული, რომელმაც 2023 წლის ნოემბერში გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც წევრ ქვეყნებს საჯარო სამუშაო სივრცეებში (ე.ი. საჯარო მოხელეებისთვის) რელიგიური სიმბოლიკის ტარების აკრძალვის უფლება აქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი აკრძალვების დაწესება სავალდებულოა, არამედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მსგავსი აკრძალვის დაწესების უფლება მათი სურვილისამებრ ექნებათ. მოცემული ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, არათუ „აიკრძალება რელიგიური ნიშნების/სიმბოლიკის ტარება სასწავლო დაწესებულებებში, სპორტულ ღონისძიებებზე და ა.შ.“, არამედ რელიგიისა და რელიგიის გამოხატვის თავისუფლება მეტად იქნება დაცული.
14.„სკოლებში/ინსტიტუტებში/დაწესებულებებში სავალდებულო გახდება უნისექსუალური (გენდერულად ნეიტრალური) ტუალეტები“ - აღნიშნული საკითხის შესახებ ასევე არ გვხვდება რაიმე სავალდებულო რეგულაცია ევროკავშირის კანონმდებლობაში და ის წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში რჩება.
15.„სასტუმროებში და რეკრეაციულ დაწესებულებებში სავალდებულო გახდება უნისექსუალური (გენდერულად ნეიტრალური) აბანოები“ - ისევე როგორც მე-14 პუნქტთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხის შესახებ ასევე არ გვხვდება რაიმე სავალდებულო რეგულაცია ევროკავშირის კანონმდებლობაში და ის წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში რჩება.
16.„მოზარდებს უფლება ექნებათ აირჩიონ საკუთარი გენდერი და ჩაიტარონ სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია მშობლების თანხმობის გარეშე. მშობლებს წინააღმდეგობის შემთხვევაში, ჩამოერთმევათ მშობლის უფლებები“ - აღნიშნული საკითხის შესახებ ასევე არ გვხვდება რაიმე სავალდებულო რეგულაცია ევროკავშირის კანონმდებლობაში და ის წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში რჩება (ევროკავშირის მრავალ წევრ სახელმწიფოს ამგვარი პრაქტიკა არ აქვს დაკანონებული).
17.„გენდერის შეცვლის ოპერაციის ფინანსირებისთვის, არასრულწლოვანებს შეეძლებათ მშობლებისგან დამოუკიდებლად მიმართონ ფონდებს/დონორ ორგანიზაციებს“ - მე-17 პუნქტი სრულად არის დაკავშირებული მე-16 პუნქტთან და ბუნებრივია, მოცემულ შემთხვევაშიც არ გვხვდება რაიმე სავალდებულო რეგულაცია ევროკავშირის კანონმდებლობაში და ის წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში რჩება.
18.„ბაღებში, სკოლებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწესდება ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგის თანამდებობა, რომელსაც შეეძლება გასცეს რეკომენდაციები სქესის შეცვლაზე, ბავშვის მშობლებისგან დამოუკიდებლად“ - როგორც წინა პუნქტების კონტექსტში უკვე განხილულია, არც სკოლებში ინკლუზიური ან სხვა ტიპის სწავლება და არც მშობლებისგან დამოუკიდებლად ბავშვის მიერ სქესის შეცვლის შესაძლებლობა ევროკავშირის კანონმდებლობით არ რეგულირდება და წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში რჩება.
19.„ორგანიზაციები წახალისდებიან, თუ მათი თანამშრომლები მიიღებენ სისტემატურ მონაწილეობას ლგბტ+ აქციებში, მსვლელობებში და ა.შ.“ - აღნიშნული საკითხის შესახებ ასევე არ გვხვდება რაიმე სავალდებულო რეგულაცია ევროკავშირის კანონმდებლობაში და ის წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში რჩება (ევროკავშირის მრავალ წევრ სახელმწიფოს ამგვარი პრაქტიკა არ აქვს, თუმცა ქვეყნების პრაქტიკები განსხვავდება).
20.„იურიდიულად დაიშვება ეკლესიების შესყიდვა/გადაცემა/გადაკეთება კაფე-რესტორნებად, ან სხვა გასართობი დანიშნულების ობიექტებად“ - აღნიშნულ საკითხის პირდაპირ მარეგულირებელი რეგულაცია ევროკავშირის კანონმდებლობაში არ გვხვდება. ევროკავშირი კულტურული მემკვიდრეობის რელიგიური დაწესებულებების დაცვას სხვადასხვა ფორმით ცდილობს, თუმცა ზოგადად აღნიშნული საკითხი წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაა - ასე რომ საქართველოსთვის რაიმე დამატებითი ვალდებულება ევროკავშირის კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ წარმოიშვება. მეტიც, დღეს საქართველოში თეორიულად დასაშვებია, რომ რომელიმე კონფესიამ მის მფლობელობაში არსებული რელიგიური დაწესებულება (ეკლესია), რომ გაყიდოს და ახალ მფლობელს ტერიტორიის/შენობის ალტერნატიული მიზნით გამოყენება შეეძლება.
21.„სიძულვილის შემცველი დანაშაულების დაკანონება - აიკრძალება ბიბლიის იმ თავების საჯარო კითხვა (ეკლესიებში, საჯარო სივრცეში), სადაც ერთსქესიანთა საწინააღმდეგო ან ქრისტიანული ზნეობის შემცველი ქადაგებებია“ - როგორც წინა პუნქტების განხილვებში იყო აღნიშნული, ევროკავშირის კანონმდებლობა მსგავს რელიგიურ საკითხებს არ არეგულირებს, ხოლო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რელიგიისა და რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას იცავს. ევროკავშირის კანონმდებლობა ბიბლიის თავების საჯარო კითხვას, განსაკუთრებით ეკლესიებში, არ კრძალავს - შესაბამისად, მსგავსი ვალდებულება არც საქართველოს წინაშე წარმოიშობა.
განხილულიდან გამომდინარე, Facebook-ში გავრცელებული 21-პუნქტიანი ჩამონათვალი, რომელიც თითქოს იმ ცვლილებების სიას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გახდება აუცილებელი, ყალბია. თითოეული პუნქტის განხილვის შედეგად, გამოიკვეთა, რომ რეალობას მხოლოდ პირველი პუნქტი შეესაბამება საერთო ევროპული კანონმდებლობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, უმცირესობების პატივისცემისა და დაცვის გარანტიების დანერგვის შესახებ. ხოლო მე-2 პუნქტიდან 21-ე პუნქტის ჩათვლით, თითოეული პუნქტი გამოგონილი, ყალბი და მანიპულაციურია. ისინი რეალობას არ შეესაბამება და საზოგადოებისთვის სენსიტიურ თემებს განზრახ ეხება, რათა მკითხველის თვალში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დისკრედიტაცია მოახდინოს.
----------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.