სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ტერენტი გლდანელი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს. მოჭრილ ვიდეოში მომიტინგე ამბობს, რომ მას არ უნდა ევროპა. სინამდვილეში, სრული ციტატიდან ცხადი ხდება, რომ აქციის მონაწილის აღნიშნული ფრაზა მხოლოდ წამოცდენა იყო.

აქციის მონაწილის გავრცელებული ვიდეო მის მიერ ტელეკომპანია „ფორმულისთვის“ მიცემული ინტერვიუს ამონარიდია. მან 2024 წლის 14 მაისს „ფორმულას დღის“ პირდაპირ ეთერში (დროის ზუსტი მონაკვეთი 17:31:21) ჟურნალისტს განუცხადა, რომ აქციის მონაწილეები არ აპირებდნენ დაშლას. „არანაირი ფიზიკური ზეწოლა, არანაირი კამათი, არანაირი შეხლა-შემოხლა. როგორც ხედავთ, ჯაჭვით მივდივართ, უკან ვიხევთ, როგორც გვეუბნებიან ისე ვაკეთებთ, მაგრამ ამ მთავრობას მაინც ვერ გვაგებინეთ ის, რომ ჩვენ ევროპა არ გვინდა, არ გვინდა რომ რუსეთის ნაწილები ვიყოთ, არ გვინდა რომ... ჩვენ მხოლოდ ევროპა გვინდა“, - განაცხადა მან. მისი სრული ციტატიდან ცხადი ხდება, რომ აქციის მონაწილის გავრცელებული ფრაზა წამოცდენა იყო და რომ იგი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მომხრეა.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ ვიდეო მანიპულაციურადაა მოჭრილი. მსგავსი შინაარსის პოსტები ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.